ჩემგან იმას მიიღებ, რასაც მოძმეს მიაგებ
ჩემგან იმას მიიღებ, რასაც მოძმეს მიაგებ
მიტევება უდიდესი სათნოებაა, რომელიც ადამის მოდგმას ცათა სასუფეველს დაუმკვიდრებს. ეს რომ ასეა, ამას უფლის მთავარი ლოცვა, "მამაო ჩვენოც", მოწმობს: "და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". ღმერთს სურს, - ამბობს წმინდა კვიპრიანე, - მის სახლში ცხოვრობდნენ მხოლოდ მშვიდნი, გამგებნი და ერთსულოვანნი, ხოლო ვისაც ძმებთან მტრობა, უთანხმოება აქვს, ქრისტესთვის რომც მოკვდეს, ამ დანაშაულს მაინც ვერ მოიცილებს. წმინდა წერილში ნათქვამია: "ყოველსა, რომელსაც ჰსძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცისმკვლელ არს" (I ინ. 3,15). კაცისმკვლელს ვერ ძალუძს ცათა სასუფევლის მიღწევა და ღმერთთან მყოფობა. ქრისტესთან ვერ იქნება ის, რომელმაც ისურვა იყოს იუდას მსგავსი და არა ქრისტესი. რა ცოდვაა ისეთი, რომ ნათლისღების ცრემლითაც ვერ განიბანება, რა დანაშაულია ისეთი, რომ მოწამებრივი სისხლიც ვერ განწმენდს? წმინდა იოანე ოქროპირის თქმით, - უფალი ჩაგვაგონებს სიმდაბლეს, სხვებისთვის ცოდვების პატიებას, გვაიმედებს, გვასწავლის ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობაზე ფიქრს. ვინც მთელი გულით არ მიუტევებს ძმას შეცოდებას, - ამბობს წმინდა კასიანე რომაელი, - იგი ლოცვით ("მამაო ჩვენო") გამოითხოვს თავისთვის არა შეწყალებას, არამედ სასჯელს. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: - უფალი, ღმერთი შენი გეუბნება: "მიუტევე და მოგიტევებ", არ მიუტევე? მაშასადამე, შენ თვითონ წახვედი საკუთარი თავის წინააღმდეგ. ასე რომ, მივუტევოთ, გულით ვაპატიოთ და გვჯეროდეს, რომ ჩვენც გვეპატიება ცოდვები - სიტყვით, საქმით და გულისხმისყოფით ჩადენილნი.

ერთ ალექსანდრიელ დიდებულს, მიუხედავად ღვთისმოსავი მღვდელმთავრის იოანე მოწყალის შეგონებისა, მტრებთან შერიგებაზე სიტყვის გაგონებაც არ უნდოდა. ერთხელ იოანესთან მივიდა. პატრიარქი წირავდა. ეკლესიაში მლოცველთაგან არავინ იყო. მედავითნესთან იდგა ერთი მგალობელი. დიდებულმა ხმა წაახმარა მას. დაიწყეს საუფლო ლოცვის გალობა. გალობდა მღვდელმთავარიც, მაგრამ სიტყვებზე - "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს" - წმიდა იოანე დადუმდა და ანიშნა მგალობელს, ისიც გაჩერებულიყო. ასე რომ, დიდებულმა მარტომ იგალობა: "მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა". წმინდა მღვდელმთავარმა მშვიდად უთხრა მას: - შვილო ჩემო, ნახე, რა საშიშ ჟამს ეუბნები უფალს: მომიტევე მე, როგორც მე მივუტევებო... მართალს ამბობ, პატიობ მტერს?.. ამ სიტყვებმა ისე შეძრა დიდებული, რომ თვალცრემლიანი ჩაუვარდა მამამთავარს ფეხებში და შესძახა: "მეუფეო, რასაც მიბრძანებ, ყოველივეს შეასრულებს მონა შენი". და შეასრულა კიდეც - იმავე დღეს შეურიგდა მტრებს და გულწრფელად შეუნდო მათ ყოველი დანაშაული.

მაცხოვარმა, მოგვცა რა მაგალითი ლოცვისა, ერთხელ კიდევ საგანგებოდ მიგვითითა, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, გვეპატიება თუ არა ცოდვები და რომ ღვთის სამსჯავრო ჩვენივე ნებით შედგება: "უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან". ამრიგად, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - მაცხოვარი თავად გხდის საკუთარი თავის მსაჯულად, თითქოს გეუბნება: როგორ მსჯავრსაც დასდებ შენს თავს, მეც იმგვარად განგსჯი. ჩემგან იმას მიიღებ, რასაც მოძმეს მიაგებ, თუმცა ჩემ მიერ შენზე გაწეული სიკეთე შენსაზე გაცილებით მეტი იქნება. სხვას იმიტომ პატიობ, რომ თავად საჭიროებ პატიებას, ღმერთი კი პატიობს, თუმცა ეს მას არ სჭირდება. შენ პატიობ ძმას, ღმერთი კი - მონას, შენ აურაცხელი ცოდვითა ხარ დამძიმებული, ღმერთი კი უცოდველია. "ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი თქუნნი" - არაფერი ისე არ გვამსგავსებს ღმერთს, როგორც ბოროტთა და შემაწუხებელთა შენდობა. რა სასჯელის ღირსი უნდა იყოს ის, ვინც არც თვითონ პატიობს მტერს და ღმერთსაც ევედრება მისთვის სამაგიეროს მიგებას? არადა უფალი ყოველივეს ისე აწყობს, რომ ჩვენ ერთმანეთს არ შევეწინააღმდეგოთ.

მაშინ მიუხდა მას პეტრე და ჰრქუა: უფალო, მწიგნობრები ამბობენ, რომ ადამიანს მოყვასის მიმართ შეცოდება ეპატიება ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ მეოთხედ - აღარ... ნაბრძანები გაქვს, - ვინც არ ინანიებს და ცოდვის გამო თავის თავს არ განიკითხავს, სამჯერ მხილების შემდეგ მოვირიდოთ, ხოლო მონანულისთვის არ დაგიდგენია ზღვარი და გვიბრძანე, მივიღოთ იგი. ასე რომ, რაოდენგზის შევუნდო შემცოდე ძმას, თუკი მხილებისას შეინანა? ვიდრე შვიდგზისამდე? პეტრემ ეს ოდენობა ორჯერ გაზარდა. ეგონა, მოყვასის სიყვარულით მოიწონებდა თავს და სულგრძელადაც გამოჩნდებოდა, მაგრამ შექების ნაცვლად უფალმა მამობრივად შეაგონა. ჰრქუა მას იესო: არა გეტყვი შენ: ვიდრე შვიდ-გზისამდე, არამედ ვიდრე სამეოცდაათ-შვიდ-გზის, - აპატიე უთვალავჯერ. რამდენიც არ უნდა შესცოდოს ძმამ, თუ ინანიებს, აპატიე. ეს არის თქვენი მარადიული მოვალეობა...

რა სიმშვიდე შეაქვს ცოდვილის გულში იესო ქრისტეს ამ შეგონებას! "ცოდვების გამო წუხილში, უიმედობისაკენ მიდრეკისას, - ამბობს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი, - განუწყვეტლივ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალმა პეტრეს დაუდგინა ცოდვილის სამოცდაათჯერ შვიდგზის პატიება, ხოლო ვინც ამას სხვასაც შეაგონებს, უეჭველად ბევრად მეტს გააკეთებს".

"მე ყოველივე მეპატია იმიტომ, რომ ყველას ყველაფერი ვაპატიე", - მშვიდად წარმოთქვა ერთმა მონაზონმა სიკვდილის წინ. ამ მონაზონმა ცხოვრება ისე განვლო, რომ არასოდეს არავინ განუკითხავს, პირიქით, ყველას ყველაფერს პატიობდა.

მაცხოვარი თვითონ იძლეოდა მიტევების გასაოცარ მაგალითებს. შეუნდო მის სამგზის უარმყოფელ პეტრე მოციქულს, რომელმაც შეინანა, აპატიებდა იუდა ისკარიოტელსაც, სინანულით პატიება რომ ეთხოვა მისთვის. და ბოლოს, მაცხოვრის დედამიწაზე ცხოვრებაში უკანასკნელი მიტევების უმაგალითო შემთხვევა: ჯვარზე გაკრული იესო მტრებისთვის ზრუნავს და პატიობს მათ: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!" (ლკ. 23,34). იესომ დაივიწყა საკუთარი თავი, ჯოჯოხეთური ტკივილები სხვათა სიყვარულის გამო. და ეს სხვანი მისი მტრები იყვნენ, ისინი, რომელთაც ჯვარს აცვეს! ქრისტეს ცხოვრება - იყო ადამიანების სიყვარული. სიყვარულითაა აღბეჭდილი მისი სიკვდილიც. ასეთი იყო მისი მორჩილება ზეციური მამისადმი, მორჩილება სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე!..

მან თავის მემკვიდრეებს დაუდგინა მტრებისთვის ლოცვა, ჯვარზე გაკრულმა კი ასეთი ლოცვის ჭეშმარიტად ღვთიური მაგალითი მოგვცა, თანაც უსაშინლეს წუთს - მტერთაგან წამების ჟამს. იგი ლოცულობდა არა მარტო მხედრებისთვის, რომელთაც აღასრულეს განაჩენი, არამედ ანასათვის და კაიაფასთვის, ჰეროდესა და პილატესთვის, ყველასთვის, რომლებიც ბოროტებით იყვნენ დაბრმავებულნი და სინამდვილეში არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ; რომ სცოდნოდათ, როგორც ამბობს პავლე მოციქული
(2 კორ. 2,6-8), არ გააკრავდნენ ჯავრზე. მაგრამ თუკი მოინდომებდნენ, შეეძლოთ გაეგოთ. უფალი ლოცულობდა ყოველი ადამიანისთვისაც, რომელთა ცოდვებიც საკუთარი ნებით იტვირთა. მან თქვა, "მიუტევე" და მსურველი ყოველთვის მიიღებს შენდობას...

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1