ვინც მშვენიერებას ჭვრეტს, ამაოება მზერას ვერ მოსტაცებს
ვინც მშვენიერებას ჭვრეტს, ამაოება მზერას ვერ მოსტაცებს
ვინც ღვთის მცნებებით აშენებულ სახლში მკვიდრობს, ბოროტი ზიანს ვერ მიაყენებს
უფალი დაუსაბამო, დაუღამებელი ნათელია ქვეყნიერებისა, მასშია ხსნა, სიცოცხლე და ნეტარება ჩვენი სულებისა. იგი ერთადერთი ჩაუქრობელი ჩირაღდანი და სანთელია, რომელიც ჩვენი ცხოვრების ბნელ და უკუნ სავალს ანათებს. რა არის ჯოჯოხეთი? თუ არა ის, სადაც არ არის მადლი და ნათელი ღვთისა. ჩვენი სიცოცხლე ნათლის ძიება და მასში ყოფაა, უფლისადმი დაუღალავი ვედრებაა მის სიწმინდეში დასაბრუნებლად. მცნებათა აღსრულება, მათით ცხოვრება საუფლო ჩირაღდნის ხელში ჭერა და მისით სასუფევლისკენ სწრაფვაა. რა არის ადამიანის სიცოცხლე, თუ არა ყოველწუთიერი შემეცნება შემოქმედისა, ჭეშმარიტი ნათლისა, რომელიც უფლის მიმართ სიტყვიერი ვედრებითა და ამ თხოვნის საქმისმიერი, ქმედითი რწმენის დადასტურებით ვლინდება. როცა ლოცვა - საქმედ, საქმე კი ლოცვად იქცევა, ნათელში ვმკვიდრდებით, მისით მოსილნი ვხდებით.

ბოროტს სურს, ყოველმხრივ დააბნელოს ჩვენი ცხოვრება, რისთვისაც ყველანაირ მაცდურ და მზაკვრულ ხერხს მიმართავს, მაგრამ ყველაზე დიდი იარაღი მის ხელში კვლავ ჩვენივე სისუსტე და დაცემულობაა. მართალია, მრავალი ცოდვითა და მანკიერებით ვართ შებილწულნი, მაგრამ მაინც არ უნდა დავკარგოთ სასოება და რწმენა უფლისა, რადგან დაცემულს ადგომა ესაჭიროება, ცოდვილსა და ვნებიანს კი რწმენა და იმედი ღვთისა.

სიცოცხლე ნათლისთვის მინიჭებული მადლის შენარჩუნებისთვის ბრძოლაა. მტერი ყოველნაირად ცდილობს მის ჩაქრობას, რათა მოგვტაცოს ჩირაღდანი - საღვთო მცნებები და ბნელში მყოფნი წარწყმედის გზით გვატაროს, მაგრამ მორწმუნე გულს არ ეშინია ბრძოლის, წინააღმდეგობების, რადგან "გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაი, ამისთვისცა მე შენ გესავ" (ფს. 26,3). ვინც მშვენიერებას ჭვრეტს, ამაოება მზერას ვერ მოსტაცებს, ვინც ღვთის მცნებებით აშენებულ სახლში მკვიდრობს, ბოროტი ზიანს ვერ მიაყენებს, რამეთუ ოთხი მხრივ დაცულია ყოველგვარი სიავისაგან. უფლის სახლში მკვიდრობა მის რჯულში ცხოვრებაა, უხილავი ტაძრის მშენებლობაა, რომლისთვისაც თითოეულ აგურს დღითი დღე, ყოველ ჟამს უნდა ვეზიდებოდეთ. სამწუხაროდ, ხშირად საკუთარი უძლურებითა და ცოდვიანობით ვაჩერებთ მშენებლობას, ზოგჯერ კი აშენებულსაც ვანგრევთ, მაგრამ მაინც არ უნდა დავყაროთ მოშურნეობისა და შემართების იარაღი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მშენებელი ჩვენ კი არა, თავად ღმერთია.

ჩვენი კეთილი საქმეები სახლია ღვთისა ამ ცოდვილ მიწაზე მისი მადლითა და შემწეობით აგებული, რომელშიც სული დაცული და დაფარულია უკეთურის მომაკვდინებელი თავდასხმისგან. ეს სიკეთისა და მადლის კარავია საღვთო საქმეთაგან აშენებული. სიკეთით სავსე ცხოვრება ყოველწუთიერი განათებაა სულისა. ვინც სიკეთეს აღასრულებს, ის გამუდმებით ნათლით იმოსება, ნათლისღება ხომ უფლის ჩვენში მიღება და დამკვიდრებაა. სათნოებათა კარავი კი გამუდმებულ მსხვერპლშეწირვას მოითხოვს, რათა მასში დავანებული ღმერთი იდიდოს და იკურთხოს. უფლის ქება და დიდება საქმით ხორცშესხმულ საგალობელთა ხმოვანებაა, რომელიც ჰიმნად ადის ზეცაში და მთელ ქვეყნიერებას ატკბობს. წმინდა სიცოცხლე სულის წმინდა სამოსელია, რომელიც უფალთან ერთობითაა შესაძლებელი. ნათლის მიღება სხვა რა არის, თუ არა მცნებათა აღსრულება და მათით შემოსვა. რამდენადაც ახლოს ვართ მცნებასთან, იმდენად ვუახლოვდებით ნათელს უფლისას, რადგან მცნებები რჯულის ნათელია, უფლის დიდების გამოცისკრებაა, რომელშიც გაცხადებულია ნება, მადლი და ჭეშმარიტება გამჩენისა. ადამიანის არსებაში, სულში, გულსა და გონებაში არ უნდა დარჩეს საღვთო ნათლისთვის დაფარული და მიუვალი თუნდაც მცირე ადგილი, კუნჭული.

ჩვენი ცხოვრება გულისა და გონების წვრთნაა, განვითარება და ვარჯიშია სრულყოფისათვის, წინსვლისა და ცხონებისათვის. ქრისტიანობა სულის აღზრდის, კულტურისა და დისციპლინის რელიგიაა. იგი გაუხედნავი, ცოდვით გაველურებული სულის მოთვინიერებისა და მართვის რელიგიაა, საღვთო მეცნიერება, ფილოსოფია, რომელიც სულიერი სიჯანსაღის, განათლების სხვადასხვა დარგს, მიმართულებასა თუ დისციპლინას მოიცავს. ეს ურთულესი სკოლაა, ამოუწურავი, შეუსწავლელი ხელოვნებაა, რომელსაც სიყვარული, მშვენიერება და სიხარული მართავს. ქვეყნიერებაზე არ არსებობს მასზე უფრო ტკბილი და საამო რამ. ქრისტიანობა სულის სინათლეა, გონების საღი თვალია, გულის მადლით თრობა და ჭეშმარიტი სიხარულია. ქრისტიანობა ჩვენი ყოფიერების მთავარი არსია, რომლის გარეშეც ყველგან წყვდიადი და სიკვდილი მეფობს. ქრისტიანობა ჩვენთვის, მორწმუნეთათვის, დატოვებული ქრისტეს ანდერძია, მის მიერ სიცოცხლის სიტყვებით დაწერილი და ამოტვიფრული, რომლის კეთილი ცხოვრებით წამკითხველსა და აღმსარებელს არ მოაკლდება კურთხევა, ნეტარება და სიმდიდრე ერთარსება, დაუსაბამო, მიუწვდომელი სამებისა - მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1