გონება სამშვინველი არ არის; ის ღვთის ნიჭია, რომელმაც სული უნდა იხსნას
გონება სამშვინველი არ არის; ის ღვთის ნიჭია, რომელმაც სული უნდა იხსნას
გამოკრებილი წმინდა ანტონი დიდის სწავლებათაგან
ჩვეულებრივ, როცა კაცზე იტყვიან, გონიერიაო, ამ სიტყვას არასწორი მნიშვნელობით ხმარობენ. გონიერი ის როდია, ვისაც ძველ ბრძენთა გამონათქვამები და ნაწერები დაუსწავლია, არამედ ჭეშმარიტად გონიერი ის ადამიანია, ვისაც სული აქვს გონიერი და ძალუძს, სწორად განსაჯოს, რა არის კეთილი და რა - ბოროტი.

ჭეშმარიტად გონიერ ადამიანს მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვს - მთელი არსებით დაემორჩილოს და სათნოეყოს ღმერთს. მხოლოდ შემოქმედს მიუძღვნის გონიერი კაცი თავის სულს.

ადამიანი იმას შეიძლება ეწოდოს, ვინც ნამდვილად გონიერია, ანდა იმას, ვინც საკუთარი თავის გამოსწორებას შესდგომია. გამოუსწორებელს უკეთურებაში - არ უნდა ეწოდოს ადამიანი, რადგან გამოუსწორებლობა არ არის ადამიანური თვისება.

მაშასადამე, მხოლოდ ჩვენში არსებული ჭეშმარიტი გონიერება გვხდის ღირსად, ადამიანებად ვიწოდებოდეთ. ხოლო თუკი არ გვექნება ამგვარი გონიერება, პირუტყვისგან მხოლოდ მეტყველების უნარი და სხეულის ნაწილთა განლაგება თუ განგვასხვავებს. თავისი გონიერებით ადამიანი მსგავსია ენით გამოუთქმელი ღვთაებრივი ძალისა.

ისევე როგორც მხედველობის უნარი მოგვანიჭა შემოქმედმა, რომ შევიმეცნოთ - რა არის თეთრი და რა - შავი, გონიერებაც იმისთვის მოგვმადლა, რომ გავარჩიოთ - რა კეთილია და რა - ბოროტი, რა არის სასარგებლო სულისთვის და რა - მხოლოდ საზიანო. როცა ჩვენში აღმოცენებული მიწიერი სურვილები შორდება გონიერებას და გრძნობისმიერი სიამეებისკენ მიგვაქცევს, ჩვენი სული კარგავს ძალას საკუთარი თავის ხსნისა, ანუ უნარს იმისა, რომ თანაზიარი იყოს ღვთისა.

გონიერმა კაცმა, საკუთარ თავს რომ ჩაუკვირდება, იცის, რისი გაკეთებაა საჭირო და სასარგებლო მისი სულისთვის, რა არის მხსნელი მისთვის და რა - უცხო და დამღუპველი. გონიერი სული ყოველთვის იმას ცდილობს, მოშორდეს უჯერო საქციელს, ქედმაღლობას, ამპარტავნებას, სხვათა ცდუნებას, შურს და მრავალ მსგავს ცოდვას.

თუკი ადამიანს ნამდვილად გონიერი და სიკეთის მოყვარე სული აქვს, ეს მის ყოველ ნაბიჯში გამოჩნდება - გამოხედვაში, სიარულში, ხმაში, ღიმილში, საუბარსა თუ სხვათადმი დამოკიდებულებაში. ამგვარ სულში ყოველივე კეთილად შეცვლილა და მისი ღვთივმოყვარე გონება, მსგავსად ფხიზელი მეკარისა, ჩარაზავს ყველა შესასვლელს ბოროტ და სამარცხვინო ზრახვებისთვის.

გონიერი კაცი, რომელიც მარად იმაზე ფიქრობს, რომ უფალთან იყოს და მას ეზიაროს, არასოდეს მიეჯაჭვება რაიმე მიწიერს, არამედ გონება ყოველთვის ზეციურისა და მარადიულისკენ აქვს მიმართული, რადგანაც იცის - ღმერთის ნებაა მიზეზი ყოველივე კეთილისა და წყარო საუკუნო ნეტარებისა და ღვთის ამ უზენაესი ნებით დადგენილია ხსნა კაცთა მოდგმისა.

კაცი უცებ ვერ გახდები კეთილმსახური და ბრძენი; ეს ღრმა განსჯით, მეცადინეობით, ხანგრძლივი ღვაწლითა და, რაც მთავარია, კეთილ საქმეთა აღსრულების გზით მიიღწევა, ამასთან, ადამიანს გულწრფელი სურვილი უნდა ამოძრავებდეს. კეთილი და ღვთისმოყვარე ადამიანი, ჭეშმარიტად შემცნობი უფლისა, მოსვენებას არ აძლევს საკუთარ თავს და ყოველივეს იმისთვის აკეთებს, რომ შემოქმედს სათნოეყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარი ადამიანები ჩვენს ცოდვილ ცხოვრებაში იშვიათნი არიან.

გონება სამშვინველი არ არის; ის ღვთის ნიჭია, რომელმაც სული უნდა იხსნას.
ბეჭდვა
1კ1