ვინც სულის სიღრმეში თავისი თავი დაინახა, ცოდვიანობა შეიგრძნო და უძლურება გააცნობიერა, მან მიაგნო და იპოვა ყველაზე სასურველი, შეუფასებელი განძი კაცობრიობისა
ვინც სულის სიღრმეში თავისი თავი დაინახა, ცოდვიანობა შეიგრძნო და უძლურება გააცნობიერა, მან მიაგნო და იპოვა ყველაზე სასურველი, შეუფასებელი განძი კაცობრიობისა
სულიერება სულის სიღრმეების ძიება, წვდომა, მასზე ფიქრი და დაუსრულებელი შრომაა უფლის შემწეობითა და ღმერთზე მინდობით. სულიერება სულის ძახილზე, მის ხმაზე მიყურადებული მდგომარეობაა ჩვენი შინაგანი კაცისა, როდესაც მორწმუნე სული უსმენს და მიჰყვება ღვთის ხმას საკუთარ თავში, უდიდესი მონდომებით, ცხოვრების წესით მიაბიჯებს მის კვალდაკვალ, რითაც ცხონებისა და უკვდავებისკენ იკაფავს დაუსრულებელ გზას.

სულიერი კულტურის, ზნეობის ამაღლებისა და განწმენდისთვის აუცილებელია მივენდოთ, დავემორჩილოთ უფლის ხმას, სინდისის მიერ ყოველწუთიერ მხილებას, რადგან სწორედ ამით მიგვანიშნებს, გვიმოწმებს უფალი თავის თავზე. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უკვდავი სულით - ღვთის წარუშლელი, მარადიული ხატებით ვართ შემტკიცებულნი შემოქმედთან. მასში დაფარული და დაბეჭდილია უფლის დიდება კაცთა მოდგმის წინაშე. ღვთივსათნო ცხოვრება კი დაკვირვებაა, ჩაღრმავებაა საკუთარ თავში, სულის თვისებებსა და მიდრეკილებებში. ურწმუნო ადამიანი საერთოდ არ იცნობს საკუთარ ბუნებას, სულიერ წარმომავლობას, ამიტომაც ამატებს უსჯულოებას უსჯულოებაზე, ცოდვას ცოდვაზე. რწმენის კიბეზე სულის აღმასვლა საკუთარი ბუნების შემეცნებითა და შესწავლით იწყება, რადგან მხოლოდ მისითაა შესაძლებელი ღმერთთან ერთობა და სიახლოვე. როდესაც ვცდილობთ, შევიცნოთ საკუთარი თავი, ადამიანური ბუნება, მივაგნოთ მის "სამყოფელსა და ბილიკებს" ჩვენში, მაშინ იწყებს გამოღვიძებას მიძინებული სული და ფიქრს საკუთარ ყოფაზე, მდგომარეობაზე. თითოეული ცოდვის თავიდათავი ჩვენი დაცემული ბუნების არცოდნა, არდანახვა და დავიწყებაა, ყველაზე საშიში სნეულება ხომ ამ სნეულების არშემჩნევაა.

თითოეულ ჩვენგანს საერთო ადამიანური ბუნება აქვს ღვთისგან ბოძებული. ყოველ ადამიანს ებრძვის ცოდვა, უძლურება და მისგან გამოსული მანკიერებანი. ნურავინ განიყენებს თავს ამ ბუნებისგან, ნუ იტყვის, რომ სრულიად თავისუფალია რომელიმე ცოდვისა თუ ნაკლისგან. ჩვენ ყველანი დაცემულნი ვართ ჩვენი საერთო ბუნებით, ყოველ ჩვენგანში ჩანასახი, შესაძლებლობაა ნებისმიერი ბოროტებისა და ვერავინ შეძლებს განზე განუდგეს ამ დაცემულობას, უძლურებას, რადგან ეს იგივეა, რომ განაცხადო: "მე ადამიანი არ ვარ".

ვინც ფიქრობს, რომ თითოეული ცოდვის კვალი არ არის მასში, ის ჯერ კიდევ სრულებით არ იცნობს საკუთარ თავს. თუკი ვინმე გაკადნიერდება და იტყვის, რომ უფლისგან ჩვენთვის ბოძებული რომელიმე მცნება, აკრძალვა თუ რჯულისმიერი სწავლება არ სჭირდება, ის ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა საკუთარ ყოფიერებაში. თუკი ათი მცნების თითოეული შეგონება, უფლისმიერი დარიგება არ ესაჭიროება, ესათნოება ვინმეს, მან პირველმა ესროლოს განკითხვისა და სასჯელის ქვა მოყვასს. მაგრამ ვინ აღმოჩნდება ისეთი გონებანაკლული, რომ გაბედოს და მოყვასზე აღმართოს ხელი, აიღოს ქვა იმ საბაბით, რომ ვერ ამჩნევს იმავე ცოდვას საკუთარ თავში, ვერ ამხელს თავის სულს მისი ჩადენის შესაძლებლობაში? ამგვარი აზროვნებითა და საქციელით ის ისევ და ისევ საკუთარი სულისთვის ჭედავს სასჯელს, იმეტებს მას ჩაქოლვისთვის, რადგან თვით თავის ბუნებას გამოუტანა დაუნდობლობის, უსიყვარულობისა და სიკვდილის განაჩენი. თუ მოყვასში ჩაბუდებულ ცოდვას ჩაქოლვით პასუხობ, თავადაც ჩაიქოლები - გაცილებით აღმატებული და მკაცრი სასჯელით, რომელიც ამპარტავნებისგან, ბოროტებისა და შურისგან ნაშობი განაჩენია.

განკითხვა მოყვასისთვის დამიზნებული სასიკვდილო იარაღია, რომელსაც ქვეცნობიერად საკუთარ ბუნებას ვესვრით, რადგან ყოველი ჩვენგანი თავის მოყვასში ამოიცნობა. ამიტომაც განმართლდა ცოდვით დამძიმებული მეძავი მაცხოვრის წინაშე, რადგან მისკენ თითგაშვერილი, ქვაშემართული, ღვარძლით დაბრმავებული მისივე ბუნების მქონე თანამოძმეთაგან ემხილა, გაიწირა სასიკვდილოდ. ასევეა თითოეული განმკითხველი, მოყვასის ჩასაქოლად, მოსაკლავად იარაღმოღერებული, თითგაშვერილი ადამიანი - სასიკვდილოდ წირავს მას, ვისი სიცოცხლისა და უკვდავებისთვის თვით ღმერთმა გაწირა თავი სასჯელისა და სიკვდილისათვის.

ყოველი თვისება, ნაკლოვანება თუ მიდრეკილება, რომელსაც მოძმეში ვეძებთ, ვამჩნევთ და განვიკითხავთ, თავად ჩვენშია. კარგი იქნება, თუ სულის სარკედ არა მოყვასს, არამედ საკუთარ თავს ვაქცევთ, რადგან მასთან გაცილებით ახლოს ვართ და ამიტომ ბევრად იოლია მასში ჩახედვა. რამდენადაც ვხედავთ სხვაში ბოროტებასა და ნაკლს, რამდენადაც განგვარისხებს, გაგვაღიზიანებს და დაუნდობელს გვხდის მოყვასის მიმართ მისი შეცოდება, იმდენად შორს ვართ განწმენდისგან, სინანულისგან, საკუთარი თავის შემეცნებისა და ლმობიერებისგან.

რომელი მოკვდავია ცოდვისგან სრულიად თავისუფალი? მართალი იობი ბრძანებს: "ერთი დღეც რომ იყოს ადამიანის სიცოცხლე, ჭუჭყისგან თავისუფალი მაინც ვერ იქნებოდაო", და იქვე დასძენს: "თვით ზეცაც არ არის წმინდა შენ წინაშე". ერთი და იმავე მომაკვდინებელი სნეულების მატარებელი ადამიანები ერთმანეთს თანაუგრძნობენ, მეტად უგებენ და უმეგობრდებიან, თითქოს საერთო ენა გამონახეს, საერთო სნეულებამ დააკავშირა, დააახლოვა ისინი. ერთად გადააქვთ მომწყვლელი ავადმყოფობის მძიმე ტკივილი. სულიც, რომელმაც დაინახა, გააცნობიერა და აღიარა საკუთარ თავში ცოდვის მომაკვდინებელი სენი, დუმდება, ბრმავდება მოყვასში ცოდვის ხედვის, განკითხვისა და გულისმიერი ზიზღისგან. პირიქით, სიბრალულისა და თანაგრძნობის განცდა ეუფლება და კიდევ უფრო მეტად უგებს, უკეთ ესმის მისი მდგომარეობა, როგორც მასავით სნეულისა და დაწყლულებულისა. ვინც სულის სიღრმეში თავისი თავი დაინახა, ცოდვიანობა შეიგრძნო და უძლურება გააცნობიერა, მან მიაგნო და იპოვა ყველაზე სასურველი, შეუფასებელი განძი კაცობრიობისა, რომელიც უფლის შემეცნებითა და სიყვარულით, მოყვასის ერთგულებითა და თანაგრძნობით გვირგვინდება და აღესრულება. ასეთი სული ქრისტიანული ჟანგბადით სუნთქავს, თითოეული ჩასუნთქვისას სულიწმინდის მადლით ივსება, რომლით აღვსებულიც არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე, რადგან ერთია, რომელიც ყოველივეს აკურთხებს, აღავსებს, განწმენდს და განადიდებს - მამა, ძე და სულიწმინდა, რომლის სუფევასაც არა აქვს დასასრულ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვა
1კ1