ნუ დაველოდებით და მოვითხოვთ ნაყოფს თესვის ადგილას
ნუ დაველოდებით და მოვითხოვთ ნაყოფს თესვის ადგილას
საკუთარ თავზე მინდობით კვლავ პირველქმნილი ადამის გზას ვადგავართ
კაცის ცხოვრება საფლავის ქვას არ უნდა დაემსგავსოს, რათა უძრავი და უმოქმედო არ გახდეს სიცოცხლისთვის. ცხოვრება სიცოცხლეა, მაგრამ იცოცხლო მისთვის - ეს უკვე არჩევანია, მოქმედებაა, მიმართულებაა.

უფალში, მადლში დამკვიდრება მრავალთათვის ტკბილი და სასურველია, მაგრამ ძალზე მტკივნეული და განსაცდელებით აღსავსეა გზა, რომელიც მისკენ მიემართება. გერქვას ცოცხალი - არაფერია, თუ შენს სიცოცხლეს ღვთისა და ჭეშმარიტებისკენ არ მიმართავ, მას არ მიუძღვნი.

სული დღითიდღე იცვლება უფლის შემეცნების კვალდაკვალ, მის წმინდა სავალს მიყოლებული, რადგან რწმენა ის ძალაა, რომელიც სულიერი თვალის ახელისა და საკუთარი თავის შეცნობისკენ გვიკაფავს გზას: სიბნელიდან - სინათლეში, სიბრმავიდან - მხედველობაში. ამპარტავნებით, ანგარებითა და ათასგვარი ვნებით აღსავსე, მოჩვენებითი ცხოვრება ღვთის მადლით იწყებს დაბრმავებას ამაო ხედვისთვის, წარმოსახვისთვის და კეთილ სიბრმავეში, ღვთივსათნო უძლურებაში იწყებს შეღწევას. ეს უდიდესი ნაბიჯია სულიერების გზაზე, რადგან საკუთარი უმწეობისა და უძლურების განცდითაა ნასაზრდოები, რაც ღმერთთან სიახლოვისა და ერთგულებისკენ უბიძგებს მადლს მოწყურებულ სულს. ბრმა წინამძღოლს ეძებს, სულიერი სიბრმავის გამცნობიერებელი კი - უფალს. დაბრმავდე ბრმა ხედვისთვის - საწინდარია ნათლის ძიებისა, მისით გაბრწყინებისა. მოჩვენებით სიძლიერეს ნამდვილი უძლურება სჯობს, რადგან დაცემულს ხელს უწვდიან და ისიც იწვდის, რათა წამოდგეს.

რა არის ასეთი სიბრმავის სიკეთე? ან როგორ შეიძლება, ბრმად მხედველი კარგად გრძნობდეს თავს? პასუხი და გამოსავალი თავად კითხვაშია: რადგან ბრმა თავს კარგად არასდროს გრძნობს, იგი გამუდმებით სინათლეს ეძებს, ნათელს შეხარის. სულისთვის, რომელმაც გააცნობიერა თავისი სიბრმავე, ეს ტკივილში, უძლურებაში, მწუხარებაში განჭვრეტილი, შეგრძნებული ბედნიერებაა, მისი ძიების დასაწყისია. საკუთარი თავის შეცნობა ფესვია ყოველი კეთილი ნაყოფისა, იგია არსი ჩვენი ცხოვრებისა. ამგვარი სული ყველაზე ახლოა უფალთან. ამპარტავნებითა და სიჯიუტის თვალით მხედველი სული კი თავის თავსაა მინდობილი და თავად მიიკვლევს გზას, განსხვავებით სათნო, ღმერთს მინდობილი სულისგან, რომელმაც იცის ამა სოფლის სირთულენი, მისი ბნელით მოცული ბილიკები და კეთილ მეგზურს - უფალს ეძებს, რომ მას მიენდოს და მიჰყვეს.

ნუ მოვარიდებთ თვალს ჩვენი სისუსტის ხედვას, მის გაცნობიერებას. ამპარტავნება იბრძვის, ბობოქრობს ჩვენში, ყოველწუთას ჩაგვძახის: "შენ იცი, შენ ხედავ, შენ შენითაც შეგიძლია", რომ თვალი არ გავუსწოროთ რეალობას, იმას, რაც ნამდვილი და ჭეშმარიტია ჩვენში - უფალთან ერთობის აუცილებლობა, მისი შეწევნა და მფარველობა. ხშირად მხოლოდ სიტყვით ვამბობთ, რომ უფალი ყველაფერია ჩვენთვის, რომ მის გარეშე არარანი ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრებით სრულიად ვეწინააღმდეგებით და ვებრძვით მას, რადგან ერთია თქვა - ღმერთთან ერთობა მსურსო, მაგრამ მეორეა - შეიგრძნო და გააცნობიერო, რომ უმისოდ არაფერი ხარ. ეს უკანასკნელი ღვთივსათნო ქმედებაშია ამოკითხული და შესისხლხორცებული, რაც მხოლოდ და მხოლოდ უფლის მადლითა და ღვთივსათნო ცხოვრებით მიიღწევა. ეს ჯვარცმაში დაფარული ერთ-ერთი საიდუმლოა, მასში გაცხადებული ჭეშმარიტებაა, ჯვრის საყრდენი ვერტიკალური ბოძი ხომ ღვთის სიყვარულია, მასზე გადაჯაჭვული და შემტკიცებული ჰორიზონტალური ბოძი კი ჩვენ ვართ, კაცობრიობა, ღმერთზე მიწებებულნი, უმისოდ ვერაფრის შემძლებნი.

რა არის ადამი ქრისტეს გარეშე, თუ არა დაცემა და სიკვდილი? ქრისტე კი ღმერთი და ადამია ერთად, არა მხოლოდ ადამი, არამედ ღმერთი და ადამი ქრისტეში. ვინც მხოლოდ ადამად ყოფნას ირჩევს, თავს სიკვდილისა და განადგურებისთვის წირავს, ხოლო ვისაც სურს, იღვწის, მისი ცხოვრება ღმერთში იყოს, ის ქრისტეს ეძებს, ჯვარცმას ადიდებს და სიცოცხლეს ეზიარება. ძალზე ხშირად საკუთარ თავზე მინდობით კვლავ პირველქმნილი ადამის გზას ვადგავართ, რითაც ადვილად ხელმისაწვდომი ვხდებით ბოროტებისთვის, საცთურისა და მოუშუშებელი ტკივილისთვის. მხოლოდ ქრისტეშია შესაძლებელი ხსნა, სიცოცხლე და თავისუფლება, მაგრამ ისევ და ისევ უძლურებაში დანახული სიძლიერის განცდით, მისი წმენით გათავისებით, ცხოვრებაში აღსრულებული სათნოებებით.

ვთესოთ სულში ღმერთი და ნაყოფი შემოქმედში გავიმრავლოთ. ვთესოთ აქ, მიწაზე, მაგრამ ნუ დაველოდებით და მოვითხოვთ ნაყოფს თესვის ადგილას - ეს ანგარებაა, უმადურება და ასეთი კაცი სასყიდლით დადგინებული უნდო მუშაკის მსგავსია. ურწმუნო იმკის იქ, სადაც უნდა თესავდეს და ელის იქ, სადაც არ დაუთესავს. ქრისტეს ერთგული სული კი მხოლოდ მასთან ერთობას ეძებს და არ ევაჭრება უფალს, როგორც სახარებისეული ფარისეველი, მეზვერესთან ერთად ტაძარში მდგომი, რადგან წმინდა სამების მადიდებელი, მისი პატივისმცემელი ადამიანის მთელი სიცოცხლე ხორცშესხმა და საქმით გათავისებაა მონანული მეზვერის მიერ წარმოთქმული სიტყვებისა: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას!", რადგან ერთია ის, რომელშიც არის ყოველი ლხენა, სიტკბო და ბედნიერება - მამა, ძე და სულიწმინდა, რომლის დიდებას არა აქვს დასასრული აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1