ბოლომდე დამთმენი გადარჩება
ბოლომდე დამთმენი გადარჩება
ცოდვა ისე შესისხლხორცებია ჩვენს სულსა და გულს, დაცემულ ბუნებას, რომ მისი მოკვეთა და მოშორება სხეულის ასოების მოკვეთაზე მტკივნეულია
ღვთის ნების აღმსრულებელი ადამიანი ერთგული მსახურია ხელთუქმნელი სიწმინდისა , რამეთუ უკვდავი სული, რომელიც თითოეულს საჩუქრად გვებოძა უფლისგან, შეუფასებელი საგანძური და საუნჯეა. უფლის თაყვანისცემა, მისი ერთგულება, უპირველეს ყოვლისა, მის მიერ ბოძებული სიცოცხლის, უკვდავების მოფრთხილებასა და სიწმინდით შენარჩუნებაში მჟღავნდება. ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, იგია ყოველი სიწმინდის მფლობელი, მასში არ შეიძლება წილი ჰქონდეს ბიწიერებას, რამეთუ წმინდასთვის ყოველივე წმინდაა, ბიწიერისთვის კი ყოველივე - ბიწიერი.

ღვთის სიყვარული წმინდა ცხოვრების სიყვარულს ნიშნავს. ადამიანის განწმენდა, მისი სულიერი სიმაღლე უფალთან ერთობის, მისი რწმენისა და ერთგულების ხარისხით იზომება. არსებობს ორგვარი - გარეგანი და შინაგანი, ღრმა სულიერი თაყვანისცემა სიწმინდისა. ეს უკანასკნელი მუდამ მშობელია პირველისა, რადგან მისი მფლობელი სიმდიდრის სულის სახლში შემნახველს ჰგავს, რომელიც ყოველ წუთს კეთილ ნაყოფთა სიმრავლითა და მრავალფეროვნებით უმასპინძლდება მასში შემოსულ უფალს. იგია წყარო ყოველგვარი კეთილი სიტყვისა და ქმედებისა. რაც შეეხება გარეგან თაყვანისცემას, ის ზედაპირულია, გაუცნობიერებელი, არ არის გონებისა და გულის სიღრმიდან ნაკარნახევი, მათგან ნასაზრდოები და ემსგავსება წარმოთქმულ, მაგრამ გონებამიუდევნებელ სიტყვას.

სიწმინდის მსახურება, უწინარესად, სულისთვის მსახურებაა და მხოლოდ უფალთან ერთობითაა შესაძლებელი. სულის სიწმინდის დაცვა, უფლისთვის მიძღვნა უდიდესი საქმეა. უპირველესად, მისი მოვლა-პატრონობა, მასზე ზრუნვა გვევალება, რადგან არაფერი გვაბადია მასზე აღმატებული და დიდებული. ადამიანს გაცნობიერებული რომ ჰქონდეს, რა მადლი მიიღო ღვთისგან, ცოდვას აღარასოდეს ჩაიდენდა. უფალს პატივს ის მიაგებს, ვინც თავისი ცხოვრებით სათნოეყოფა მას. რამდენადაც სუფთაა ჩვენი ცხოვრება, იმდენად წმინდა და სათნოა ღვთისთვის ჩვენი სული.

ხილული სიბინძურე ყველასთვის საზარელია, მაგრამ მასზე გაცილებით ამაზრზენი და საშინელია სულიერი სიბინძურე.

სულიერი განწმენდა უდიდეს ტკივილს უკავშირდება, რადგან ცოდვა ისე შესისხლხორცებია ჩვენს სულსა და გულს, დაცემულ ბუნებას, რომ მისი მოკვეთა და მოშორება სხეულის ასოების მოკვეთაზე მტკივნეულია. განწმენდა ხილული თუ უხულავი ომია. ამ ბრძოლაში დაცემა იმდენად არ უნდა გვაშინებდეს, რამდენადაც შემართებისა და მხნეობის დაკარგვა. უფალს ჩვენი დაცემა არ აკვირვებს, არამედ ხარობს და გვაკურთხებს, როდესაც კვლავ ფეხზე ვდგებით. თუ დაეცი უხილავი ბრძოლის ველზე, ნუ გეშინია, მთავარია, ერთ ადგილზე არ გაჩერდე, როგორც ბრძოლაში დაჭრილმა მეომარმა, ხოხვით განაგრძე გზა, წინსვლა საღვთო ბანაკისკენ და თავად ნახავ, რომ არ დააყოვნებს შეწევნა, მოწყალება ღვთისა. მთავარია, სულიერ შიშსა და უიმედობას არ მივეცეთ. უფლის შეწევნით, არ მივცეთ ბოროტს საშუალება, დათესოს ჩვენში თესლი სასოწარკვეთილებისა, - რადგან სწორედ ამას ცდილობს მზაკვარი ყველაზე მეტად, რათა ბნელეთის ფარდა ჩამოაფაროს ჩვენს ცნობიერებას, - არამედ მარად გამხნევდით საღვთო საგალობლის საოცარი სიტყვების ძალით: "ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინისმცეს მე" (ფს. 22,4). გვიჭირს, გვიძნელდება, გვტკივა, ჩვენი უძლურებითა და უმწეობით ხშირად ვცოდავთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მთავარია, სულიერი მზერა არ მოვწყვიტოთ უფალს, გულისა და გონების თვალი მუდამ მისკენ გვქონდეს მიპყრობილი, ყოველთვის გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები: "ბოლომდე დამთმენი გადარჩება".

ცოდვის სიძულვილი, მასთან ბრძოლა და მტრობა სიყვარული და მეგობრობაა სიწმინდისა. სისუფთავის მოყვარული ისეთ ადამიანს კი არ ჰქვია, ვინც არ ისვრება, რამეთუ ეს შეუძლებელია; არამედ ისეთს, რომელსაც წყალი უყვარს. სიწმინდის მოყვარეობაც არ ნიშნავს უცოდველობას, არამედ ღვთის ერთგულებასა და მარად სულიწმინდის მადლით განბანას.

სიწმინდით ის ცხოვრობს, ვინც ასრულებს საუფლო მცნებებს, ვინც განკაცებული ღმერთის ნაკვალევს მიუყვება თავისი ცხოვრებით. მხოლოდ უბრალო, მარტივი სულისა და გულის ადამიანს შეუძლია, შესაფერი პატივი მიაგოს უფალს, ზეცასა და უხილავ სამყაროს. უბრალოება დედაა ყოველგვარი სიწმინდისა, იგი სიყვარულისა და სიმდაბლის გადაკვეთით მიღებული ჯვარია, რომლითაც დამარცხდა ყოველი ვნება და ბოროტება ქვეყნიერებისა. "უბრალოება მარტივი წესია სულისა, რომელიც უძრავია ყოველგვარი ბოროტებისადმი" (წმინდა იოანე სინელი).

მოთმინება, ყურადღება, სიმტკიცე - აუცილებელი საშუალებანია სულიერი სურლყოფილების გზაზე. ნუ შეგვეშინდება განსაცდელისა, რადგან მასში სიბრძნეს ვპოვებთ, დაცემაში - ადგომას, უძლურებაში - უფლის ძლიერებას, მოთმინებაში - სულგრძელობას და კაცთმოყვარეობას. მადლიერნი ვიყოთ უფლისა ყველგან და ყველაფერში და ვნახავთ, რა მალე გადაიყრება ჩვენს სულში ჩაბუდებული შავი ღრუბლები და გამოანათებს მზე სიმართლისა - იესო ქრისტე, აღგვივსებს გულს გამოუთქმელი სიხარულით, რამეთუ იგია ერთადერთი ნათელი, სიხარული და ცხოვრება ქვეყნიერებისა თანა მამით და სულიწმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვა
1კ1