რატომ უყურებენ საშინელებათა ფილმებს?
რატომ უყურებენ საშინელებათა ფილმებს?
ადამიანები ცხოვრებას ისევ და ისევ თვითონ ირთულებენ. იმის ნაცვლად, რომ კარგზე იფიქრონ, შექმნან და უყურონ ფილმებს, რომლებიც რწმენას განამტკიცებენ და გონებას განწმენდენ, სისხლიანი სურათებით, საზიზღარი მაქციებითა და სხვა სიბინძურით სავსე ფილმების ყურებით "ტკბებიან".

შედეგიც არ აყოვნებს - გონებაში აღიბეჭდება ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ თუ ვუყურებთ და გასაკვირი აღარაა მოსახლეობაში ესოდენ გავრცელებული ფსიქიკური აშლილობა, ნევროზი, ღვთის მადლის განშორება, უსიყვარულობა, გახშირებული ქურდობა თუ მკვლელობა და კიდევ ათასი სხვა ცოდვა.

საშინელებათა ფილმები კინემატოგრაფის პირველივე წლებიდან იღებს სათავეს. ეს არის ჟანრი, რომლის მიზანიც მაყურებელში შიშისა და მღელვარების გამოწვევაა. "ძალადობის სცენებით აღსავსე ფილმების ნახვას პოტენციურად შეუძლია, ორგანიზმის თვითგანადგურების პროგრამა ჩართოს", - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსები. ექსპერიმენტის მეშვეობით დადგინდა, რომ საშინელებათა ფილმების ნახვა ზრდის ანტისხეულების გამომუშავებას, რომელთაც შეუძლიათ ჯანსაღ უჯრედებზე შეტევა და მათი განადგურება. ვაშინგტონელი ბიოქიმიკოსები ვარაუდობენ, რომ შინაგან დაძაბულობას, რომელსაც ასეთი ფილმები იწვევენ, ორგანიზმი საფრთხის მომასწავებელ სიგნალად აღიქვამს. თუმცა, რადგან ადამიანი, თვითგადარჩენის ინსტინქტის შესაბამისად, ამ ნიშანზე რეაგირებას არ ცდილობს, ორგანიზმი თავად ეძებს სტრესის მიზეზს და ვირუსების ნაცვლად ჯანმრთელ უჯრედებს ანადგურებს.

საინტერესოა, ამ ყველაფრის შემდეგ რატომ უყვარს ადამიანს ასეთი ფილმების ყურება? რა სიამოვნებას ღებულობს, როცა ეშინია?

ინტერნეტფორუმების თვალიერებისას ასეთ ფრაზებს წავაწყდით:

* შიშის შედეგად წარმოქმნილი ადრენალინი ჩემში სასიამოვნო ეიფორიას იწვევს...

* მე ვარ ასეთი ფილმების მოყვარული! რაც მათში მსიამოვნებს, შიშისა და მოულოდნელობის განცდაა. ეს ყველაფერი ადრენალინის გამოყოფასთანაა დაკავშირებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვერ ვიტან სისხლიან სისულელეებს...

* მე, ძირითადად, აზიურ "უჟასებს" ვუყურებ. ევროპული ან ამერიკული და თანაც "საშიში" ფილმი ჯერ არ მინახავს...

ამავე ფორუმზე ნახავთ რჩევებსაც, თუ როგორ გადავეჩვიოთ ამ ჟანრის ფილმების ყურებას: საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რომელიმე ექსტრემალურ სპორტს უნდა მივდიოთ. მაგალითად: პარაშუტით ხტომა დავიწყოთ.

გვესაუბრება სამთავისისა და გორის ეპარქიასთან არსებული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგი, ელზა პანკრატოვა:

- რასაც აღვიქვამთ თვალით, სმენითა თუ ყნოსვით - ყველაფერი ილექება ფსიქიკაში. ზოგჯერ მიიმალება არაცნობიერში, ზოგჯერ კი განიდევნება. საშინელებათა ფილმების ცქერისას იმ რეაქციებმა, რომლებიც მაყურებელს აქვს, შესაძლოა, პრობლემის სახით იჩინოს თავი ადამიანის ქცევაში, აზროვნებაში, წარმოსახვაში. საშინელებათა ფილმი სტრესულია, რომლისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება - განრიდებაა. ცნობისმოყვარეობის დაძლევა და ამგვარი ფილმების იგნორირება მოვლენების არასასურველი განვითარებისგან დაგვიცავს.

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1