ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა
ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა
კაცი, რომელსაც თვით უფლის მიერ ეწოდა უდიდესი ადამიანთა შორის, ძველი და ახალი აღთქმის გასაყარზე დაიბადა. ის უდიდესი წინასწარმეტყველი იყო - ჯერ კიდევ დედის წიაღში ყოფნისას იწინასწარმეტყველა იესო ქრისტეს განკაცება. როცა ყოვლადწმინდა მარიამი თვისი ნათესავის ელისაბედის მოსაკითხად მივიდა, იოანემ უჩვეულო კრთომით აუწყა დედას, რომ ესტუმრა ძე ღვთისას დედა, რომ ყოვლადწმინდა მარიამისგან იშვებოდა მაცხოვარი და აღსრულდებოდა ძველი აღთქმა.

თვით იოანე ნათლისმცემლის შესახებ კი წმინდა ესაიამ იწინასწარმეტყველა: "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები", - ამგვარად მოასწავა მან საუკუნეებით ადრე წმინდა იოანეს მოღვაწეობის შესახებ.

და აი, იშვა ბერწი მღვდლის ზაქარიასა და ელისაბედისგან უდიდესი წინასწარმეტყველი - იოანე ნათლისმცემელი. მან თავისი შობით დაიხსნა მამამისი სასჯელისგან: უფლის სიტყვების ჭეშმარიტებაში დაეჭვებულმა ზაქრიამ არ ირწმუნა, რომ სიბერწის მიუხედავად ძე ეყოლებოდა. ამის გამო კი სასჯელად სიმუნჯე და სიყრუე მიიღო, ვიდრე არ აღსრულდებოდა ანგელოზის მიერ უწყებული - ბერწი ელისაბედი შობდა ძეს, რომელიც იქნებოდა "დიდ წინაშე უფლისა... და მრავალნი შობასა მისსა განიხარებდნენ". მთავარანგელოზი გაბრიელი აუწყებს ზაქარიას, რომ იოანე "მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლისკენ - მათი ღმერთისკენ. და ის ივლის მის წინაშე ელიას სულით და ძალით, რომ მოაქციოს მამათა გულნი შვილების მიმართ".

წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს, რომ "სულითა... ელიასითა" ასე უნდა გავიგოთ: ელია წინასწარმეტყველის მსგავსად წმინდა იოანეშიც მოქმედებდა მადლი; როგორც ელია იქნება წინამორბედი უფლის მეორედ მოსვლისა, ასევე წმინდა იოანე იყო წინამორბედი მაცხოვრის პირველად მოსვლისა. "ძალითა ელიასითა" კი ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველ ელიას და ნათლისმცემელ იოანეს მოსვლას ერთი და იგივე ძალა აქვს - ადამიანები ქრისტესთან მიჰყავს.

წმინდა იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში მოღვაწეობდა. ტანთ ემოსა აქლემის ბეწვი და წელზე ერტყა ტყავის ქამარი. საზრდელად კი მხალი და ველური თაფლი ჰქონდა. ამგვარად ინარჩუნებდა სიწმინდეს - ცხოვრობდა უდაბნოში სრულიად მარტო, ყოველგვარ ბოროტებას განრიდებული, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას სიწმინდე არ დაეკარგა.

წმინდა იოანე ადამიანებს ცოდვებში ამხელდა. სწორედ ამის გამო მოჰკვეთეს თავი - იგი დაუცხრომლად ამხელდა ჰეროდე ანტიპას, რომელსაც ცოლად ძმისცოლი ესვა.

კვლავ მთავარანგელოზ გაბრიელის სიტყვებს დავუბრუნდეთ: "მოაქციოს მამათა გულნი შვილების მიმართ". წმინდა თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით, წმინდა იოანეს დაევალა ებრაელთა მოქცევა ქრისტეს მოციქულებისადმი, რადგან იუდეველები მამები იყვნენ, ხოლო მოციქულები - მათი შვილები. სწორედ ნათლისმცემელს უნდა შეემზადებინა სინანულისკენ მოწოდებით ებრაელები მოციქულთა მისაღებად, რომლებიც ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდნენ.

წმინდა იოანესთან გამოდიოდნენ მთელი იერუსალიმი, იუდეა და იორდანეს შემოგარენი. აღიარებდნენ ცოდვებს და ინათლებოდნენ იორდანის წყალში. წინამორბედი უფლისა კი ქადაგებდა: "მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად, მაგრამ ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, რომლის სანდლის ტარების ღირსიც არ ვარ. ის მოგნათლავთ სულიწმინდით და ცეცხლით". ამრიგად, წმინდა იოანე ნათლისმცემელმა შეამზადა უფლის მცნებათა მისაღებად უდაბნოდ ქცეული ებრაელთა გულები - ასწავლა მათ სინანული და განცდა თვისთა ცოდვათა; იესო ქრისტეს მისაღებად, რათა ღვთაებრივ ცეცხლს, რომელიც მათში ახალი აღთქმის ნათლობით შევიდოდა, არ დაეწვა ისინი, არამედ განეწმინდა მათი სულები ცოდვათა წყლულებისგან.
ბეჭდვა
1კ1