"ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა"
"ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა"
"ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ", - ბრძანებს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე წმინდა მათე მოციქულის სახარებაში. ძიება უფლისა - უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების არსი.

თუკი ვიწამებთ უფლის ნათქვამს და ჩვენი ერთადერთი საზრუნავი დაკარგული მარადიული სიცოცხლის დაბრუნება იქნება, მაშინ უნდა გვჯეროდეს, რომ დანარჩენიც - ამქვეყნიური სიკეთეებიც მოგვეცემა ყოვლადმოწყალე უფლისგან. ნუთუ ღმერთი თავის ქმნილებას, რომელიც უამრავ ქმნილებათა შორის გამოირჩია და მხოლოდ ის შექმნა თავის ხატად და მსგავსად, სამყაროს გვირგვინად, ბედის ანაბარა დააგდებს? გავიხსენოთ კაცობრიობის ცხოვრებიდან ის პერიოდი, როდესაც თავად უფალი ასწავლიდა ადამიანებს, რას ნიშნავს ჭეშმარიტი რწმენა. ეგვიპტელთა მონობიდან გამოყვანილი ებრაელები ღმერთმა ორმოცი წელიწადი ატარა უდაბნოში, სანამ აღთქმულ მიწაზე მიიყვანდა. ეს ხანა ნათელი მაგალითია უფლის ძიებისა. ჩვენ ვხედავთ, როგორ იზრდებიან რწმენაში ძველი აღთქმის რჩეული ერის შვილები. წმინდა წერილიდან ვუწყით, რომ უდაბნოში უფალი მათ საკვებს მანანას სახით აძლევდა ზეციდან. საგულისხმოა, რომ როცა ისრაელი მეორე დღისთვის იტოვებდა საზრდოს, ის ხრწნას იწყებდა. ცხადია, ეს უფლის წმინდა ნებით ხდებდა, რადგან ისრაელიანები საღმრთო განგებულებას მინდობოდნენ და ეწამებინათ მთელი არსებით, რომ ყველაფერს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი - სამყაროს შემოქმედი განაგებდა და ყოველივე მისგან მიეცემოდათ.

ჩვენ კი ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს სიტყვები - "ეძიებდეთ უპირველესად სასუფეველსა ღმრთისასა" - ჯერაც ვერ გაგვიგია, ვერ გაგვისიგრძეგანებია. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როცა სრულად მივნდობივართ უფლის წმინდა ნებას, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი წუთები ძალზე იშვიათად გვქონია. უმეტესად კი არ გვწამს შემოქმედის და ეს ჩვენი მცირედმორწმუნეობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ თავად ვიწყებთ ზრუნვას და შფოთვას ამქვეყნიურ საჭიროებებზე.

მინდა შეგახსენოთ ერთი შემთხვევა მამა პაისი მთაწმინდელის ცხოვრებიდან: "როდესაც სინაზე გავემგზავრე საცხოვრებლად, - მოგვითხრობს წმინდა ბერი, - თან არაფერი წამიღია. საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე, რა დამემართებოდა უდაბნოში უცხო ადამიანებთან, რას შევჭამდი და როგორ ვიცხოვრებდი. წმინდა ეპისტიმიას სენაკი, სადაც უნდა დავსახლებულიყავი, უკვე დიდი ხნის მიტოვებული იყო. მონასტრისთვის არაფერი მითხოვია - არ მსურდა მათი დამძიმება. ერთხელ მონასტრიდან პური მომიტანეს და ისიც უკან გავატანე. რატომ უნდა შევშფოთებულიყავი, როცა ქრისტემ, მაცხოვარმა ჩვენმა, თქვა: "ეძიებდეთ უპირველესად სასუფეველსა ღმრთისასა"? წყალიც კი ძალიან ცოტა იყო. ხელობა არაფერი ვიცოდი. როგორ ვცხოვრობდი და პურს როგორ მოვიპოვებდი? ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც თან მქონდა, მაკრატელი იყო. გავყავი ორად, ქვაზე გავლესე, ავიღე პატარა დაფა და ხატების გამოკვეთა დავიწყე. ვმუშაობდი და განუწყვეტლივ იესოს ლოცვას ვამბობდი. მალე გავიწაფე კვეთაში. ხუთდღიან სამუშაოს თორმეტ საათში ვასრულებდი. გარკვეული ხნის განმავლობაში ამ საქმიანობას დღეში რამდენიმე საათს ვუთმობდი. ისეთ მდგომარეობამდე მივედი, აღარ მინდოდა, ხელსაქმეს შევდგომოდი, არადა ვხედავდი, როგორ უჭირდათ ბედუინებს და რა დიდი სიხარულით იღებდნენ საჩუქრად მირთმეულ ქუდსა თუ სანდლებს. ერთ დღესაც ჩემს თავს ვკითხე: "მე აქ იმისთვის მოვედი, რომ ბედუინებს დავეხმარო თუ მთელი სამყაროსთვის ვილოცო?" მაშინ შევწყვიტე ხელსაქმე და დავუბრუნდი ლოცვას. არ ველოდი, რომ ვინმე დამეხმარებოდა, ანკი ვინ უნდა დამხმარებოდა - ბედუინებს თავადაც არაფერი ებადათ, მონასტერი ძალიან შორს იყო, მეორე მხარეს კი დაუსახლებელი უდაბნო მეკრა. სწორედ იმ დღეს, როცა სამუშაო შევზღუდე, რათა მეტი დრო დამეთმო ლოცვისთვის, ერთი ადამიანი მოვიდა, ასი ოქრო მომცა და მითხრა: "ამით ბედუინებსაც დაეხმარები და შენს კანონსაც უკეთ აღასრულებო". ღვთის უსაზღვრო სიყვარულმა და განგებამ იმ მდგომარეობამდე მიმიყვანა, რომ ცრემლები ვერ შევიკავე. ხედავ, - მოგვმართავს მამა პაისი, - როგორ აწყობს უფალი ყველაფერს, როცა ადამიანს კეთილი მისწრაფება აქვს? რამდენის მიცემა შემეძლო მე ამ უბედურებისთვის? ერთს რომ მივცემდი, მაშინვე მეორე მოვიდოდა: "მამამ მე არაფერი მომცაო". მას მესამე მოჰყვებოდა. და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად..."

განა ასეთი ხილული შემწეობა ღვთისა თითოეულ ჩვენგანს არ განგვიცდია, როცა არაფერი გამოგვსვლია, ხელი ჩაგვიქნევია და გვითქვამს: "იყოს, უფალო, შენი წმინდა ნებისაებრ!" მაშინვე სრულიად უცნობ ადამიანს ხელი გაუმართავს ჩვენთვის. მაგრამ ეს წუთები სწრაფადვე გვავიწყდება და ისევ ამსოფლიურ საზრუნავში ვეფლობით, ისევ საკუთარ თავზე ან სხვა ადამიანზე ვამყარებთ იმედს და გვავიწყდება, რომ ყველაფერი ღვთისგან მოგვეცემა. თუკი კარგად განვჭვრეტთ ჩვენს ცხოვრებას, ნათლად დავინახავთ, რომ უფალი არასოდეს გვაკლებს იმას, რაც გვჭირდება. მაშ, რატომღა ვკარგავთ დროს წარმავალი საუნჯის ძიებაში?

იმ სიმდიდრის მოხვეჭა კი, რომელსაც ვერც ქურდი მოგვპარავს და ვერც დრო-ჟამის მსვლელობა გააფუჭებს, დიდ შრომას მოითხოვს. სწორედ სათნოებებით შემკობაა ღვთის სასუფევლის ძიება. თუ გვსურს, ჩვენი ღვაწლი ნაყოფიერი იყოს, ყოველწამიერად უნდა აღვასრულებდეთ უფლის მცნებებს, მუდმივად ვებრძოდეთ ცოდვებსა და ცოდვით მიდრეკილებებს ჩვენს თავში, ვიქმოდეთ სიკეთეს. ეს დაუღალავი ჭიდილი ადვილი აღსასრულებელი რომ იყოს, ყოველი ჩვენგანი მოიპოვებდა სასურველ ცათა სასუფეველს. ვიქნებით თუ არა ღვთის რჩეული შვილები, ვისთვისაც მარადიული ნეტარება განუმზადებია ზეციურ მამას, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან უფალს ყოველი ადამიანის ცხონება სურს. თავს ვიდებთ სათნოებების მოხვეჭას? გვახსოვდეს, რომ შემოქმედი ცისა და ქვეყანისა, რომელიც ხედავს ჩვენს გულებს და იცის ჩვენი სურვილები, თავის შემწეობას არ დაგვაკლებს ვიწრო ბილიკზე სვლისას. გვანუგეშებს უფალი სულიწმინდის მადლის მოფენით, მენელსაცხებლე დედათა მსგავსად, რომელთაც გულებიც უდიდესი სიხარულით აღავსო, როცა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა ახარა და სასოწარკვეთილებს დაუბრუნა იმედი, რწმენა იესო ქრისტეს მიერ სიკვდილის დათრგუნვისა.
ბეჭდვა
1კ1