მაგრამ ვერ დაიტია ის ნათელი და პატივი, უფალმა რომ მიანიჭა
მაგრამ ვერ დაიტია ის ნათელი და პატივი, უფალმა რომ მიანიჭა
ანგელოზთა დაცემა
ღმერთმა ანგელოზები, სულები, დემონები წმინდა და მარტივ არსებებად შექმნა და თუ ზოგიერთი მათგანი ბოროტებისკენ მიიქცა, ეს მათივე მიზეზის გამო მოხდა, ვინაიდან ნებით უარყვეს ღირსჩინებული განგებულება.

ანგელოზი, რომელიც განწესებულთა ზედა იყო დადგენილი და რომელსაც უფალმა დედამიწის დაცვა დაავალა, ბოროტი არ შექმნილა. თავდაპირველად ისიც კეთილი გახლდათ, სიკეთისთვის შექმნილი, მას შემოქმედისგან იოტისოდენა ბოროტება არ მიუღია, მაგრამ ვერ დაიტია ის ნათელი და პატივი, უფალმა რომ მიანიჭა, თავისივე ნებით გარემიიქცა იმისგან, რაც ბუნების თანხვედრია და იცვალა იმად, რაც ეწინააღმდეგება ბუნებას; ეშმაკი ამპარტავნებით აღივსო შემოქმედის მიმართ, წინ აღუდგა მას და გახდა პირველი, ვინც სიკეთეს განეშორა და ამის გამო ბოროტებას ეწია; ბოროტება კი სხვა არაფერია, თუ არა მოკლება სიკეთისგან, მსგავსად ბნელისა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მოკლება ნათლისა. ვიცით, რომ სიკეთე სულიერი ნათელია, ამგვარად, ბოროტება სულიერი სიბნელეა. ანგელოზებრივნი ძალნი შექმნილნი იყვნენ ნათლად და კეთილად: "იხილნა ღმერთმა ყოველნი, რაოდენნი ქმნა და აჰა, კეთილ ფრიად" (დაბ. 1:31). ანგელოზყოფილი ეშმაკი კი საკუთარივე თავისუფალი ნების მეოხებით გახდა ბნელი და ბოროტი. მან თან წაიყოლა ურიცხვი მისდამი დაქვემდებარებული დემონი, რომელნიც ამგვარად ეშმაკთან ერთად დაეცნენ. ასე რომ, ეშმაკი და დემონები ბოროტებად საკუთარი ნებითვე იქცნენ.

ეშმაკსა და მის დემონებს არ აქვთ არც ხელმწიფება და არც ძალა ვინმეს წინააღმდეგ, ვინმეს საცთუნებლად, თუკი ღმერთისაგან არ მიეცემათ ამის ნება საღმრთო განგებულებით, როგორც, მაგალითად, მართალი იობის შემთხვევაში მოხდა ან როგორც წმინდა სახარებაშია მოთხრობილი (ეშმაკეული ლეგიონის განსხმისა და ღადარინელთა ღორების კოლტის დაღუპვის შესახებ). ეშმაკი და მისი დემონები ძლიერნი არიან მხოლოდ უფლის ნებით, მისი დაშვებით და ძალუძთ, ისეთი სახე მიიღონ, როგორიც მოესურვებათ, შესაბამისად თავიანთი წარმოსახვისა.

არც უფლის კეთილმა ანგელოზებმა და არც დემონებმა არ უწყიან მყოობადი. კეთილი ანგელოზები ღვთის ნებით მხოლოდ მაშინ განგვიცხადებენ ხოლმე მომავალს, როცა ღმერთი გაუმხელს და უბრძანებს, ადამიანებს უწინასწარმეტყველონ. ამიტომაც აღესრულება ხოლმე ყოველივე ის, რასაც ანგელოზნი გვამცნობენ, ბოროტი დემონები კი წინასწარ შემთხვევით განაცხადებენ მომავალს, უფრო ხშირად კი მხოლოდ მარჩიელობენ მოსალოდნელზე და ტყუვდებიან. ამიტომ ვერ ვერწმუნებით დემონებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ისინიც იტყვიან ხოლმე სიმართლეს.

ამრიგად, ყოველგვარი მანკიერება და ცოდვა, აგრეთვე არაწმინდა ვნებანი, ეშმაკისა და მისი დემონების მოგონილია. მართალია, ნაბრძანები აქვთ (უკეთ, ნება აქვთ დართული), გამოსცადონ ადამიანი, მაგრამ ვისიმე იძულება არ შეუძლიათ, რადგან მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, მოვიგერიებთ თუ არა მათ თავდასხმას. ეშმაკი, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, კარგი სარეკლამო აგენტია. ის გვთავაზობს, გვაცდუნებს, მომხიბლავ ფერებში გვიხატავს სინამდვილეს, მაგრამ დაცემულ ანგელოზს არ შეუძლია, საკუთარი ნება ძალით მოახვიოს ვინმეს თავს. არჩევა ადამიანის უფლებაა.

ეშმაკისა და დემონებისთვის შემოქმედის მიერ განმზადებულია დაუშრეტელი ცეცხლი და საუკუნო სატანჯველი.

უნდა ვიცოდეთ, რომ დაცემა ანგელოზისთვის იგივეა, რაც სიკვდილი ადამიანისთვის, რადგან დაცემის შემდეგ მათ არ ძალუძთ მონანიება, ისევე როგორც ადამიანს არ შეუძლია ცოდვათა მონანიება სიკვდილის შემდეგ.

მორწმუნემ არ უნდა თქვას, რომ ბოროტის არსიც ღვთისგანაა, რადგან ურთიერთის საპირისპირო ერთმანეთს ვერ განამტკიცებს. არც სიცოცხლეს უშვია სიკვდილი და არც ბნელია დასაბამი ნათლისა. შეიძლება, ვინმემ იკითხოს: თუკი ბოროტი დაუბადებელია და არც ღვთისგანაა შექმნილი, მაშ, რატომ არსებობს მისი ბუნება? წუთისოფელში მცხოვრებთაგან ხომ ვერავინ უარყოფს ბოროტების არსებობას!

ამის პასუხად უნდა ითქვას, რომ ბოროტება არ არის სულიერი და ცხოველი; იგი სათნოების მტერია, რომელიც სიკეთის მოკლების გამო აღიძვრება სულში. ნუ იფიქრებთ, რომ ბოროტი ჩვენს გარეთაა და ნურც იმას წარმოიდგენთ, რომ დასაბამიდან არსებობდა იგი, - თითოეული ჩვენგანი თვითონაა დასაბამი თავისი ბოროტებისა (წმინდა ბასილი დიდი), ისევე როგორც დაცემული ანგელოზი გახდა თავისი ბოროტების მიზეზი.

დაცემულმა ანგელოზებმა, დემონებმა, ადამიანთა საცდუნებლად სხვადასხვა გასაოცარი თვისება შეიძინეს. ამათგან ყველაზე მზაკვრული და ქრისტიანისთვის ძნელად გასარჩევი შემდეგია: დემონს არც უბიწოება სძულს და არც მარხვა ეზიზღება, მსგავსად ამისა, არც ქონების გაცემა, არც სიმდაბლე, არც ფსალმუნთა გალობა, არც სიბეჯითე წიგნთა კითხვისადმი, არც განმარტოება, არც მაღალი გონებამჭვრეტელობა, არცა მიწაზე წოლა (იგულისხმება ზოგადად ასკეტური მოღვაწეობა - ავტ.), არც მღვიძარება, არც სხვა რაიმე, რითაც ხასიათდება ღვთისთვის სათნო ცხოვრება - მანამდე, სანამ ამ საქმეთა აღსრულების მიზანი მისთვის რითიმე სასარგებლოა (წმინდა მაქსიმე აღმსარებელი).

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1