თუ გვიფიქრია, რა პრინციპით ვცხოვრობთ?
თუ გვიფიქრია, რა პრინციპით ვცხოვრობთ?
ადამიანები იბადებიან, იზრდებიან, სწავლობენ და ასწავლიან, სწამთ ღმერთი და ასრულებენ მის მცნებებს, ზოგი - გულით, ზოგი კი მხოლოდ გარეგნულად, სიტყვიერად. სიტყვას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მთავარი საქმეა. უფალი სახარებაში გვეუბნება: "არა რომელმან მრქვას მე, შევიდეს სასუფეველში, არამედ რომელმან აღასრულოს". მხოლოდ სიტყვიერად უფლის დიდება, საქმით კი საპირისპიროს კეთება - დამღუპველია. გამოდის, უფლის სახელს ამოფარებულნი ვჩადით დანაშაულს, ცოდვას. სიკეთის ყველაზე დიდი გამოხატულება ხომ ის საქმეა, რომელსაც ვაკეთებთ. ამიტომ უნდა ვეცადოთ ყოველი წარმოთქმული სიტყვა საქმით დავამოწმოთ, განვამტკიცოთ.

XXI საუკუნეში, ცივილიზაციისა და ტექნიკის განვითარების ხანაში, როცა ადამიანი სიტყვისა და საქმის კანონით უნდა მოქმედებდეს, მან ყველაფერი რადიკალურად შემოაბრუნა და მხოლოდ სიტყვის თქმით შემოიფარგლა, მაშინ როცა ილია ჭავჭავაძე წერდა: "მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ქვეყნის სიცოცხლისა და ღონის მიმცემი". ალბათ ყველანი დავეთანხმებით, თუმცა მხოლოდ სიტყვიერად...

დიდ საქმეებთან შეჭიდება არ არის მთავარი; მთავარია, საქმე ღირსეულად გააკეთო, რადგან დიდი და პატარა საქმე არ არსებობს. წმინდა გულით გაკეთებული ყოველივე მნიშვნელოვანია და მცირეოდენი წვლილია, ერთი აგურია ქვეყნისა და ერის აღმშენებლობისას. ამდენად, ადამიანი უნდა გამოაჩინოს საქმისადმი ღირსეულად მიდგომამ და არა მხოლოდ ღირსეული საქმის კეთებამ.

თუ გვიფიქრია, რა პრინციპით ვცხოვრობთ? რა არის ჩვენი მიზანი? ჩვენი დანიშნულება?.. ვცდილობთ, ევროპას დავუახლოვდეთ წეს-ჩვეულებებით, საქმიანობით, ცხოვრების სტილით. განკითხვაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ უკეთესი ხომ არ იქნებოდა, ღირსეული ქართველებისთვის მიგვებაძა? მათთვის, ვინც ქართულ და მსოფლიო ცივილიზაციაში დიდი წვლილი შეიტანა და რომელთა საქმიანობაც ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს...

თუ იცხოვრებ ილიასეული პრინციპით - ყოველდღე შენს თავს ჰკითხავ: "დღეს მე ვის რა ვარგეო" და დღის ბოლოს კმაყოფილი დარჩები შენ მიერ გაკეთებული საქმით, ჩათვალე, რომ დრო ფუჭად არ დაგიკარგავს. ყველა საქმე, რასაც შეეჭიდები და ქვეყანას გამოადგება, მნიშვნელოვანია.

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1