რატომ მოჰპარე საკუთარ თავს დრო?
რატომ მოჰპარე საკუთარ თავს დრო?
დღეს ყოველი მხრიდან გვესმის: რა სწრაფად გარბის დრო, ვერაფერს ვასწრებთო. ინფორმაციის მოზღვავება მართლაც ბადებს განცდას, თითქოს დრო აჩქარდა, მაგრამ რომ ვერაფერს ვასწრებთ, - ეს ნამდვილად ჩვენი ბრალია. დავაკვირდეთ, როგორ ვანაწილებთ დღე-ღამის 24 საათს. თუ გულახდილნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ დროს უმეტესწილად მეოცე საუკუნის საოცრების - ტელევიზორისა თუ კომპიუტერის - წინ ვფლანგავთ.

სკოლაში ხშირად მომიკრავს ყური ასეთი დიალოგისთვის: "მზად ხარ ტესტების დასაწერად?" "მეძინება, წუხელ საერთოდ არ მძინებია. ღამის თორმეტ საათამდე ვიმეცადინე. მერე კომპიუტერს მივუჯექი, მეგობრებს ვესკაიპებოდი. კიდევ კარგი, დედაჩემი შემოვიდა ოთხ საათზე, თორემ ისე დამათენდებოდა, ვერც გავიგებდი..."

მისასალმებელია, როცა მოსწავლე პასუხისმგებლობას გრძნობს და გვიან ღამემდე მეცადინეობს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ თეთრი ღამეები მის ჯანმრთელობას ვნებს, მით უმეტეს - კომპიუტერის წინ გათენებული.

გასაგებია, რომ ძალიან ძნელია, თავი შეიკავო და არ ჩართო კომპიუტერი, როცა ვირტუალური ეკრანის მიღმა მეგობრები გეგულებიან. უცნობებიც რომ იყვნენ, ძნელია, თავს აუკრძალო ხალხთან საუბარი, ხანდახან კი ახალი ნაცნობების შეძენა უფრო მიმზიდველია, ვიდრე ნაცნობებთან ნაცნობ თემებზე საუბარი.

დღეს მართლაც უამრავი საცდური გვართმევს დროს.

ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება შემოქმედმა დროში შემოსაზღვრა. ეს დრო ძალიან მცირე გვეჩვენება და ქართველ კაცსაც სამართლიანად შეურქმევია ამქვეყნიური ცხოვრებისთვის წუთისოფელი. თვალის დახამხამებაში გაივლის მთელი ცხოვრება და უკანასკნელი ამოსუნთქვის ჟამს სიცარიელეღა შეგვრჩება ხელთ. თვალს რომ გადავავლებთ ჩვენს სიცოცხლეს, ხელმოსაჭიდს ვერაფერს ვიპოვით, უფალს რომ მივართვათ
ძღვნად, ჩვენ ხომ მისი მცნებების საწინააღმდეგოდ გავლიეთ დრო. ყოველი წამი მხოლოდ იმისთვის გვებოძა, რომ უფალი ვადიდოთ. ვადიდოთ შემოქმედი სიტყვითა თუ საქმით. როდესაც ჩვენზე მონდობილ საქმეს პასუხისმგებლობით და გულდასმით ვასრულებთ, ამით ყოვლადწმინდა სამებას ვადიდებთ: სკოლაში ბეჯითად ვსწავლობთ, სტუდენტობისას თავდაუზოგავად ვშრომობთ, სწავლის დასრულების შემდეგ კი გულით ვეკიდებით ჩვენს საქმეს და პირნათლად ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას.

თავისუფალ დროს კი სიტყვით უნდა ვადიდოთ უფალი. ვილოცოთ, ვიკითხოთ ფსალმუნები, სახარება, რომ შევიმეცნოთ უფლის მცნებები, გავეცნოთ წმინდა მამათა ცხოვრებას, რათა ვისწავლოთ ღვთის მცნებების აღსრულება მათი ცხოვრების მაგალითზე.

ჩვენ კი როგორ ვიქცევით? როგორც კი თავისუფალ დროს მოვიხელთებთ, მაშინვე ჩავეფლობით ვირტუალურ სამყაროში. ჯადოსნურ ეკრანთან ისე გადის დრო, ვერც ვიგებთ. შემდეგ ერთგვარი აზარტიც კი გვეუფლება - გვინდა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღოთ, მეტი ნაცნობი შევიძინოთ ინტერნეტისა თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით, რაც, თავისთავად, უფრო და უფრო მეტ დროს მოითხოვს. და ჩვენც ვიპარავთ დროს, უფრო სწორად, საკუთარ თავს ვპარავთ. გვირჩევნია, უხარისხოდ მოვამზადოთ გაკვეთილები, საქმეშიც ვიზარმაცოთ, ოღონდ კი სმს-ებისა და სკყპე-ისთვის ოდნავ მეტი დრო დაგვრჩეს. თანდათან გულგრილნი ვხდებით ჩვენი მოვალეობის მიმართ და სულ უფრო და უფრო მეტ დროს ვფლანგავთ.

შედეგად, წუთისოფელში ხომ ვერ ვაღწევთ წარმატებას და იმქვეყნადაც არაფერი მიგვაქვს. გარდაცვალების შემდეგ, უფლის წინაშე რომ წარვდგებით საშინელ სამსჯავროზე, სადაც ჩვენს თითოეულ ქმედებას ფარდა აეხდება და ყოველ მათგანზე პასუხს მოგვთხოვენ, თავს ვეღარაფრით ვიმართლებთ...

"სად წაიღე დრო, სულის საცხოვნებლად რომ გიბოძე? განა გამუდმებით არ მემდუროდი, რომ მეტისმეტად ცოტა დრო მოგეცი, რომ შენი ცხოვრება წუთისოფელი იყო? ჰოდა, მით უმეტეს უნდა გეჩქარა სიკეთის ქმნა, ასე ხელცარიელი რომ არ მდგარიყავი დღეს შენი შემოქმედი ღმერთის წინაშე. სხვას რომ წაერთმია შენთვის დრო, დაემდურებოდი, გაბოროტდებოდი და იმას დაადანაშაულებდი. შენ კი, ოცდამეერთე საუკუნის საცდურებში გახლართულმა, უსაქმურობაში რომ განვლე ძვირფასი დრო, თავი ასე გაიმართლე: "ოცდამეერთე საუკუნეში დავიბადე, ტექნიკის ზეობის ხანაში, და მის გარეშე როგორ მეცხოვრა?!" სწორედ ის შეგერაცხა ცოდვად, რომ ტექნიკაში გაცვალე უკვდავება, რომელიც მხოლოდ ღვთის მცნებების შესაბამისი ცხოვრებით მოიპოვება, რადგან ვირტუალურ სამყაროში თავგზააბნეულს დრო აღარ დაგრჩა ეკლესიურად ცხოვრებისათვის..."

მაშინ კი ნამდვილად დაგვწყდება გული, ასე უგულოდ და უგუნურად რომ მოვეპყარით საკუთარ ცხოვრებას და სირცხვილის ცეცხლი დაგვწვავს.
ბეჭდვა
1კ1