ვალის გადახდისთვის ქებას არ ელიან, მით უმეტეს მაშინ, როცა მისი ოდენობა განუზომელია
ვალის გადახდისთვის ქებას არ ელიან, მით უმეტეს მაშინ, როცა მისი ოდენობა განუზომელია
ჩვენ ყველანი მოვალენი ვართ ქრისტეს წმინდა სისხლისა და ხორცის, ჯვარცმის, ტანჯვისა და სიკვდილის წინაშე
ძვირფასეულობის მფლობელი მდიდარია, მაგრამ ბედნიერი და კურთხეულია ის, ვინც ამ სიმდიდრეში მისი ჭეშმარიტი მფლობელი, მომცემი - უფალი ამოიცნო. შემოქმედს ღარიბად არავინ გაუჩენია, რადგან თითოეული ჩვენგანი საოცარი, აღმატებული მადლის მატარებელია, რაც ღვთის ხატებაში, უკვდავებაში, თავისუფლებაში ვლინდება, მადლის გამრავლება, მისი შენარჩუნება კი ყოველივე ამის მართებულ ფლობაშია, ღვთივსათნო არჩევანსა და ცხოვრების კეთილ წესშია დაფარული.

ჩვენ ყველანი მდიდარნი ვართ ქრისტეში და ქრისტეთი, რადგან ყოველი სიკეთე მას ეკუთვნის და მისგან მოდის, ამიტომ უფალს უნდა ვთხოვოთ, მოგვცეს ძალა, შემწეობა, სიმტკიცე, მხნეობა, რომ ვიცოცხლოთ სიცოცხლისთვის, უკვდავებისთვის, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ ღმერთისთვის, მასთან სიახლოვის და ერთიანობისთვის გვინდოდეს. ვეცადოთ, ყველგან და ყოველთვის თვალწინ გვედგას მისი წმინდა სახელი. უანგაროდ ვეძიოთ ქრისტე და არა ანგარებით, გამორჩენით ვცდილობდეთ მასთან ერთობას. ჩვენი მიზანია ქრისტე და არა ჩვენი მიზნისთვისაა ქრისტე. პირველი - სიყვარულია, სიწრფელე და სიწმინდეა, მეორე კი ანგარებაზე დაფუძნებული ცრუ ქრისტიანობაა, ფარისევლობასა და ვაჭრობაზე დაშენებული ურწმუნოებაა, რაც უფლის სახელს ამოფარებული წინააღმდეგობაა ღვთისა.

როდესაც სულში ამპარტავნების, ანგარების ვნება იზრდება, უფლის ადგილი მასში აღარ რჩება. მადლის ნაკლებობა სულიერი ვაჭრობის დასაწყისია ადამიანში. როცა ანგარების ვნებით დაბნელებული სული, რომელსაც ცოდვის გარდა სხვა არაფერი გააჩნია საკუთარი და ბოროტების მეტს ვერაფერს წარადგენს უფლის სიწმინდის წინაშე, ყოველ წუთს მასთან მომგებიან გარიგებაზე ფიქრობს, მასში ნელ-ნელა უფერულდება უფლის წმინდა სახელი და ყოველივე ჭეშმარიტი და მართებული, რაც მისგან გამომდინარეობს. ეს სულიერი სიბნელის, ქურდობის, ყვედრების დასაწყისია - აყვედრი სხვას იმას, რაც შენი არ არის, რადგან საკუთარი მე იკავებს უფლის ადგილს და ამ მეს ემსახურება თითოეული კეთილი ქმედება, რომელიც ანგარებით ითხოვს მადლობას გაწეული "ქველმოქმედებისთვის".

ღვთის უმადურს მასავით უმადური და უგუნური ცდის ამ ცხოვრებაში, რადგან დაუფასებელი და დაუნახავია მისი სიკეთე მასავით ბრმათათვის, როგორც თავად არის ბრმა უფლისმიერი წყალობისადმი. მე სიკეთეს იმისთვის ვაკეთებ, რომ ჩემზე კარგი თქვან, ან თუნდაც გულში გაიფიქრონ; ყოველივე ამას ჩემს თავს ვუკეთებ, რომ გავიხარო და არა ღმერთს, რომ ხარობდეს ჩემით. ესაა უნიღბო, ნამდვილი ზრახვა და ფიქრი ფარისევლობით, ანგარებით ავსებული სულისა. უფლით გამდიდრებული გული კი მხოლოდ ღვთისთვის სათნოყოფასა და მადლმოსილ ცხოვრებას ეძებს თავისი ყოფიერებით. მისი სიხარულის ერთადერთი მიზეზი უფალთან ერთობაა, მისგან გამომდინარე მადლსა და სათნოებებთან მეგობრობაა. გამუდმებით პატივს მიაგებს პიროვნულ ღმერთს თავისი პიროვნული ურთიერთობით, აყვედრის მხოლოდ საკუთარ თავს და მადლობას სწირავს უფალს სულგრძელობისა და მოწყალებისთვის; როგორც მოვალე, ისე აღასრულებს სათნოებებს და არავისგან ელის საფასურს, ჯილდოს, რადგან ვალის გადახდისთვის ქებას არ ელიან, მით უმეტეს მაშინ, როცა მისი ოდენობა განუზომელია, გადახდილი კი - ძალზე მცირე.

ჩვენ ყველანი მოვალენი ვართ ქრისტეს წმინდა სისხლისა და ხორცის, ჯვარცმის, ტანჯვისა და სიკვდილის წინაშე. მიუწვდომელმა სიყვარულმა ყოველივე ეს უანგაროდ, უყვედრელად მიანიჭა კაცობრიობას. მთელი ჩვენი ცხოვრება მხოლოდ აღვლენილი სამადლობელი უნდა იყოს, უფალს უნდა ვმადლობდეთ მთელი ჩვენი სიცოცხლისთვის, რადგან ვინც გააზრებულ მადლობას სწირავს შემოქმედს და ამავე დროს ცდილობს, საქმით დაამოწმოს სიტყვები, მან შეიგრძნო და გაითავისა უფლის სიყვარული, გვერდი აუარა ანგარებაზე დაფუძნებულ ცრუ სიყვარულს, რაც ანგარიშისა და ყვედრების მსხვერპლია, ვნებიანი ქებისა და მადლობის მოლოდინია, რადგან მხოლოდ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს ეკუთვნის ჩვენი ცხოვრება, დიდება და თაყვანისცემა, მადლიერება და თავგანწირვა - მამას, ძეს და სულიწმინდას, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1