ვინ იცის ჭეშმარიტი სიხარულის ფასი?
ვინ იცის ჭეშმარიტი სიხარულის ფასი?
ვისაც უტირია, უგლოვია საკუთარი ამაოება, ვნებებით სავსე ყოფა, დაცემულობა
არსებობს ცრემლი, რომელიც დიდი სიხარულის მიერ იშვება დ არსებობს ცრემლი, რომელიც დიდი სიხარულისთვის იღვრება. პირველი - სიხარულის ცრემლია, მეორე კი მწუხარებისა, მაგრამ კვლავ სიხარულისთვის დაღვრილი. სიხარულის ძიების გზაზე განცდილი ტკივილი ისევ და ისევ სიხარულის შვილია, მისგან ძლეული და განქარვებული, მაგრამ არის ისეთი ტკივილი, რომელიც მოჩვენებითი, ამაო, ცრუ ბედნიერების გზაზე გვხვდება, რომლისგან ნაშობი "კეთილდღეობა" მწუხარება, სიმძიმე და განსაცდელია.

რას წარმოადგენს ამა სოფლის ხიბლი და ბედნიერება? მის მიერ შემოთავაზებულ კვამლად ქცეულ ნეტარებას, რადგან გაჩენის დღიდან ვიდრე აღსასრულამდე სიკვდილის ჩრდილი არ შორდება ჩვენს ყოფიერებას. ყველაზე აღმატებული ბედნიერებაც კი წუთისოფელში მწუხარებით მთავრდება, რადგან ერთია აღსასრული ყველა მიწიერი მოგზაურისა.

მაშ, რა გვახარებს, რატომ ვერ ველევით და ვთმობთ ამ სოფელს? განა მისთვის გაწეულ ამაგს უმადურობითა და სიკვდილით არ გვიხდის? თუნდაც მეფე იყო ამ ცრუ სამყაროში, ფეხქვეშ გეგებოდეს მთელი დედამიწა, სადღაა შენი მეფობა აღსასრულის ჟამს? ვის დარჩა შენი ტახტი და სამეფო სკიპტრა? იმას ხომ არა, ვინც შენი მონა-მორჩილი გეგონა? წარმავალს თურმე თვითონვე ემსახურებოდი და რაშიც სიცოცხლესა და სიხარულს თესავდი, მწუხარება და სიკვდილი აღმოგიცენა. წუთისოფელი ფუჭ სიხარულში დაფარული მწუხარებაა, ტკივილია, მაგრამ მადლობა უფალს, რომ მოგვმადლა ნიჭი საოცარი, ზებუნებრივი, ჭეშმარიტი, არაამქვეყნიური სიხარულისა, რომელიც ცოდვილი წუთისოფლისთვის განსაცდელი და მწუხარებაა, ხოლო მასში მცხოვრები ქრისტიანისთვის - შეწევნა, სასოება და სიხარული. დედის საშოდან გამოსული ახალშობილის მსგავსად, ქრისტიანის სულიც ტირის ამ მიწაზე, იტანჯება, წუხს, სანამ კვლავ ზეციური მშობლის, ჭეშმარიტი ღმერთის წიაღში არ დაბრუნდება.

უფლის მაცოცხლებელი სიტყვა, მისი მცნებები ჩვენს არსებაში შემოსული უდიდესი სიმდიდრეა, რომელიც სიხარულის მარგალიტებად გვეღვრება სულში. თითოეული ამ მარგალიტის მოპოვება, გამოყენება და შენარჩუნება მრავალ ტკივილთან, განცდასა და მწუხარებასთან არის შერწყმული, მაგრამ დაწყლულებულის მსგავსად ისიც განკურნების მოლოდინითაა განქარვებული. სნეულება განსაცდელია, მაგრამ გამოჯანმრთელება გაცილებით აღმატებული სიხარულია, რომელიც შლის ნაკვალევს გაჭირვებისას. ჯანმრთელობის ფასი და გემო სნეულებით შეიცნობა, საღვთო სიხარულისა და ბედნიერებისა კი - განსაცდელებითა და მწუხარებებით.

სიხარული უფლის სიახლოვის, მასთან ერთობის მიერ სულში ნაშობი გრძნობაა. სიხარული სათნოებათა, კეთილ საქმეთა აღსრულებით გულში შემოსული სიტკბოა სასუფევლისეული სიდიადისა. სიხარული მწუხარების, ცოდვათა განცდისა და სინანულის ცრემლის დაღვრის შედეგად განწმენდილი, გამოდარებული "ცაა" ჩვენი შინაგანი კაცისა. სად არის დასაბამი სიხარულისა? იგია ნაყოფი საკუთარ თავში უფლის მიგნებისა, მასზე ფიქრისა, გულისყურის მიდევნებისა. სიხარული სასოებანარევი ცრემლის გაგრძელებაა, მისი გამშვენებაა, რადგან მასშია შობილი, ფესვგადგმული და აღმოცენებული. ვინ იცის ჭეშმარიტი სიხარულის ფასი, ვის განუცდია მისი სიტკბო და სურნელება? მონანულ, ცრემლებში მოღიმარ სულს; მას, ვისაც ჰქონია "განცდა თვისთა ცოდვათა", ვისაც უტირია, უგლოვია საკუთარი ამაოება, ვნებებით სავსე ყოფა, დაცემულობა. სულში მანამ გვექნება მწუხარება, სანამ ვნებების შავ ღრუბლებს არ გადაყრის, გაფანტავს ცრემლი სინანულისა, სანამ ცოდვათა გლოვის გამო დაღვრილი ცრემლი არ იწვიმებს ჩვენს სულში, რითაც გამობრწყინდება მზე სიმართლისა - იესო ქრისტე. მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესმიერი ცრემლითაა შესაძლებელი, დაიცალოს, გათეთრდეს ჩვენში არსებული შავი ღრუბლები, რათა მოწმენდილ, გამოდარებულ სულის ცარგვალზე გამოანათოს სიბრძნემ ქვეყნიერებისამ - წმინდა სამებამ, მამამ, ძემ და სულიწმინდამ, რომლის მიერ გამთბარი და განათებული არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე, რამეთუ იგია ერთადერთი, რომელსაც ეკუთვნის ყოველი სიმდიდრე, დიდება, სიმტკიცე და პატივისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეჭდვა
1კ1