ნათლისღება ახალი აღთქმის ეკლესიის კარიბჭეა
ნათლისღება ახალი აღთქმის ეკლესიის კარიბჭეა
ადამიანი ხორციელი შობით შემოდის ამქვეყნიურ ცხოვრებაში. დედის საშოდან გამოსული ფეხს ახალ - წარმავალ და დაუდგრომელ ცხოვრებაში შეადგამს. ჩვენს მადლიან წინაპარს სამართლიანად შეურქმევია მისთვის წუთისოფელი. ეს ცხოვრება გამოცდაა, რომელიც ყოველმა ადამიანმა უნდა ჩააბაროს და სწორედ ამქვეყნიური ცხოვრების მიხედვით დაიმკვიდრებს თითოეული ჩვენგანი ადგილს მარადიულ სიცოცხლეში: ან მამის წიაღში - სამოთხეში დავბრუნდებით, ან მარადიულ სატანჯველში მოვხვდებით, სადაც ტირილი და კბილთა ღრჭენაა.

ყოვლადსახიერმა უფალმა შეიწყალა თავისი ურჩი ქმნილება - ადამიანი - და არ გაწირა სამუდამო სიკვდილისათვის. ღმერთმა, რომელმაც უსაზღვრო სიყვარულის გამო შექმნა ადამი, მას ცათა სასუფეველში დაბრუნება აღუთქვა.

ყოვლადმოწყალე მამისგან თავდაპირველად მოგვეცა აღთქმა, რომ აბრაამის წიაღში იშვებოდა მხსნელი, რომელიც ადამის მოდგმას ჯოჯოხეთის მეუფებისგან გამოიხსნიდა.

და აი, იშვა ყოვლადწმინდა ქალწულისგან ძე ღვთისა, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. მან თავისი ამქვეყნიური ცხოვრებით გვასწავლა გზა ხსნისა, ნათლად დაგვანახა, რომ ცათა სასუფევლისკენ მიმავალი გზა ეკლიანი და ძნელად სავალია. უფალმა აღასრულა ყველა კანონი ძველი აღთქმისა და ამით გვასწავლა, რომ ყოველი მცნება ერთგულად უნდა აღვასრულოთ. და მხოლოდ ამის შემდეგ გაგვიღო ახალი აღთქმის კარი, რომელიც ნათლისღების წმინდა დღესასწაულის აღსრულებით იწყება.

საყურადღებოა, რომ ძე ღვთისამ დაბადებიდან ოცდაათი წლის შემდეგ ინება ჩვენი შეყვანა ახალი აღთქმის სამყაროში, რასაც წინ უსწრებდა იუდეის უდაბნოში წმინდა ნათლისმცემელ იოანეს ქადაგება სინანულზე. იგი მოუწოდებდა ხალხს: "მოინანიეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა".

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გამოყოფს იმ ადგილს, სადაც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ნათელიღო. წმინდანის სწავლებით, იესომ ნათელიღო იქ, სადაც ისუ ნავემ, ძველი აღთქმის მამამთავარმა, ილოცა, გამოსახა ნიში პატიოსანი ჯვრისა და უკუიქცა იორდანე და გამოჩნდა ხმელეთი, როგორც მანამდე მკვდარმა ზღვამ დაიხია უკან მოსეს ლოცვით და ისრაელი ფარაონის რისხვას გადაურჩა. ეს უკანასკნელი კი სრულ განადგურებას უქადდა ებრაელ ხალხს. წმინდა პავლე მოციქული განმარტავს, რომ ზღვის უკუქცევა და ისრაელის მასში გავლა ქრისტიანული ნათლობის წინასახე იყო. "ჩვენმა მამებმა, - ბრძანებს წმინდა მოციქული, - ღრუბლითა და წყლით იღეს ნათელი".

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ნათლისღების რამდენიმე სახეს გამოყოფს: პირველია მოსეს მიერ დაწესებული, სჯულისმიერი განბანის წესი, მეორე - წმინდა იოანე ნათლისმცემლის წყლით ნათლობა და მესამე - თვით უფლის მიერ დადგენილი ნათლობის საიდუმლო, როცა წყლითა და სულით ვინათლებით. ამ დროს ახალი ადამიანი იშვება.

წმინდა ბასილი დიდი კი ბრძანებს: "სამგვარ შობას ვიცნობთ: პირველი - როცა ღმერთმა არაფრისგან შექმნა ცა და ქვეყანა და დაბადა ადამიანი; მეორე - როდესაც იორდანეს წყლებიდან და ემბაზიდან აღმოშობს ახალ ადამს და მესამე - საყოველთაო აღდგომა, მესამე და უკანასკნელი აღმოშობა და განახლება ადამიანისა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა".

დავუბრუნდეთ კვლავ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სწავლებას. წმინდა მამა განმარტავს: როდესაც ისუ ნავეს ძის ლოცვითა და ჯვრის ნიშნით იორდანემ უკან დაიხია, ისუმ თორმეტი ქვა ჩააწყო მასში, რაც ისრაელის თორმეტი ტომისა და ამავე დროს იესოს თორმეტი მოწაფის არსებობას მოასწავებდა. ამ თორმეტ ქვაზე ფეხდადგმით გადაიარა მდინარე ისრაელის მთელმა ბანაკმა, რითაც გადმოცემულია სწავლება, რომ მხოლოდ სამოციქულო ეკლესიის, სამოციქულო მოძღვრების მიერ არის შესაძლებელი ამქვეყნიური ცხოვრების მღვრიე წყლების გავლა, ჩვენი უკუღმართი, ეგოისტური, წინააღმდეგობებით სავსე მდინარის გადალახვა და მყუდრო ნავსაყუდელში - მამის წიაღში დაბრუნება, სადაც ყოვლადმოწყალე ღმერთმა ნეტარი ცხოვრება განგვიმზადა.

ამრიგად, ნათლისღებით, რომლითაც ჩვენში ახალი ადამი იბადება, სულიერად ვიშვებით. მონათლულ ადამიანზე სულიწმინდის მადლის გადმოსვლით ის უკვე ეკლესიის შვილი ხდება.

რას ნიშნავს ეკლესიის შვილობა? ნათლობით უფალი გვიხსნის კარს შვიდი მაცხოვნებელი საიდუმლოსკენ, მხოლოდ ნათლობის შემდეგ გვეძლევა უფლება, მონაწილეობა მივიღოთ სამოციქულო ეკლესიაში აღსრულებულ საიდუმლოებებში. ესენია: მირონცხება, სინანული ანუ აღსარება, ზიარება, ქორწინება ანუ ჯვრისწერა, მღვდლობა და ზეთის კურთხევა.

მოუნათლავნი მოკლებულნი არიან ღვთის უდიდეს მადლს, რომელიც ახალი აღთქმის ეკლესიის შვიდ საიდუმლოში მონაწილეობით გადმოდის.

თუ ჩვენზე ნათლობის საიდუმლო არ აღსრულდა, ვერ გვაცხებენ მირონს - ნიშნად იმისა, რომ სულიწმინდის მადლი მოგვენიჭა და ჩვენში ადამის დაცემული ბუნება განაახლა, ანუ მოგვეტევა პირველი ცოდვა და გაგვეხსნა გზა ცათა სასუფევლისკენ.

შესაძლოა სინანული გვქონდეს, მაგრამ უფლის წინაშე ღვთისმსახურთან ცოდვათა აღიარება არ შეგვეძლება, რათა შენდობა მივიღოთ და ცოდვათა უმძიმესი ტვირთისგან გავთავისუფლდეთ. ხოლო თუ აღსარებას ვერ ვიტყვით, ცხადია, ვერც ვეზიარებით უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს. მოუნათლავს ვერც ნაკურთხ ზეთს სცხებს მოძღვარი ავადმყოფობისას, რათა ღვთისგან კურნება მიიღოს.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სინანულის გარეშე არც ზეთის კურთხევის საიდუმლოში შეგვიძლია მონაწილეობა. აღდგომის მარხვაში სამოციქულო ეკლესიაში მღვდელმსახურთაგან ზეთის კურთხევა აღესრულება. იმავე დღეს ყოველ ჩვენგანს, ვისაც ერთხელ მაინც განუცდია თავისი ცოდვები და უღიარებია ღვთისმსახურის წინაშე, შვიდგზის სცხებენ ნაკურთხ ზეთს. ამ საიდუმლოთი მოგვეტევება ყველა ის ცოდვა, რომელიც გულმავიწყობის გამო ვერ ვაღიარეთ აღსარებაში.

მოუნათლავ ადამიანზე არც ქორწინების საიდუმლო აღესრულება, რომელიც ეკლესიაში ჯვრისწერის სახით გამოიხატება. და, რაღა თქმა უნდა, მოუნათლავის მღვდლად კურთხევაც ყოვლად დაუშვებელია.

სწორედ ამიტომ უწოდებენ ნათლისღებას ახალი აღთქმის ეკლესიის კარიბჭეს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ნათლისღებით ახალი აღთქმის ეკლესიის შვილები ვხდებით, ხოლო სამოციქულო ეკლესიის წევრები გავხდებით თუ არა, ჩვენზეა დამოკიდებული - ნათლობის შემდეგ დედაეკლესიის წიაღში დავრჩებით და სულიერად გავიზრდებით თუ დავივიწყებთ მას და წუთისოფლის ამაო ორომტრიალში ჩავეფლობით.
ბეჭდვა
1კ1