მაინც რა იწვევს ახალგაზრდებში სწავლისადმი ასეთ გულგრილობას?
მაინც რა იწვევს ახალგაზრდებში სწავლისადმი ასეთ გულგრილობას?
"ჩემთვის სულერთია"
დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ განათლების სისტემაზე, სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ პრობლემებზე. ეძებენ გზებს სიძნელეების დასაძლევად, რათა უფრო ეფექტური გახდეს განათლების სისტემა. ხშირად მოისმენთ, ახალგაზრდა თაობა გაუნათლებელი და უწიგნურიაო. რამ მიგვიყვანა აქამდე?

ამ შეკითხვაზე გადამჭრელი პასუხი არ არსებობს, რადგან გაუნათლებლობა მრავალი მიზეზით არის გამოწვეული. ერთ-ერთი, უნდა აღინიშნოს, მოზარდის განწყობაა, დამოკიდებულებაა სწავლის მიმართ. თუ კიდევ უფრო ღრმად ჩავიხედავთ ამ საკითხში, აღმოჩნდება, რომ ახალგაზრდებში თვალნათლივ შეიმჩნევა გულგრილობა.

გულგრილობა კი, მოგეხსენებათ, პირველი მტერია განვითარებისა. როდესაც შენთვის სულერთია ყველაფერი, გერთმევა ინტერესი, ინტერესის დაკარგვა კი თავისთავად სპობს სტიმულს, ხოლო როცა შინაგანი ბიძგი აღარ არსებობს ადამიანში, მით უმეტეს - მოზარდში, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია, მასში ფესვს იდგამს სიზარმაცე.

შევეცადეთ, წარმოგვედგინა ის უწყვეტი ჯაჭვი, რომლის პირველი რგოლიც გულგრილობაა. ახლა ვეძიოთ მოზარდებში ამ დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები.

რამდენი სიახლე ელით წინ! რამდენი ბედნიერი წამი ამა თუ იმ მწერალთან, ხელოვანთან, მეცნიერსა თუ საზოგადო მოღვაწესთან შეხვედრისა! თითქოს ყველაფერი უნდა აინტერესებდეთ. ერთი დარგიდან მეორისკენ მიისწრაფოდნენ... მაგრამ რეალობა სულ სხვა სურათს გვიხატავს. ყოველგვარ ინტერესს მოკლებული ბავშვები ცდილობენ, დრო მოკლან, დრო, რომელიც ასე ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენ ხომ წუთისოფლის შვილები ვართ და ამქვეყნიური ცხოვრებაც ერთი წამია. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს წამი - ლამაზი თუ...

მაინც რა იწვევს ახალგაზრდებში სწავლისადმი ასეთ გულგრილობას? შევაღოთ კარი ერთ-ერთ გაკვეთილზე, დავაკვირდეთ მოსწავლეებს და დასკვნაც გამოვიტანოთ.

"რატომ არ მოამზადე გაკვეთილი? სად არის შენი შესრულებული საშინაო დავალება?" - უსვამს კითხვას იმედგაცრუებული მასწავლებელი მოსწავლეს და ამატებს: "საერთოდ არ წაგიკითხავს გაკვეთილი? ორი-სამი წინადადება მაინც მითხარი, რომ დღესაც ორიანი არ დაგიწერო". მოსწავლის პასუხიც არ აყოვნებს: "რა მნიშვნელობა აქვს, რას მივიღებ..." ეს სიტყვები შემზარავად ჩაგვესმის. ამაოდ ველოდით, რომ მოსწავლე დღეს მაინც მოჰყვებოდა თავის მართლებას, ახსნიდა, რამ შეუშალა ხელი დავალების მომზადებაში, ან, უკეთეს შემთხვევაში, შეეცდებოდა, წინა გაკვეთილზე ახსნილი მასალა გაეხსენებინა და ერთი წინადადება მაინც ეთქვა. თუმცა რას გაიხსენებდა, მას ხომ არც კი მოუსმენია მასწავლებლისთვის, როცა ის გატაცებით ხსნიდა ახალ მასალას, მოსწავლის დასაინტერესებლად ყოველ ღონეს მიმართავდა. რა ამაოდ დაუხარჯავს ენერგია... თქვენც, დამკვირვებელნო, გულგატეხილნი დარჩით, არა?

"რა მნიშვნელობა აქვს, რას მივიღებ?" - საიდან დაიბადა ეს ფრაზა, როგორმა განწყობამ წარმოშვა ის, თუ არა გულგრილობამ? ასეთი - ჩემთვის სულერთია - დამოკიდებულება გამოწვეულია იმ გარემოთი, რომელშიც, საუბედუროდ, უწევს აღზრდა ჩვენს მომავალ თაობას. ძნელია, შეალამაზო რეალობა და მოზარდი დაარწმუნო, რომ განათლება უდიდესი სიმდიდრეა, რასაც ადამიანი იძენს ამქვეყნად, როდესაც ხედავს, როგორ, რა პირობებში ცხოვრობენ მის მეზობლად აკადემიკოსი, პროფესორი, მწერალი, კომპოზიტორი, მასწავლებელი...

სად არის გამოსავალი? როდესაც არ ძალგვიძს, ერთი ხელის მოსმით შევცვალოთ გარემო, მოზარდი იმას მაინც მივაჩვიოთ, რომ ყოველ აღსარებაში მოინანიოს გულგრილობა და, უფლის წყალობით, სულიწმინდის მადლით, მასში ნელ-ნელა გაქრება ეს დამღუპველი თვისება. შედეგიც არ დააყოვნებს - ახალგაზრდა კვლავ დაუბრუნდება წიგნს, შეიმეცნებს სამყაროს, საკუთარ თავს და გამობრწყინდება ნათელი მომავალი.
ბეჭდვა
1კ1