გონიერება მდაბალი გულის შვილია, სიყვარულით ნასაზრდოები
გონიერება მდაბალი გულის შვილია, სიყვარულით ნასაზრდოები
გონიერება მართლმხედველი, ნათლით მოსილი, ზომიერი თვალია სულისა. გონიერება შემეცნება, შეგრძნება და გათავისებაა საკუთარი უმეცრებისა, უმწეობისა, ღვთის წინაშე ჩვენი უსუსურობისა. გონიერება ნათლის გზაზე შედგომა, სიკეთის ნდომა და წყურვილია, უფლის ძიებაა სულიერი შიმშილისას, ტკივილისას, სიხარულისას, სიმაძღრისას, სიმდიდრისას, დაცემისა და აღდგომისას. იგი ყველგან და ყველაფერში უფლის წყალობისა და მადლის ხედვაა. გონიერება სათნოებათა მშობელია, რომელთაგანაც თავად იკვრება, იზრდება და დაუღალავად, შეუჩერებლად იკაფავს გზას სისრულისკენ. იგი წმინდა გულში, უფლის სიყვარულითა და რწმენით სავსე გულში დაგროვილი საუნჯეა, უდიდესი განძია, რომელმაც იცის, როგორ გამოიყენოს ამ საგანძურში არსებული თითოეული მადლის ქვა, რათა სათნოეყოს ღმერთს.

უფლის სიყვარულში, სიწმინდეში ჩაძირული გული გონიერია, რადგან ქვეყნიერების გონთან შემტკიცებული, შედუღებული ადამიანის სული არ შეიძლება როდისმე დაშრეს, მოსწყდეს სიბრძნესა და ჭეშმარიტებას, უშრეტ წყაროსავით რწყულდება უფლის სიბრძნისა და ჭეშმარიტების ოკეანისგან.

რა არის გონიერება? გამუდმებული ძიება, დაუღალავი მიახლება ღმერთთან, გონების სიბრძნით წარმართვა და გამოყენება. იგი სათნოებებში, სიკეთეში აღმოცენებული ერთგულებაა უფლისა, რომელიც სიმტკიცე და დასტურია რწმენისა. გონიერება მწყემსია ღვთის მიერ ბოძებულ ნიჭთა, რომელიც, როგორც მწყემსი ცხვრის ფარას, ისე წარმართავს და "მიერეკება" მათ ცხოვრებისა და უკვდავებისკენ. გული იმდენად არის გონიერი, რამდენადაც იწმინდება მასში დაგროვილი ვნებებისა და სიბინძურისგან. მაცხოვარი გვასწავლის: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ".

თითოეული ვნება სიბრმავე და სნეულებაა სულისა. რამდენადაც ვნებულია ადამიანი, იმდენად უმეცარი და დაბინდულია მისი სული, ხოლო სადაც უმეცრებაა, იქ არ არის ადგილი გონიერებისა; იგი მხოლოდ განწმენდილ, განათლებულ, ღვთის მადლით სავსე გულშია დავანებული, სადაც ბნელი ნათლისგანაა გაყრილი, სადაც სიმართლე ცხოვრებითაა შემოსილი. უფლისმიერი ცხოვრება სიბრძნისა და გონიერების გზაზე შედგომაა, განწმენდის ბილიკზე სიარულია, რომელიც დაუსრულებლად გრძელდება და საღვთო მეცნიერების უძირო მორევში იძირება.

გონიერება მდაბალი გულის შვილია, სიყვარულით ნასაზრდოები, სასოებით დაცული და განმტკიცებული. იგი სათნოებათა სათნოებაა, რადგან იცის, საიდან მოდის, რისთვის არსებობს და კვლავ საითკენ უნდა წავიდეს. გონიერება მარად სინდისის სარკეში მხედველი სულია, რომელიც ყოველწუთიერად ხედავს საკუთარ თავს, არ სწყდება რეალობას, ამჩნევს ნაკლოვანებასა და ცოდვიანობას, იცის, რომ მშვენიერება, სილამაზე მხოლოდ უფალში და უფლითაა შესაძლებელი, მცნებათა აღსრულებითა და მადლმოსილი სიცოცხლით შეიძინება და მოიპოვება.

მხოლოდ ქრისტეს ბაგად, საბრძანებლად ქცეული გული შეიძლება იყოს გონიერი, მგრძნობიარე, ფაქიზი. გონიერება ერთგვარი კულტურაა სულისა, წონასწორობაა სათნოებათა აღსრულებისას, თავდაცვაა ხიბლისა და მაჩვენებლობისგან, ცხადში სიარულია, ცრუ სიზმრისეულ განცდათა, წარმოდგენათა დამამხობელი და დამანგრეველია. გონიერება ზეციური ხელოვნებაა სულისა, ენით გამოუთქმელი სიხარული და ჯილდოა მორწმუნისა. გონიერების ერთადერთი მომცემი და მასწავლებელი ქრისტეა, რომლისა არს სიბრძნე და ძალა მამისა თანა სულიწმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვა
1კ1