საკუთარ თავს ნუ მივაწერთ ყოვლადმოწყალე უფლის მიერ მომადლებულ ნიჭებს
საკუთარ თავს ნუ მივაწერთ ყოვლადმოწყალე უფლის მიერ მომადლებულ ნიჭებს
"დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა!" - ამ სიტყვებს უნდა წარმოთქვამდეს თითოეული ჩვენგანი ყოველი საქმის დაწყების წინ და დამთავრების შემდეგ. ერთ შემთხვევაში გამოითხოვდეს ღვთისგან კურთხევას, ხოლო მეორე შემთხვევაში აღავლენდეს მისდამი სამადლობელს.

როგორ უნდა ვადიდოთ უფალი? ძველი აღთქმის მამები თვლიდნენ, რომ უფალი შეწირული მსხვერპლით უნდა ედიდებინათ. ეს ტრადიცია ახლაც არის ჩვენში შემორჩენილი, როდესაც ეკლესიას საკლავს სწირავენ. მაგრამ გავიხსენოთ, რას ბრძანებს ღმერთი თვით ძველი აღთქმის უდიდესი წინასწარმეტყველის, დავით მეფსალმუნის პირით: "არა შევიწირავ მე სახლისა შენისაგან ზუარაკთა, არცა არვისა შენისაგან ვაცთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი... შესწირე ღმრთისა მსხვერპლი ქებისაი... და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე". ასე რომ, უფალი ჩვენგან მხოლოდ დიდებას ელის.

როგორც ნათქვამიდან ჩანს, ეს დიდება ორგვარია: სიტყვიერი და მოქმედებით გამოხატული. "მსხვერპლი ქებისაი" - სხვა არაფერია, თუ არა სიტყვიერი დიდების აღვლენა ყოვლადწმინდა სამებისადმი. ხოლო "შენ მადიდო მე" სიტყვიერ დიდებასთან ერთად საქმით აღვლენილ სადიდებელსაც გამოხატავს.

რას ნიშნავს მოქმედებით გამოხატული უფლის სადიდებელი? ეს, უპირველეს ყოვლისა, უფლის მცნებების ერთგულებაა, რაც მათი ყოველწამიერი აღსრულებით ვლინდება; საკუთარი ნების, სურვილების უგულებელყოფა და უფლის წმინდა ნებისადმი სრული მორჩილებაა.

დამეთანხმებით, ადვილი არ არის საღვთო მცნებების მიხედვით ცხოვრება - ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რაოდენ მოწყალეა კაცთმოყვარე ღმერთი, რომელიც ხედავს ჩვენს მონდომებასა და სწრაფვას სრულყოფილებისკენ და სულიწმინდის მადლს მოგვფენს, რომ შეგვიმსუბუქოს ეკლიანი, ვიწრო და ძნელად სავალი გზა, რომელსაც მარადიულ ნეტარებამდე, მამის წიაღამდე, უფალთან მივყავართ.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უფლის მცნებების აღსრულებისას დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან ადამის მოდგმის მტერი - ეშმაკი მუდამ ჩასაფრებულია, რათა როგორმე გაგვხლართოს თავის დაგებულ მახეში. როცა ადამიანი სულიერების გარკვეულ სიმაღლეს მიაღწევს, უარს იტყვის ხორციელ სიამოვნებებზე და მეტ-ნაკლებად აღასრულებს უფლის მცნებებს, ეშმაკი მის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს. და რაკი წუთისოფლის მრავალფეროვნებით ვეღარ იზიდავს, ახლა ცდილობს, ღვთის მცნებების აღსრულებით მიღწეული შედეგი - სათნოებები წარმართოს მის დასაღუპად.

სულიერი ცხოვრების პირველ საფეხურზე ვიგებთ, რომ, მაგალითად, მოწყალების გაღება მაშინ არის ღვთისთვის სათნო, როცა ამით არ ვამაყობთ და თავს არ ვიწონებთ. ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ჩვენს ფიქრებს, გულში გავლებულ თითოეულ ზრახვას, რათა აღვასრულოთ უფლის მცნება, რომელიც გვასწავლის: სიკეთის ქმნისას მარჯვენა ხელმა არ უნდა უწყოდეს, რასა იქმს მარცხენა. მოგვიანებით კი, როცა მოწყალების გაღება ჩვევად გადაგვექცევა, ნაკლებად ვაკვირდებით ჩვენს ფიქრებს, თვითშეფასებისას ვამაყობთ მიღწეული წარმატებით და სწორედ აქ ვებმებით ეშმაკის მახეში - ვვარდებით თავმომწონეობის ცოდვაში. მის უკან კი იმალება ამპარტავნება, რომელიც უფლის მიერ მომადლებული ნიჭების საკუთარი თავისთვის მიწერაა.

ამრიგად, უფალი სიმდაბლით უნდა ვადიდოთ. მივემსგავსოთ ჩვენს მაცხოვარს იესო ქრისტეს, რომელმაც უდიდესი სიმდაბლის მაგალითი მოგვცა მთელი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე. განკაცებულმა ძე ღვთისამ გვასწავლა, როგორი მოთმინებითა და თავმდაბლობით უნდა ვადიდოთ ყოვლის დამბადებელი, რაც უპირველესად მოყვასის მსახურებით გამოიხატება.

თუკი არ ვიქნებით თავმდაბალნი და თავს მოვიწონებთ გაკეთებული სიკეთით, გვახსოვდეს - ამით მხოლოდ უფლის რისხვას დავიმსახურებთ, რადგან საღვთო მცნებების მხოლოდ გარეგნული აღსრულებით სინამდვილეში დაცემულ ანგელოზს ვემსახურებით.

თავმდაბლობას კი ვერ მივაღწევთ, თუ არ გვექნება ჭეშმარიტი და უანგარო სიყვარული მოყვასისა. თუკი უსიყვარულოდ მოვუმართავთ ხელს მოყვასს, იმ განზრახვით, რომ სხვებთან თავი მოვიწონოთ, თვითონ მას კი ჩვენგან დავალებულად ვაგრძნობინოთ თავი, განა ეშმაკის მონება არ იქნება?

ამიტომ სულიერების ნებისმიერ საფეხურზე თავი ყველაზე უღირსად უნდა მივიჩნიოთ. როგორც კი შევამჩნევთ ჩვენში ამპარტავნების გაღვიძებას, მაშინვე გავიხსენოთ წმინდანთა ღვაწლი, მათი საქმენი, დაუღალავი ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ, უფლის სიყვარულის სამსხვერპლოზე დაღვრილი სისხლი და დავინახავთ, რომ სინამდვილეში არაფერს წარმოვადგენთ, ჩვენი მხსნელის იესო ქრისტეს სიტყვისამებრ, ცარიელ თავთავს ვგავართ, სიმსუბუქისგან თავაწეულს.

მაგრამ თუკი ვეცდებით, ჩვენი ყოველი სიტყვა თუ მოქმედება ერთადერთ მიზანს - პირველსახის დაბრუნებას, სრულყოფილების მიღწევას ემსახურებოდეს, მაშინ ამქვეყნიური დიდება ფასს დაკარგავს და ღვთის მადლის შეწევნით ლაღად გავივლით წუთისოფლის მრავალფეროვან საცდურთა ლაბირინთს.
ბეჭდვა
1კ1