ჩვენი მანერები სარკეა ჩვენი სულიერი მდგომარეობისა
ჩვენი მანერები სარკეა ჩვენი სულიერი მდგომარეობისა
ადამიანი ერთი განუყოფელი მთლიანობაა, მიუხედავად იმისა, რომ ორი სამყაროსგან შედგება - ეს არის ადამის შვილთა შინაგანი ანუ სულიერი სამყარო და გარეგანი ანუ ფიზიკური სამყარო. ადამიანის შინაგან სამყაროს სული, ხასიათი და ზოგადად მისი ბუნება წარმოადგენს, ფიზიკურ სამყაროს კი სხეული შეადგენს.

"ტაძარში ასე ჯდომა, ფეხიფეხზე გადადებული, არ შეიძლება", - ჩვენ თვითონ თუ არ მიგვიღია ასეთი შენიშვნა, ყურს აუცილებლად მოვკრავდით და საკუთარ თავს დავეკითხებოდით: "კი მაგრამ, რატომ არ შეიძლება?" ვეცდებოდით, მოგვეძებნა ახსნა. ბოლოს, თუ თვითონ ვერ ამოვხსნიდით ერთი შეხედვით მარტივ ამოცანას, დახმარებისთვის მოძღვარს მივმართავდით. მოძღვარიც არ დააყოვნებდა და მაშინვე გვიპასუხებდა: ტაძარში ლოცვითი განწყობით უნდა იდგე, მოკრძალება უნდა გქონდეს ღვთის სახლში, რადგან აქ უფლის წინაშე დგახარ. ამ პასუხს იქნებ კიდევაც დაეკმაყოფილებინა ჩვენი ინტერესი, მაგრამ ადამიანის გონება სანამ ბოლომდე არ ჩასწვდება ნათქვამს, ვერ ისვენებს, აგრძელებს ძიებას და ხშირად ამ ძიებისას მცდარი გზითაც მიდის. ამიტომ განსაკუთრებით სულიერ საკითხებთან დაკავშირებით უნდა მივმართოთ ჩვენზე გამოცდილ პიროვნებას, სულიერ მოძღვარს, მან ხომ ჩვენი გზა უკვე გაიარა. ასე რომ, თავგზააბნეულები ისევ მღვდელს ვეძებთ და ვთხოვთ, უფრო კონკრეტული პასუხი გაგვცეს. მაშინ მამაო გვეუბნება: წარმოვიდგინოთ მლოცველი ადამიანი, რომელიც ღვთის წინაშე დგას და გრძნობს, რაოდენ უსუსურია, უფლის დიდებულების წინაშე როგორ ფერმკრთალდება ყველა ის წარმატება, რაც აქამდე აფიქრებინებდა, რომ პატივსაცემი პიროვნება იყო. არ შეიძლება, ასეთი კაცი ფეხიფეხზე გადადებული იჯდეს და ლოცულობდეს; ის აუცილებლად თავდახრილი, დიდი კრძალვითა და რიდით იდგება ხატების წინაშე. შეიძლება სინანული იმდენად დიდი ჰქონდეს, რომ მუხლებზე დაემხოს და თვალი ვერც კი გაუსწოროს წმინდანთა გამოსახულებებს. აი, ეს არის ლოცვითი განწყობის გამოხატულება ფიზიკური მდგომარეობით, - გვპასუხობს მოძღვარი. ჩვენ კი, გახარებულები, მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მოგვივლინა სულიერი მამები ჩვენი გონებისა და სულის დასამშვიდებლად.

როცა პირველი აღსარება ჩავაბარეთ, აუცილებლად წავიკითხავდით მრავალ "ლოცვანში" დაბეჭდილ ცოდვათა ჩამონათვალს, რომელთა დასახელებაც არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ გვსურს, გულწრფელად ვაღიაროთ ჩვენი დანაშაული ღვთის წინაშე და შენდობა მივიღოთ შემოქმედისგან მოძღვრის ხელით. სხვა ცოდვათა შორის დასახელებულია: ვცოდე გამომწვევად ჩაცმით, განაზებით, კეკლუცობით და ასე შემდეგ. აქ ჩვენს გარეგნულ მხარეზეა ყურადღება გამახვილებული. მაგრამ აღსარებაში ხომ ჩვენი სულის მდგომარეობაზე უნდა ვისაუბროთ, განვიკითხოთ ჩვენი ხასიათი, შინაგანი სამყარო, თუ როგორები ვართ: კეთილნი, ბოროტნი, წყალობის მოყვარენი თუ ძუნწები, პატივმოყვარენი თუ თავმდაბალნი?.. თუ დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ გამომწვევად ჩაცმით, განაზებით, კეკლუცობით გამოიხატება ჩვენი სულიერი მდგომარეობა.

ასეთი ადამიანი არ შეიძლება არ იყოს ამბიციური, თავისმოყვარე; მას უთუოდ სიამოვნებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა; სურს, ყოველთვის სხვაზე მეტი იყოს, სხვა დაჩრდილოს და თვითონ წარმოჩინდეს.

მოყვანილი მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ ჩვენი გარეგნობა სარკეა ჩვენი შინაგანი სამყაროსი, ის, შეიძლება ითქვას, ჯაშუშია ჩვენი ხასიათისა. ასე რომ, თუკი გადავწყვეტთ, უფლის მცნებების შესაბამისად ვიცხოვროთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს მანერებს, ჩაცმულბას, საზოგადოდ - გარეგან მხარეს, რადგან სწორედ ისინი წარმოაჩენს ჩვენს სულიერ მდგომარეობას.
ბეჭდვა
1კ1