მარხვით გული განვიწმინდეთ, რომ იქ მაცხოვარი შობილიყო
მარხვით გული განვიწმინდეთ, რომ იქ მაცხოვარი შობილიყო
იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდა ორმოცდღიანი მარხვა. ამ დღეს უდიდესი სიხარული უნდა შემოსულიყო თითოეული ქრისტიანის გულში. უფალი, რომელმაც თავისი სიმდაბლით ბაგა ამოირჩია შობის ადგილად, არც ჩვენს გულებს იუკადრისებდა დასამკვიდრებლად, თუკი ჩვენ თვითონ გვექნებოდა სურვილი, მაცხოვარი შობილიყო ჩვენს გულში.

როგორ უნდა გამოგვეხატა ეს სურვილი? ძალისხმევა არ უნდა დაგვეშურებინა, რათა განგვეწმინდა გულები. მარხვაც ხომ ამისთვის მოგვეცა. მარხვის დროს მეტად უნდა დავფიქრებულიყავით ჩვენს ცხოვრებაზე. ყოველი დღის ბოლოს, ძილის წინ, შეგვეფასებინა ჩვენი თავი - თუ როგორ მოვიქეცით განვლილ დღეს, რა შევმატეთ ჩვენს ზეციურ საუნჯეს ან ხომ არაფერი დავაკელით.

მარხვა საუკეთესო საშუალებაა გულის განსაწმენდად. რატომ? პირველ რიგში, იმიტომ, რომ სხეული არ იღებს ცხოველურ საკვებს და ამით დაცულია ვნებების აღძვრისგან, რასაც საკვები იწვევს. მარხვის დროს არ ვვარდებით გემოთმოყვარეობასა და ნაყროვანებაში, რადგან მცირედით ვიკვებებით. თუკი შეგნებულად ვმარხულობთ, სისტემატურად ვლოცულობთ, ვცდილობთ, არ გამოვტოვოთ დილისა და ძილად მისვლის ლოცვითი კანონი, მოძღვრისგან გამოვითხოვთ წმინდანთა პარაკლისებისა და დაუჯდომლების კითხვის კურთხევას, რაც რწმენაში გვაძლიერებს და სიმხნევეს გვმატებს. წმინდანთა ღვაწლი, რომელიც პარაკლისებსა და დაუჯდომლებშია გადმოცემული, სულს მოღვაწეობისთვის აღძრავს. ვცდილობთ, მივბაძოთ მათ ცხოვრებას და ღვთისთვის სათნოდ მოვიქცეთ. დავასამაროთ ჩვენში ამპარტავნება და პიროვნული ამბიციები და საკუთარი თავის ნაცვლად მოყვასზე ვიზრუნოთ.

მარხვაში განსაკუთრებით ვცდილობთ, არ დავაკლდეთ ეკლესიაში ღვთისმსახურებას. წირვა-ლოცვაზე აღსრულებულ საიდუმლოებებში მონაწილეობისას ჩვენზე გადმოსული მადლი გვაძლიერებს. ღვთაებრივი ცეცხლი, რომელიც ზიარებისას შემოდის ჩვენში, განგვიწმენდს სულს მანკიერებათაგან. უფლის მადლი სიკეთისკენ გვიბიძგებს. ქადაგებისას მოსმენილი თითოეული სიტყვა გვაფიქრებს. თვალწინ წარმოგვიდგება იესო ქრისტეს მიერ აღწერილი განკითხვის დღე, როდესაც უფალი გვეტყვის: მშიერი ვიყავი და არ მაჭამე, სნეული ვიყავი და არ მომიარე, მწყურვალი ვიყავი და წყალი არ მასვი, შიშველი ვიყავი და არ შემმოსე, ციხეში ვიყავი და არ მინახულე. რას ვუპასუხებთ? უფალო, როდის გნახე გაჭირვებაში და არ დაგეხმარე? - ვეცდებით თავი გავიმართლოთ, ასეთი პასუხით დავფაროთ ჩვენი საქციელი. მაგრამ, როგორც თვით უფალი ბრძანებს, "არა არს დაფარული, რომელი არა განცხადდეს" - გამოაშკარავდება ჩვენი ნამდვილი სახე, როცა ღმერთი გვეტყვის: "ყოველი სნეული, რომელსაც არ მოუარე და შიშველი, რომელიც არ შემოსე, მე ვიყავი".

გულგრილად ვეღარ ჩავუვლით მოყვასს, რომელიც ხელგამოწვდილი დახმარებას ელის ჩვენგან, მატერიალურად თუ არა, სიტყვიერად აუცილებლად ვანუგეშებთ. მარხვაში ჩვენი გონება ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სულიერი სიმდიდრე მოიხვეჭოს. აზროვნება ამქვეყნიური, წარმავალი საგნებიდან მარადიული ცხოვრებისკენ არის მიპყრობილი. ამიტომ "მეს" ადგილს მოყვასი იკავებს. გვახსენდება ახლობელი ავადმყოფები, რომელთაც აქამდე მხოლოდ ლოცვაში ვიხსენიებდით. ახლა მათ მოსანახულებლად და სანუგეშოდ მივიჩქარით. არც საპყრობილეში მყოფნი გვავიწყდება.

ასე გამუდმებით სიკეთის ქმნაზე ფიქრში გართულებს სულ გვავიწყდება გასართობი - ჩვენი საუკუნის, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი საცდური. ის კი არა და, განკითხვისთვისაც აღარ გვრჩება დრო...

თუკი შევძელით, ამგვარად გვემარხულა, - ენით, თვალით, გონებით და უპირველესად გულით (თვით უფალი ბრძანებს, რომ პირიდან შემავალი კი არ შეაგინებს კაცს, არამედ გულიდან გამომავალი, რადგან თითოეული ქმედების იდეა გულში იბადება), - შობის მადლი აუცილებლად შემოვა ჩვენში, თვით უფალი, მხსნელი კაცობრიობისა, იშვება ჩვენს გულში და გამოიხსნის მას ეშმაკის ტყვეობისგან.
ბეჭდვა
1კ1