სიმართლე რჯულისა
სიმართლე რჯულისა
ვინც ღმერთზე ფიქრობს გონებით და საქმით აღასრულებს მის რჯულს - მას უყვარს უფალი
რჯულით, მცნებებით, ღვთის მარადიული სიტყვის ძალით ჩვენ ვსწავლობთ, შევიმეცნებთ უფლის მაცხოვნებელი, მადლმოსილი ნების სამართლიანობასა და სიწმინდეს , სიმტკიცისა და შემართების ნიადაგს ვიმზადებთ მასზე მყარად დგომისა და დაფუძნებისთვის, უფალზე მინდობისა და ერთგულებისთვის. მაგრამ შეიგრძნო და განიცადო ღმერთი საკუთარ თავში შესაძლებელია მხოლოდ ღვთივსათნო ცხოვრებით, მცნებებში დამკვიდრებითა და საქმეში გამოცდილი რწმენით. როგორც თეორიული ცოდნა, რაც უნდა მყარი და სიღრმისეული იყოს, პრაქტიკის გარეშე დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცემა, ასევე ღვთის შესახებ მხოლოდ გონებაში არსებული სწავლება ისე დატოვებს მის წიაღს, რომ მის ნაკვალევს ამქვეყნიური საზრუნავი და ბილწი გულისთქმები წაშლის. ღვთის მიერ ჩვენში შემოსული მაცოცხლებელი სწავლების მადლის ნაკვალევს მაშინვე უნდა მივყვეთ რწმენისეული ნაბიჯებით, ჩვენი ცხოვრების წესით.

გონება, რომელიც სწავლობს, ფიქრობს, საკუთარ თავზე ძალდატანებით ნელ-ნელა იკაფავს უფლისკენ სავალ ჭეშმარიტ გზას, იძენს სწორ ხედვას ღვთის შესახებ, მაგრამ ისწავლო ღმერთის შესახებ არ ნიშნავს - იცნობდე მას, გქონდეს ცოცხალი ცოდნა. ეს უკანასკნელი მხოლოდ საქმით დაგროვებულ საუნჯეშია დაფარული. ხედავდე ჯვარცმას - არ ნიშნავს, იყო ჯვარცმული, რადგან ჯვარცმა ტანჯვაა, ტკივილებია, სიკვდილი და დაფლვაა, მისი ცქერა კი მხოლოდ განცდა, გონებაში გატარებაა ამ მძიმე ხვედრისა. მაცხოვარი სახარებაში ფარისევლების შესახებ ამბობს: მათ სიტყვებს, სწავლებას მოუსმინეთ, მაგრამ საქმეებით ნუ მიემსგავსებით, რადგან მათ გაუგიათ რჯულის შესახებ, მაგრამ არ არიან დამკვიდრებული მასში, რადგან არ იციან უმთავრესი, რაზეც დაფუძნებული და დაშენებულია საღვთო სწავლება - სიყვარული და სამართალი. ამიტომაც საღვთო რჯულის არმცოდნე, მისი დამრღვევი, მაგრამ მონანული მეძავი თავისი სიმართლით მეტია ერთად აღებულ მწიგნობრებსა და ფარისევლებზე; თავისი თავის სწორად მხედველი დამდაბლებული მეზვერე გაცილებით საყვარელია უფლისთვის, ვიდრე რჯულის აღმსარებელი, ცრუ, კადნიერი ფარისეველი, რომელიც ვაჭრობს ღვთის წინაშე განმართლებისთვის და თანაც - ღვთის შვილისა და მოყვასის დამცირების ხარჯზე.

ფარისევლობა რჯულის "ზედმიწევნითი" აღსრულებაა ღმერთის გარეშე. ფარისევლობა სიცრუეა სულისა, რამეთუ სწავლობს ღმერთზე, მაგრამ არა ღმერთისთვის. ფარისევლობა მწვერვალია ამპარტავნებისა, რადგან ფარისეველს არ სჭირდება ღმერთი, იგი თავად არის "ღმერთი" საკუთარი სჯულისა, რომელიც ჭეშმარიტებას მარად ჯვარს აცვამს, როგორც მამხილებელს მისი სნეულებისა. ფარისეველი ღმერთს არ ეძებს მცნებებში და მცნებებით, არამედ მცნებებს ეძიებს საკუთარი თავისთვის. ფარისევლობა ჭეშმარიტ რჯულში დამკვიდრებაა ურჯულოებით. იცის რა რჯული, საღვთო სწავლება - რჯულმა არ იცის იგი, რადგან უცხო და მოკვეთილია მისგან, როგორც მზაკვრობის, შურისა და სიცრუის მანქანება.

რაში მდგომარეობს უფლის სიყვარული, მასთან სიახლოვის წყურვილი? ისევ და ისევ მის მიერ ნაბოძებ მცნებებში, სწავლებებში, საღვთო წესების აღსრულებასა და მათში დამკვიდრებაში. ჩვენი რჯული უნდა მოერგოს, შეემტკიცოს, განიწმინდოს ამ განსაწმენდელში. მცნებებში, უპირველეს ყოვლისა, ღმერთი უნდა ვეძებოთ, რომელიც არ გამოჩნდება მათ აღსრულებამდე, რადგან გულის განწმენდა არ უსწრებს წინ მცნებათა აღსრულებას, ღვაწლს, შრომას, მონდომებას, საღვთო გზაზე საქმით, საკუთარი ცხოვრებით შედგომას, უფლის ხილვა კი მხოლოდ ცოდვებისგან განწმენდილი გულითა და გონებითაა შესაძლებელი, როგორც განწმენდილ სარკეში - საკუთარი თავისა.

იდუმალია, მიუწვდომელია უფალი, დაფარული და ამოუხსნელია მასთან მიახლების, მასში ცხოვრების გზები. ყველაზე მეტად ადამიანს ფარისევლური, თითქოსდა ზედმიწევნითი, საკუთარ თავზე მინდობილი, ვაჭრული, ფანატიკური დამოკიდებულება, ხიბლის აღზევებისგან ნაშობი მდგომარეობა აშორებს უფალს და ეს საფრთხე გაცილებით ხშირი, საშიში და მომაკვდინებელია, ვიდრე ურწმუნო, უფლის მადლის არმცოდნე, დაცემული ცოდვილისა, რადგან ამ უკანასკნელის სიბრმავე უფლის ხედვის საწინდარი, მისი დასაბამი შეიძლება გახდეს, განსხვავებით ფარისევლისგან, რომელიც ჯერ უნდა დაბრმავდეს ცრუ ხედვისთვის, რათა შემდეგ ჭეშმარიტებაში შეძლოს თვალის ახელა, რადგან ბრმას სურს სინათლე და ხედვა, ბრმად მხედევლისთვის კი ორივე უცხოა - სიბრმავეც და მისგან მომდინარე ხედვის სურვილიც. ამგვარი ადამიანი სრულიად სწყდება რეალობას, კარგავს თავის თავს, მის მართებულ აღქმასა და ხედვას, თავის ამაო ღვაწლს ეჭიდება, სულში მოჩვენებით გოდოლს იშენებს ქრისტიანობისას, რომელიც დანგრევისთვისაა განწირული, საზრუნავს იმრავლებს ღმერთის გარეშე, რითაც მრისხანებისა და აშლილობისთვის წირავს საკუთარ სულს.

ყველაზე საშიში სიშორე მოჩვენებითი სიახლოვეა ღმერთთან, რაც ამპარტავნების შხამით არის ნასაზრდოები და ნაკვები. იგი მტრის დასაცინად აქცევს უმწეო, გზააბნეულ სულს.

რჯული უფლისგან მოგვეცა როგორც კიბე, საფეხური მასთან ერთობისთვის, ღვთის მადლში მყოფობისთვის. სული მცნებათა აღსრულებით ამ საფეხურებს ეყრდნობა როგორც მყარ ნიადაგს და ზევით მიიწევს. მისი სამიზნე უპირველესად ღმერთია, მცნებები - საფეხურები კი დასაყრდენია, საშუალებაა ზეაღსვლისა. გონება და გული ნელ-ნელა, ძალზე ფრთხილად და დაკვირვებით უნდა მივაჩვიოთ ღმერთზე ფიქრს, მის ხსოვნას, რაც ლოცვით, საღვთო წიგნების კითხვით, წმინდა მამათა სწავლების გონიერი, გააზრებული აღქმით, კეთილი საქმეების აღსრულებით, საკუთარ თავზე დაფიქრებით არის შესაძლებელი. ღვთის ხსოვნას ჩვენში შემოაქვს მისი შესაფერი განწყობა, მდგომარეობა, მადლი, ძალა, შემართება, სიმტკიცე და იმედი, რაც სათნო ცხოვრებისკენ გვიბიძგებს, ფანტავს დაბინდულ, სასოწარმკვეთ, ცოდვილ აზრებს, აფხიზლებს სინდისს და სინანულისკენ მიუძღვება ბილწ, უზნეო ზრახვებს. უფალზე ფიქრი ლოცვის წყაროა, ლოცვითი ყოფაა, უფლის მადლით განმდიდრებული ჩვენი შინაგანი კაცია, რომელიც მუდამ სიკეთის ქმნისკენაა მიმართული, რითაც კიდევ უფრო განამტკიცებს ვნებულ სულს სიწმინდეში დამკვიდრებისთვის.

ვინც ღმერთზე ფიქრობს გონებით და საქმით აღასრულებს მის რჯულს - მას უყვარს უფალი - ჯვარცმული მაცხოვარი, რადგან მასთან ერთად ჯვარს ეცმება ყოველ ჟამს, მასთან ერთად კვდება, რამეთუ ერთია, რომელშიც და რომლისგანაც არის ყოველი მადლი, ძალა და ჭეშმარიტება - მამა, ძე და სულიწმიდა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1