შიში უფლისა განგვამტკიცებს მოყვასის სიყვარულში, შიში ადამიანისა კი სიძულვილით აღგვავსებს
შიში უფლისა განგვამტკიცებს მოყვასის სიყვარულში, შიში ადამიანისა კი სიძულვილით აღგვავსებს
შიშის გრძნობა ყოველ ჩვენგანში ბუდობს, მაგრამ როგორ გამოვიყენებთ, საით მივმართავთ მას, ეს ჩვენს თავისუფალ ნებასა და გონიერებაზეა დამოკიდებული.

როდის გაჩნდა შიში? ედემის ბაღშიც არსებობდა ადამსა და ევაში თუ სამოთხის დაკარგვის შემდეგ წარმოიშვა?

პირველ ადამიანებს ღვთის შიში რომ ჰქონოდათ, შესაძლოა, ასე სწრაფად ვერ ეცდუნებინა ეშმაკს. მათ სამოთხეში ყოფნისას არ უხილავთ უფლის ძალმოსილება, ამიტომაც მათში არ არსებობდა ღვთის შიში. შიშის პირველი ელემენტები ჩნდება შეცოდების შემდეგ, როცა ადამი და ევა აკრძალული ხილის ნაყოფს იგემებენ, თავისუფალ ნებას ღვთის მცნების წინააღმდეგ წარმართავენ და მარხვას დაარღვევენ.

სამოთხიდან გამოდევნილებს უფალი სასჯელს უწესებს, და სწორედ მაშინ უჩნდება ადამიანს შიში ღვთისა - ყოვლადძლიერი შემოქმედის ხელის ხილვის შემდგომ. ეს ის შიშია, რომელმაც უნდა დაიცვას ის შემდგომი დაცემისგან: თუ შესცოდავს, უფალი სასჯელს დაუმძიმებს. ამრიგად, შიშის განცდა იმისთვის გვეძლევა, რომ გვეშინოდეს საკუთარი ცოდვების გამო მიღებული სასჯელისა.

"შიში უფლისა - წყარო ცხოვრებისა და ყვის მოქცევაი საფრთხისაგან სიკუდილისა" - "იგავთა წიგნის" ეს სიტყვები სიკვდილში სულიერ, მარადიულ სიკვდილს ანუ ჯოჯოხეთს გულისხმობს. "შიში უფლისაი - სწავლულებაი და სიბრძნე, და მთავრობაი დიდებისა მოიგოს მან" - აქ კი "იგავთა წიგნი" ღვთისმოშიშებას სიბრძნეს უწოდებს. ჭეშმარიტად ბრძენია ის ადამიანი, რომელსაც ღვთის შიში აქვს და ცდას არ აკლებს, რომ თავისი ცოდვებით არ განარისხოს ყოვლისშემძლე შემოქმედი, იცხოვროს უფლის მცებების მიხედვით, რათა ამქვეყნიური ცხოვრების შედეგად ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს. იქვე ამოვიკითხავთ: "შიშსა უფლისასა არს სასოებაი ძლიერი" - სასოება ცხონებისა, მარადიულ ნეტარებაში დამკვიდრებისა.

ღვთისმოშიშება სიკეთის ქმნისკენ გვიბიძგებს. ის ფარია, რომელიც ერთგულად გვიცავს მომხდური მტრის - ეშმაკის მანქანებისგან. თუკი გონიერება გვაქვს, ვცდილობთ, არ განვიკითხოთ, რადგან გვსმენია თვით განკაცებული ძე ღვთისასგან - თუ განვიკითხავთ მოყვასს, ჩვენც განვიკითხებით; რომელი საწყაულითაც მივუწყავთ სხვას, იმავეთი მოგვეწყვება ღვთისგან; თუკი გულმოწყალენი ვიქნებით ადამიანთა მიმართ, უფალიც შეგვიწყალებს დიდითა წყალობითა თვისითა. როგორც ვხედავთ, ღვთის შიში მოყვასის სიყვარულს ბადებს და ჩვენც აღარ ვაყოვნებთ სიკეთის ქმნას. მუდამ გვახსოვს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს სიტყვები: ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ. ვცდილობთ, ზიანი არ მივაყენოთ მოყვასს, არ მოვპაროთ, არ მოვატყუოთ, ცილი არ დავწამოთ, შეურაცხყოფა არ მივაყენოთ და სიყვარულით მოვეპყროთ მაშინაც კი, როცა ის დაგვაზარალებს, რადგან გვწამს, რომ გულთამხილველი უფალი ყველაფერს ხედავს და თითოეულ ჩვენგანს საკადრისს მოგვაგებს. ღმერთი ხომ ყოვლადსამართლიანია. ასე ნელ-ნელა ვხდებით სულგრძელნი და ვსწავლობთ ჭეშმარიტ, უანგარო სიყვარულს მოყვასისას. სიყვარული კი ანი და ჰოეა მართლმადიდებლობისა.

მაგრამ, საუბედუროდ, შიშის გრძნობას ხშირად არასწორად მივმართავთ, როცა ადამიანის გვეშინია. ერთი წუთით ბავშვობაში დავბრუნდეთ და გავიხსენოთ ის პიროვნება, ვისიც გვეშინოდა. კიდევ რას ვგრძნობდით მის მიმართ? დამეთანხმებით, რომ ის ადამიანი გვძულდა, მისი დანახვაც კი არ გვინდოდა! ახლაც, თუკი ვინმესი გვეშინია, მის მიმართ სიძულვილიც გვამოძრავებს. სიძულვილი კი მშობელია ყველანაირი ბოროტი განზრახვისა, უარყოფითად განგვაწყობს ადამიანის მიმართ და გულში ღვარძლს გვითესავს. ეს ღვარძლი ნელ-ნელა მრავლდება და საქმედ გარდაიქმნება. ამიტომაც უნდა ვიფხიზლოთ და როგორც კი შევნიშნავთ, რომ ვინმესი გვეშინია, აღსარებაში ვაღიაროთ, რათა ამ შიშმა არ შვას სიძულვილი. შესაძლოა, პირველმა აღიარებამ სრულიად ვერ გაგვათავისუფლოს ამ ცოდვისგან, ამიტომ ვეცადოთ, ხშირად ვთქვათ აღსარება, რათა სრული კურნება მივიღოთ ყოვლადმოწყალე ღვთისგან, რომ ვერ მოგვერიოს ეშმაკი.
ბეჭდვა
1კ1