ვინც თავისი ცხოვრებით არ ეძიებს უფალს, ვერც ქვით ნაშენ ტაძარში შეძლებს მის პოვნას
ვინც თავისი ცხოვრებით არ ეძიებს უფალს, ვერც ქვით ნაშენ ტაძარში შეძლებს მის პოვნას
ძვირფასი ქვა ბრწყინავს, სანთელი კი ანათებს; ძვირფასი ქვა თვალისმომჭრელი და მიმზიდველია, სანთელი კი უბრალო, მაგრამ როცა მათ ბნელი მოიცავს, ძვირფასი თვლის ბრწყინვალება უჩინარდება, ქრება, სანთლის ნათების ძალა კი უფრო ძლიერად წარმოჩნდება. მრავალი სული ბრილიანტივით ბზინავს ცხოვრების მზის შუქზე, მრავალთათვის მისაბაძი და სახარბიელოა მათი ცხოვრება, ძვირადღირებული და ფასეულია მათი მიწიერი ყოფა, მაგრამ როცა ღამე ცვლის დღეს, სიკვდილი - სიცოცხლეს, კვამლივით იფანტება მათი წუთიერი, ჟამმოკლე ბრწყინვალება, აღარაფერი რჩება ცრუ დიდებისგან. მორწმუნე ადამიანის ცხოვრება კი დღის შუქზე ანთებული სანთლის მსგავსია, რომლის ნათების ძალა შეუმჩნეველია, დაფარულია, თუმც კი იწვის, ყოველ წუთს განილევა ღვთის სიყვარულისთვის. ასეთი კაცის სიცოცხლის ხარისხს, სინათლის ძალას მოახლოებული ღამე - ხორციელი აღსასრული ცხადყოფს.

ადამიანის შინაგანი სამყარო გულისა და გონების სახლია, რომელიც დღენიადაგ დაგვას, დალაგება-დასუფთავებას მოითხოვს. ჩვენი კეთილი ნებელობა, გამრჯე, ერთგული დიასახლისის მსგავსად, მარად უნდა ცდილობდეს, მოუაროს და უპატრონოს ჩვენს შინაგან კაცს, რაც მხოლოდ უფალზე ფიქრით, მორჩილებითა და სასოებითაა შესაძლებელი. მიტოვებულ ბინძურ სახლში ათასგვარი მღრღნელი, მწერი თუ ჭია-მატლი იბუდებს, ყოველი კუთხე-კუნჭული ობობას ქსელითაა დაფარული. ღვთის მადლს, სითბოს, ძალასა და მფარველობას მოკლებულ, ცოდვითა და უწმინდურებით დაბინძურებულ სულსაც ყოველგვარი "მღრღნელი, მჭამელი" გარს შემოეხვევა და განუწყვეტლივ ღრღნის.

უფლისგან ბოძებული სული წმინდათაწმინდაა, არაფერი გაგვაჩნია მასზე აღმატებული და ფასეული. ის ჩვენი გულისა და გონების მოუკლებელი საგანძურია, რომელიც ღვთისგან აღივსება ღვთისთვისვე შეწირული. იგია საზომი, სამხილი, დასტური ჩვენი ქრისტიანობისა, უფლის ერთგულებისა და სიყვარულისა. სულის შინაგანი კაცი ჭეშმარიტი სახე და ბაგეა სარწმუნოებისა, მას უმზერს და უსმენს უფალი ჩვენი. რაც მეტად ვიწმინდებით, მივიწევთ წინ სულიერად, მით მეტად გვესმის ღვთის ხმა ჩვენში. დიდი და ჩვენთვის მიუწვდომელია პატივი და ღირსება უფლის ხატად წოდებისა. ამდენად, სამადლობელიც შესაბამისი უნდა მივუძღვნათ და აღვუვლინოთ უფალს ჩვენი ცხოვრებით. ქრისტიანობა სიყვარულით, სარწმუნოებით გამოხატული და საღვთო მცნებათა აღსრულებით დამოწმებული მადლიერების შესაწირია ღვთისთვის. უფალი კი მაშინ იდიდება ჩვენში, როცა ვცდილობთ, სიწმინდით, პატივისცემით დავიცვათ მის მიერ ჩვენთვის ბოძებული ღირსება და პატივი, როცა მტერს არ მივცემთ საშუალებას, შეურაცხყოს და გათელოს იგი ჩვენში ჩვენივე მიზეზით, მოუნდომლობითა და უყურადღებობით. ვეცადოთ, უპატრონობის, მოუვლელობის, სიზარმაცის მტვერი და ჭუჭყი არ დაედოს ჩვენს სინდისს - სულის სარკეს, მარად განვწმინდოთ, გავასუფთაოთ იგი კეთილი ცხოვრებით, უფლისკენ სწრაფვითა და ერთგულებით.

სულის მსახურება ყველაზე ამაღლებული და საყვარელი მსახურებაა უფლისა. ნურავინ იფიქრებს, რომ ქვით ნაშენი ტაძრის პატივისცემა, მასზე მთხვევა და მოფრთხილება აუცილებელია, ღვთის ხელით გამოძერწილი სულისა და სხეულის ტაძრის ყოველწუთიერი პატივისცემა და ამბორი კი არა. ქვის ტაძარი ადამიანის ხელითაა აშენებული, სულის ტაძარი კი ხელთუქმნელია და უფალია მისი ამგებელი. დაზიანებული ქვის კედლის აღდგენა გაცილებით იოლია, ვიდრე სულის კედლისა, რომლის გამრთელება კვლავ მხოლოდ უფლის მიერაა შესაძლებელი. ამიტომ ვინც საკუთარი სულის ტაძარი დაანგრია და შეურაცხყო, მან დაგმო და შებილწა თითოეული ტაძარი ღვთისა, რადგან ჩვენ ჭეშმარიტი ღმერთკაცის მიერ განღმრთობილი, გამდიდრებული, აღდგომის შემდგომ გარდაქმნილი ადამიანური ბუნების მატარებელნი ვართ. თავად მაცხოვარმა მიიღო, შეიმტკიცა ჩვენეული ტაძარი, ამიტომ ყოველივეზე აღმატებული და ძვირფასია იგი ჩვენთვის. თვით შემოქმედმა ყოველივეზე მაღლა დააყენა იგი. ქვა ქვაზე არ დარჩება და ქვით ნაშენი ყოველი ტაძარი დაინგრევა, მაგრამ ჩემი სიტყვის მსმენელი და აღმასრულებელი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდეო, - ბრძანებს უფალი. ვინც სულს უკუაგდებს და შეურაცხყოფს - ღვთის ტაძარს შეაგინებს, ღვთის ტაძრის მაგინებელი კი ვერასდროს დაიმკვიდრებს საუკუნო დიდებასა და სიცოცხლეს.

უდიდესი შესაწირი ღვთისთვის ჩვენი სულის ნაყოფია, როგორც ამბობს წმინდა წერილი: "მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული". სწორედ ეს არის სახარებისეული ქვრივის ის ორი მწვლილი, რომელიც მონეტების კი არა, გულისმიერი ნაყოფის სიმრავლითა და სიწმინდით შეიწირა - ამის გამო ყველაზე მეტად წარმოჩნდა უფლის წინაშე. ამიტომ ვინც ეკლესიაში მიიჩქარის ძღვნის შესაწირად, უპირველესად საკუთარი სულის ტაძარს მიუძღვნას კეთილსინდისიერი შესაწირი, საბოძვარი ღვთისა, თორემ დავემსგავსებით ფარისევლებს, რომლებმაც უფალი ჯვარს აცვეს, თავად კი პასექისთვის მსხვერპლის შესაწირად მიიჩქაროდნენ; უფალს ძმარი და ნაღველი ასვეს, საკუთარ თავს კი ღვთის სახელით საპასექო ცხვარი დაუკლეს, რითაც საბოლოოდ დაიღუპეს სულები და აღხოცეს უფლის ხსოვნა თავიანთ თავში. ასევე გვემართება ჩვენც - უფალს ჯვარს ვაცვამთ საკუთარ სულში, ცოდვისმიერი შხამით ვარწყულებთ ქრისტეს, თავად კი ტაძრისკენ მივისწრაფვით თითქოსდა ღვთისთვის ლოცვისა და მადლობის აღსავლენად.

ვინც თავისი ცხოვრებით არ ეძიებს უფალს, ვინც თავის სულში არ აღმოაჩენს და განადიდებს მას, ვერც ქვით ნაშენ ტაძარში შეძლებს მის პოვნას და მასთან დაახლოებას, ფარისევლის მსგავსად კადნიერად ვერასოდეს განმართლდება. ამიტომ ლოცვას კი ნუ ვეძებთ მხოლოდ, განმართლება ვეძებოთ ლოცვით. ამოვხსნათ საიდუმლო განმართლებისა, ცოდვით ჩაკეტილი სულის ურდულის გახსნისა, რომლის გასაღებიც რწმენა და უფლის სასოებაა. ვეძებოთ ღმერთი სახარებისეული ცხოვრებით, მცნებებისეული ჩირაღდნით, ვეცადოთ შევიყვაროთ იგი არა მხოლოდ ბაგეებით, არამედ გულით, გონებითა და მთელი არსებით, რადგან კეთილი არჩევანით, სათნო განზრახვითა და ქმედებით აღსრულებული შესაწირი სურნელოვანი საკმეველივით იკმევა ზეციური მეუფის ტახტის წინაშე, უფლის მადიდებელსა და მსასოებელს კი არ მოაკლდება სარწმუნოება, სასოება და სიყვარული ყოვლადწმინდა სამებისა - მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ბეჭდვა
1კ1