არასრულფასოვნების კომპლექსი მცონარების ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო შედეგია
არასრულფასოვნების კომპლექსი მცონარების ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო შედეგია
უფალო, მასწავლე მე თავმდაბლობა
ყველაფერი გვეზარება: შრომა, სწავლა, წესრიგი, კანონმორჩილება, თუ ქრისტიანია კაცი, ლოცვაც, კეთილი საქმეები და, რაც მთავარია, საკუთარი თავის რეალობაში დანახვა, სიმართლის ცოდნა საკუთარ თავზე - ამას გვირჩევნია საკუთარი შეხედულებები, გემოვნება, აზრები, ფანტაზიები ჩვენს გაზულუქებულ, სულიერად დაჩლუნგებულ ეგოზე, რაც არანაირ შრომას, ძალისხმევას არ მოითხოვს ჩვენგან, პირიქით, სასიამოვნოც კი არის. ამის საპირისპიროა რეალობის დანახვა, რაც ინტელექტუალურ და სულიერ შრომას მოითხოვს და დისკომფორტულიც არის, მაგრამ ამ მართებულ ზღვარზე გადის ადამიანის გადარჩენა თუ დაღუპვა, შრომა თუ თავდავიწყება და უდებება, ლოცვა თუ ღრეობა, თავმდაბლობა თუ არასრულფასოვნების კომპლექსი.

თავმდაბლობა თუ არასრულფასოვნების კომპლექსი - ხშირად სეკულარულ სამყაროში ეს ორი ცნება ერევათ ერთმანეთში, არადა მათ შორის დიდი განსხვავებაა. ადამიანი თავმდაბალი (რა თქმა უნდა, ქრისტიანული ცნობიერების მქონე) გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამისკენ მიზანმიმართულად ისწრაფვის - უდიდესი ძალისხმევის შედეგად - ლოცვით, მარხვით, ღვთის მცნებების მუდმივი ხსოვნით და კიდევ საჭოჭმანოა, ამგვარი გახდეს. თავმდაბალი ადამიანი შრომისმოყვარეა, კომპლექსიანი - ზარმაცი (უპირველესად ვგულისხმობ სულიერ ასპარეზს). თავმდაბალი თავს ყველაზე უარესად თვლის, მაგრამ ზუსტად ასეთივე ჰგონია თავი არასრულფასოვნების კომპლექსის მქონესაც. ამ თითქოსდა ერთნაირ შეხედულებას შორის უდიდესი განსხვავებაა!

ფსიქოლოგების განსაზღვრებით, არასრულფასოვნების კომპლექსი პიროვნების სტრუქტურის შეუგუებლობაა, რომელიც გარშემომყოფთა უპირატესობის განცდით იტანჯება. არასრულფასოვნების კომპლექსი შეცდომების, წარუმატებლობების შედეგად წარმოიქმნება და ადამიანის ქცევაზე არსებით გავლენას ახდენს. არასრულფასოვნების კომპლექსი პირველმა შეისწავლა და აღწერა გერმანელმა ფსიქოანალიტიკოსმა ალფრედ ადლერმა. და მაინც, რა განსხვავებაა თავმდაბლობასა და არასრულფასოვნების კომპლექსს შორის?

ზიარების წინ საკითხავ ლოცვებში ვკითხულობთ: "მწამს, უფალო, და აღვიარებ, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა, მოსრული სოფლად ცხოვრებად ცოდვილთა, რომელთაგან პირველი მე ვარ". ეს ლოცვა შეადგინა იოანე ოქროპირმა, რომელმაც პავლე მოციქულის სიტყვები გამოიყენა. პავლე მოციქულიც და იოანე ოქროპირიც, რა თქმა უნდა, ამ სიტყვებს გულახდილად ამბობდნენ.

ერთ-ერთი ძველი პატერიკი მოგვითხრობს, თუ როგორ ცდიდა ვიღაც ერთ გამოცდილ ბერს - შენ სულელი ხარო, - ეუბნებოდა.

- კი, სულელი ვარ, - პასუხობდა ბერი.

- უხეში ხარ.

- დიახ, - ეთანხმებოდა ბერი.

- შენ მწვალებელი ხარ.

- არა, მე არ ვარ მწვალებელი.

ბერს ჰკითხეს, რატომ დაეთანხმე ყველაფერზე, გარდა ბოლო ბრალდებისაო. უპასუხა, რომ მას ყველა ცოდვა ეხებოდა, ხოლო მწვალებელი არის ის, ვინც ღმერთს ეწინააღმდეგება, ის კი არ ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ განა ცოდვით ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ღმერთს?

მწვალებელი არის ის, ვინც განზრახ, გააზრებულად აღუდგა და ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას, ჩვენ კი ვცოდავთ უნებურად ან სისუსტის გამო, ხოლო მწვალებელს ამოძრავებს განზრახვა - "მე არ ვარ სხვა ადამიანებისნაირი, რადგან უკეთ ვიცი, როგორ უნდა ვიწამოთ ღმერთი. წმინდა მამებმა ცუდად იცოდნენ, მე უკეთ ვიცი". ეს სრული უვიცობაა, რომელიც ამპარტავნებასთანაა დაკავშირებული.

ამის საპირისპიროა თავმდაბლობა. ეს პარადოქსული და არაჩვეულებრივი თვისება ღვთის საჩუქარია. ნებისმიერი სათნოება ღვთის ნაბოძარია, მაგრამ თავმდაბლობა განსაკუთრებულია. თუ კაცს უნდა, რომ ეს ჰქონდეს, უნდა ლოცულობდეს: "უფალო, მასწავლე მე თავმდაბლობა, უფალო, განაგდე ჩემგან ქედმაღლობა". არასრულფასოვნების კომპლექსი მხოლოდ გარეგნულად ჰგავს თავმდაბლობას, არსით კი სხვადასხვაა.

მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ თავმდაბალნი და დაკომპლექსებულნი საკუთარ თავს ყველაზე უღირსად მიიჩნევენ?

დიდი წმინდანები გულწრფელად თვლიდნენ საკუთარ თავს ყველაზე უღირსებად, ცოდვილებად. ჩვენ არ ვართ თავმდაბალნი, ხოლო დიდი წმინდანები თავმდაბლები არიან, მათთვის რაც არ უნდა ეთქვათ - მშვიდად მიიღებდნენ, შეეძლოთ მშვიდად ეპასუხათ ჩვენი პატერიკის ბერივით. მან სრულიად მშვიდად მიუგო, რომ ის არ იყო მწვალებელი, ამასთან, არავის აწყენინა და თვითონაც არ განრისხებულა. ცდილობდა, ეკლესიის თავმდაბალი შვილი ყოფილიყო. ცდილობდა, ეკლესიის სწავლებისამებრ ეცხოვრა.

ეს პრინციპული მომენტია: თავმდაბალი ადამიანი - ეკლესიის შვილია, ხოლო დაკომპლექსებული - მხოლოდ ფორმალურად თავმდაბალია, რადგან ცოდვა გამოყოფს ადამიანს ეკლესიისგან. ფიზიკურად შეიძლება ვიყოთ ეკლესიაში, მაგრამ სულიერად ვეთიშებით მას. როცა ადამიანი ინანიებს, მაშინ ეს სულიერი ბარიერი გადაილახება. თუკი მშვიდობაა შენსა და ეკლესიას შორის (ეკლესია ქრისტეს სხეულია, ხოლო ქრისტე ეკლესიის თავია), ე.ი. შენ შეურიგდი ღმერთს. არ შეიძლება ეკლესიის გარეშე ცხოვრება, მის გარეთ არ არის ხსნა! თავმდაბალს ეს კარგად ესმის. ეკლესიის გარეთ მისი ძალისხმევა შეიძლება წარმატებული იყოს, სასარგებლოც კი, მაგრამ სავსებით შეზღუდული და არასაიმედო. თუკი ჩვენ ეკლესიასთან შერიგებულნი ვართ, მაშინ სულიერი კუთხით ყველაფერი კარგად გვაქვს.

არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ადამიანს ახასიათებს ფსევდოთვითდამდაბლება. ასეთი თავის თავს ლანძღავს, ლაპარაკობს საკუთარ თავზე - ყველაზე ცუდი ვარო, მაგრამ აბა, ასეთს სხვამ უთხრას, ყველაზე უარესი ხარო, შეიძლება თვალები ამოგთხაროს ან თვალცრემლიანმა ისტერიულად შეჰყვიროს: "როგორ გაბედეთ ჩემი შეურაცხყოფა! არ იცით, რომ მე ისედაც მიჭირს და ცუდად ვარ... თქვენი დახმარების იმედი მქონდა, ამის მაგივრად კი მეუბნებით, ყველაზე ცუდი ხარო". თუ არ შეგიძლია, ნუ დაგიჟინია, თავმდაბალი ვარო. გამოდის, რომ ადამიანი თავს იმდაბლებს, მაგრამ სინამდვილეში სიმდაბლისგან ძალიან შორსაა, ანუ ქედმაღალია. ქედმაღლობის ორი სახე არსებობს: როცა ადამიანებზე მაღლა მდგომად წარმოიდგენენ თავს და როცა ადამიანთა მიმართ მოჩვენებით იმდაბლებენ თავს. მეორე შემთხვევაში ქედმაღლობა და ამპარტავნება უფრო მწვავე და სიღრმისეულია, ვიდრე აშკარა. ორივე კი ფარისევლურ დამოკიდებულებამდე მიდის - მე ისეთი არ ვარ, როგორიც ყველა. ერთი ფიქრობს, რომ ყველას მჯობნია, მეორე კი: ყველაზე უარესი ვარო; მაგრამ ორივე ქედმაღალი და ამპარტავანი რჩება. სახარებისეული მეზვერე თავმდაბლად ამბობდა: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას".

დაკომპლექსებულობა ცოდვაა. ასეთ ადამიანს არ სჯერა თავისივე ნათქვამისა. წმინდანს რომ უთხრათ, ცოდვილი ხარო, გაუხარდება: "კეთილი მეყოს მე, რათა დავმდაბლდი მე, უფალო". უფალმა სხვისი პირით მიუთითა მას თავისი ნაკლი და შესაძლებელი გახადა, ადამიანს დაენახა საკუთარი ცოდვა. ცოდვასთან ბრძოლა - სინანულია, რომელიც გულისხმობს მანკიერებების დაძლევას, რაც ადამიანს სიცოცხლეში გაუკეთებია. მარიამ მეგვიპტელმა ბევრი ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ სინანულის ცრემლებით სრულიად განიწმინდა და როცა მამა ზოსიმეს თავის ცხოვრებაზე უყვებოდა, ტიროდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე წმინდა იყო. უფალმა მას მიუტევა ცოდვანი, მაგრამ მარიამმა საკუთარ თავს არ აპატია. პეტრე მოციქულიც ყოველ მამლის ყივილზე ტიროდა - უფალმა მას აპატია, თვითონ კი ახსოვდა თავისი ღალატი და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სინანულში იყო. სინანული უდიდესი გრძნობაა, რაც ადამიანს განწმენდს - ეს ბედნიერებაა!

ასე რომ, თავმდაბალი ადამიანი ინანიებს, ხოლო დაკომპლექსებული - არა. ეს სრულიად განსხვავებული რეაქციებია, პრინციპულად სხვაგვარად მოწყობილი ადამიანთა სულნი. ერთი თითქოსდა რაციონალურია; სიცოცხლის მანძილზე ყველაფერს გააანალიზებს, თადარიგის დაჭერას ცდილობს, მაგრამ როცა უშვებს შეცდომას, შესაბამის დასკვნებს არ აკეთებს და, რაც მთავარია, არ ინანიებს, არამედ ცდილობს, საკუთარი შეზღუდული ძალებით (ადამიანი, რაც არ უნდა დიდი შეხედულება ჰქონდეს საკუთარ თავზე, მაინც შეზღუდულია) გადალახოს თუ გამოასწოროს და, რა თქმა უნდა, არაფერი გამოსდის. მეორე კი თავმდაბალია - თავმდაბლობა კი იდუმალი სილამაზის მატარებელია და ღვთისთვის სათნოა!

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1