გონს მოდი, ადამიანო! რა არის შენთვის მნიშვნელოვანი? რად გინდა დიდება, ვის უშველის ის? განა პატივი შეძლებს უმაღლესი მსაჯულის წინაშე შენს გამართლებას?
გონს მოდი, ადამიანო! რა არის შენთვის მნიშვნელოვანი? რად გინდა დიდება, ვის უშველის ის? განა პატივი შეძლებს უმაღლესი მსაჯულის წინაშე შენს გამართლებას?
მაცხოვრის სიტყვები: "უკუეთუ გნებავს სრულყოფაი, ერთიღა გაკლს შენ: წარვედ და რაოდენი გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, აღიღე ჯუარი და მოვედ და შემომიდეგ მე" (მარკ. 10,20) - შემდეგს ნიშნავს: "გონებრივად ამაღლდე ყველაფერ ყოფითზე, რადგან ყოველივეს დროებითად თვლი და გახსოვს, რომ აქედან თან არაფერს წაიღებ, ხელნი შენნი სხეულთან დარჩება, სული კი დამძიმდება და ვერ შეძლებს განიგდოს ტვირთი. თუ უწყით, რომ სული უკვდავია და სხეულთან ერთად არ მოკვდება, იფიქრეთ, რაოდენ ამაოა თქვენი შრომა და მცდელობა სიმდიდრის, სახელისა და ამათ მსგავსთა შესაძენად. მე იმათზე ვამბობ, ვინც პატივზე, სიმდიდრესა და დიდებაზე ზრუნავს. ვის სჭირდება ისინი? გონს მოდი, ადამიანო! რა არის შენთვის მნიშვნელოვანი? რად გინდა დიდება, ვის უშველის ის? განა პატივი შეძლებს უმაღლესი მსაჯულის წინაშე შენს გამართლებას? მოკვდავნო, გახსოვდეთ: სიმდიდრე, ღირსება და დიდება უკეთეს შემთხვევაში თქვენი სულისთვის არაფერს ნიშნავს, უმეტესწილად კი აუარესებს თქვენს მდგომარეობას. ოქროს შეძენას ნუ ესწრაფვით (მათე 10,9); ეცადეთ, იგი არამატერიალური ფორმით მოიპოვოთ და თანაც - რაც შეიძლება მეტი. ამქვეყნიური დიდება მტვერია; ის არარაობაა, რადგან არის სხვა, ზეციური დიდება, ღვთისა და მათი, ვისაც ღმერთი მას მიანიჭებს. მიწიერ სიცოცხლეში კი რისთვის გინდათ ის, თუ არა ეშმაკის თავშესაქცევად? ვინც მიწიერი დიდებისკენ ისწრაფვის, ვისაც ის სწყურია, ვისაც ამის გამო ავიწყდება მაცხოვრის ზემოთ მოხმობილი სიტყვები, თითოეულმა, "უკუეთუ გნებავს სრულყოფაი... წარვედ და რაოდენი გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, აღიღე ჯუარი და მოვედ და შემომიდეგ მე" (მარკ. 10,20).

თუ შენი ძმა, ღარიბი და ყველასთვის შეუმჩნეველი, წაიქცა, მიდი მასთან, წამოაყენე, დაბანე, გაათბე, გვერდით მოისვი და ნურავის დაცინვისა შეგეშინდება. ამისთვის გათელილი და უარყოფილი შეიქნები ყველა "წარჩინებულისგან", რომლებიც დაგცინებენ და გდევნიან. სწორედ ესაა იმ ჯვრის მცირე ნაწილი, რომელიც ნებაყოფლობით აღიღე. თუ მეგობრები შემოგთავაზებენ ქონებას, რომელიც არ გეკუთვნის და მასზე უარს იტყვი (თუმცა გეცოდინება, რომ ოქროს ზოდები გელის), შენი "სისულელისთვის" აგითვალწუნებენ და ამით კიდევ მიიმატებ შენი ჯვრის ნაწილს.

ცხოვრების უპატიოსნო სიკეთეთა ნებაყოფლობით უარყოფა ჯვართან მიახლოებაა. თუ მცნებებით ივლით, ე.ი. მას ზიდავთ - თქვენს გზაზე (ადამიანური გაგებით) მრავალ უსიამოვნებას, შეურაცხყოფასა და ცრემლს გადაეყრებით. მაგრამ ჯვარი არ დაგამძიმებთ, თუ თვალწინ ტანჯული ძე ღვთისა გეყოლებათ. თქვენ ხომ ჯვარზე არავინ მიგაჭედებთ, მხოლოდ და მხოლოდ მოჭარბებული ფუფუნება და კომფორტი არ გექნებათ. ჯვრის სიმძიმე უფლის მცნებებით ცხოვრების სურვილის მიხედვით იზომება. "გზა ცათა სასუფევლისკენ ვიწროა", - ვკითხულობთ სახარებაში. ამ გზაზე ჯვრით სიარული მძიმეა, მაგრამ მსურველი ყველაფერს დაითმენს და ჯვარს თვისას ბოლომდე ზიდავს. ბოლოს კი განეღება კარნი და იქ დაივანებს. ჯვრის სიმძიმე მოჩვენებითია და ამის არ უნდა შეგვეშინდეს. თითოეულს ეყოფა ძალა, გაუმკლავდეს გზად შეხვედრილ ცდუნებებს. თუ ჯვარს იღებ, გამოდის, ეშმაკს ომს უცხადებ, მაშასადამე, გახსოვს - ყველაფერი უფლისგანაა, მის ნებას სრულიად ემორჩილები და ყოველივეს სიხარულით იღებ.

ქრისტემ ბრძანა: "შემომიდეგ" - ეს მოწოდებაა იმ თავმდაბლობისა და თვინიერებისკენ, თავად რომ გამოავლინა, როცა ჯვარს ეცვა. "შემომიდეგ" იგივეა, რაც - აღიღე სახარება და ნუ გადაუხვევ მისგან. უფალო, მოწყალე გვექმენ ჩვენ ცოდვილთა! დიდება შენდა, უფალო, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

წიგნიდან "მთავარეპისკოპოსი იოანე სანფრანცისკოელი,
უცნობი ბერის საუბრები"
ბეჭდვა
1კ1