ვაჩვენოთ შემართება გადარჩნისა ჩვენივე ცხოვრებით და თავად ვიხილავთ, როგორ გალღვება სულის ყინული ღვთაებრივ ცეცხლთან მიახლოებისას
ვაჩვენოთ შემართება გადარჩნისა ჩვენივე ცხოვრებით და თავად ვიხილავთ, როგორ გალღვება სულის ყინული ღვთაებრივ ცეცხლთან მიახლოებისას
მცირე ნაპერწკლის ცეცხლად აალება საწინდარია სითბოს მოპოვებისა, ხოლო მისი მხურვალება რომ შემოვიდეს შენში, მისით თბობა რომ შეიგრძნო, აუცილებელია გააღვივო, შეინარჩუნო იგი. მიტოვებული ცეცხლი - ნაკვერჩხლად, ნაკვერჩხალი კი ნახშირად იქცევა, რომლის ხელახლა დანთება რთული და შეუძლებელი ხდება, რადგან გამომწვარ, გამოფიტულ მასალაში აღარ არის ძალა, ენერგია განახლებისა, ძლიერი ნათებისა. ასევე შეუძლებელია ცეცხლის სითბო შეიგრძნოს მან, ვინც დაანთებს, მაგრამ თავს შორს დაიჭერს მისგან. თუმცა ცეცხლთან მხოლოდ სიახლოვეც არ არის საკმარისი, თუ ამას ქმედება არ მოჰყვა.

ადამიანის ზნეობრივი, სულიერი ჩამოყალიბება, ზრდა და განვითარება მასში დაფარული ღვთისგან ბოძებული უკვდავი ხატების, შემეცნების, ნიჭების აღმოჩენაში, შენარჩუნებასა და გამრავლებაში ვლინდება. ცოდვები მიწის სქელ ფენასავით ფარავს ამ ხელთუქმნელ განძს, რომლის გაუმჭვირვალობა და სიშავე საშუალებას არ გვაძლევს, მივუახლოვდეთ, ჩავიხედოთ მასში და შევიგრძნოთ ენით გამოუთქმელი სიმდიდრე და ფასეულობა. მონდომება, საკუთარი თავის იძულება თხრაა ცოდვის ნიადაგისა, ღრმა შრეებისგან მისი განთავისუფლების მცდელობაა, რათა მივეახლოთ სათნო საჩუქარს ღვთისას - სულის საუნჯეს და მასში არსებულ მადლმოსილ თვისებებს. ეს ძალზე ძნელი და ხშირად უსიამოვნო პროცესია, რადგან შრომას, გარჯას, დაუსრულებელ ღვაწლს მოითხოვს. რომ გვიჭირს, გვეზარება, არ გვსურს, - ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ეს ჩვენი ბუნებაა, უძლურებაა, დაცემული მდგომარეობაა; მთავარია, არ ჩაგვიქრეს სურვილი წინსვლისა, მონდომებისა, დაკარგულის ძიებისა. საქმე ის არის, რომ მხოლოდ სურვილი და მიზანი არ არის საკმარისი, რადგან თუ მას გულმოდგინებისა და შემართების წყალს არ დავუსხამთ, როგორც აღმოცენებისა და ზრდისკენ მიდრეკილ მცენარეს, აუცილებლად გახმება უზრუნველობისა და გულგრილობის მზის მცხუნვარე სხივებისგან. ნელ-ნელა გაქრება, ამოიშლება ჩვენში არსებული მხნეობა, წადილი წინსვლისა და სრულყოფისა და მას ჩაენაცვლება შეგუება ცოდვისა, სიბინძურისა და ჭუჭყისა.

ყველაზე ამაზრზენი, საშიში და დასაგმობი ცოდვა ცოდვასთან შეგუებაა, მასთან სიახლოვე და გაშინაურებაა, რადგან როგორც ხშირ მნახველს ვეჩვევით და უკვე მეგობრად და ოჯახის წევრად მივიჩნევთ, სულიც ასევე ეგუება უზნეობას, რომელიც ოჯახის წევრივით იდებს ბინას მის გარემოში. ნეხვის მყრალი სუნის შესუნთქვა რომ გაღიზიანებს, ეს ბუნებრივია და კარგიცაა, მაგრამ ხშირი ჩასუნთქვის შემდეგ მისი სიმყრალე აღარ მოქმედებს, რადგან მასთან შეგუება იწყება. ეს კი უკვე მომაკვდინებელია. ჩვენი ბუნებაც ამის მსგავსია - თუ უზნეობისა და უსამართლობის სიმყრალეს მყისვე წინ არ აღვუდგებით უფლის მადლითა და შემწეობით, სანამ ის ჯერ კიდევ გვაღიზიანებს, ცოდვა ნაბიჯ-ნაბიჯ ცრუ სიმართლედ გვექცევა და სულ მცირე ხანში მას ჭეშმარიტების საზომად მივიჩნევთ, მისით განვსჯით ყველას და ავწონით ყოველ სამართალს, რადგან უსამართლობა სიბრმავის თვალებია, მღვიძარე ძილი და დღის წყვდიადია.

თითოეულ ჩვენგანს ებრძვის სიზარმაცე, მოწყინება, უქნარობა, მაგრამ მთავარია ვეცადოთ, არ დავუთმოთ მას, არ გვექცეს ჩვეულებრივ მდგომარეობად, რადგან ზედაპირულობა და გულგრილობა უმოქმედობის, სიზარმაცისა და უსაქმურობის მშობელნი არიან. გულგრილობა გადაუშლელი წიგნის შინაარსზე საუბარია, როცა არაფრის მომცემად გეჩვენება მასში ჩადებული ჯერ კიდევ ამოუკითხავი ბრძნული აზრი. ჩვენი ცხოვრებაც სულის სიღრმეში დაბეჭდილი უკვდავი ასოებით ამოტვიფრული სიბრძნისა და მეცნიერების წიგნია, რომელსაც მიახლოება, გადაშლა და წაკითხვა სჭირდება, რაც შეუძლებელია მონდომებისა და მცდელობის გარეშე. გულგრილობა საწინდარია უგრძნობლობისა, ულმობლობისა, ეს უკანასკნელნი კი დასაწყისია სულის სიკვდილისა. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, არ დავუთმოთ ამ საშინელ სენს ჩვენს შინაგანში მცირეოდენი ადგილიც კი - ამაში მდგომარეობს რწმენის სიჯანსაღე და მართებული მიმართულება. ეს შეურიგებელი ბრძოლაა, რომელშიც არ არის დათმობა, შერიგება, თანაგრძნობა და შეგუება, რადგან როდესაც სულში გულგრილობის საშინელი ვნება შემოდის, მას უკან სიცრუე, სასოწარკვეთა და უიმედობა მოჰყვება. დაუთმო მათ - ნიშნავს დაუთმო სიკვდილს შენში. გულგრილობა სულში დარჩენილი ღია კარია, რომელშიც ადვილად შემოდიან სიკეთისა და სათნოების მპარავნი, მძარცველნი. რწმენის კარიბჭე გულმოდგინების, მონდომების, საკუთარ თავთან ბრძოლისა და შეგონების ურდულით იღება, რადგან სადაც შემართება და შეურიგებლობაა ცოდვასთან, იქაა შემწეობა ღვთისა, ხოლო ვინც უფლის შემწეობასა და დახმარებას ითხოვს, ის სიმტკიცით, მოშურნეობითა და მხნეობით აღივსება.

სიკეთის აღსრულების წყურვილი და შესაძლებლობა ნიჭთა ნიჭია, რადგან კეთილი საქმე სიყვარულში გამოწრთობილი, გამოცდილი რწმენის ნაყოფია, ხოლო ვინც სიკეთის ფასი და გემო იცის, არ შეიძლება გულგრილი, ზედაპირული იყოს, რადგან სიკეთის თვისებაა მისი სიღრმეების დაუღლელი, ამოუწურავი ძიება, სიხარულზე სიხარულის მიმატება. როგორც ამქვეყნიურ დღესასწაულზე, დიდ სიხარულში ყოფნისას შეუძლებელია მოგერიოს ძილი, ვერც სათნო საქმეთა ძიებაში, მათ სიხარულში ჩაძირულ, შემტკიცებულ სულს შემოეპარება ვნებანი სულიერი ძილისა. ყოველგვარი ვნებისგან თავის დაღწევის, განკურნების ერთადერთი საშუალება უფალთან მიახლება, მასთან ხშირი კავშირი და მარადიული მეგობრობაა. იგია დაუსრულებელი გზა, ცხოვრების არსი და მშვენიერება. მასთან სიახლოვე მხოლოდ მისი შესაფერი ცხოვრების წესითაა შესაძლებელი, რომლის ძალას, შესაძლებლობასა და უნარს კვლავ თავად გვანიჭებს უდიდესი კაცთმოყვარებითა და სახიერებით, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, გავხსნათ გონებისა და გულის კარი ამ მადლისა და ნიჭების მისაღებად; არ ვიყოთ გულგრილნი, ზედაპირულნი საკუთარი სიცოცხლისა და სულის ხსნის მიმართ; ვაჩვენოთ შემართება, მონდომება, სურვილი გადარჩენისა ჩვენივე ცხოვრებით და თავად ვიხილავთ, როგორ გალღვება სულის ყინული ღვთაებრივ ცეცხლთან მიახლოებისას, როგორ მოიცავს ჩვენს არსებას ნათელი სიხარულისა, იმედისა, სიკეთის წყურვილისა, რადგან ერთია, რომელიც მარადის ათბობს, ჩაუქრობლად ანათებს და უკვდავი სიკეთით აღავსებს - მამა, ძე და სულიწმინდა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვა
1კ1