ბიბლია - წმინდა წიგნი
ბიბლია - წმინდა წიგნი
ღმერთი უკვე თავად გამოეხმაურა კაცობრიობას და თავისკენ მიმავალ გზაზე მიუთითა
კულტურული მსოფლიოს მწიგნობრობის ისტორია ბიბლიაზე ცნობილ და განუმეორებელ წიგნს არ იცნობს. ამ წიგნში ვკითხულობთ ადამიანთა ვნებებსა და საქმიანობაზე, რომელნიც ავტორის წარმოსახვით კი არ შექმნილა, არამედ სრულიად რეალური, ჩვეულებრივი პიროვნებებია. მათი გრძნობები, წარმატებანი თუ ხელმოცარვა დღესაც აქტუალურია და გასაგები. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბიბლიის პოპულარობის მთავარი მიზეზი ეს იყოს. იგი მკითხველს აოცებს და იზიდავს იმ ღრმააზროვანი კითხვებით, რომელთა პასუხსაც მოშურნეობით დღესაც ვეძებთ: რატომ გავჩნდით ამქვეყნად? რა არის ჩვენი სიცოცხლის აზრი? რა მოგველის სულისა და ხორცის გაყრის შემდეგ? როგორ მოვერიოთ აუტანელ შიშსა და ცოდვით დაცემის გრძნობას? დაბოლოს, არსებობს კი ღმერთი?

ბიბლია არ კამათობს ღმერთის არსებობა-არარსებობაზე. იგი ღმერთის არსებობის აღიარებით იწყება და გადმოგვცემს, როგორ ეპყრობა ღმერთი ადამიანს და რას მოითხოვს მისგან.

საკმარისია ერთხელ მაინც ჩავიკითხოთ ბიბლია, რომ დღევანდელობისგან სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდებით. თანამედროვე მკითხველისთვის ძველი კულტურის წვდომა რთულია. ლაპარაკია იმ კულტურაზე, რომელსაც ბიბლია წარმოსახავს და ამ კულტურის წვდომისთვის მილიონობით ადამიანი ბიბლიის აუცილებლობას განიცდის. დრომ შეიძლება შეცვალოს ადამიანის გარეგნული სახე, მაგრამ მის ბუნებას ვერ ცვლის. სანამ კაცი იარსებებს, მისთვის უცხო არ იქნება შური, შიში, სიყვარული, სიძულვილი, მწუხარება, სიძუნწე და სხვა. ადამიანის სიცოცხლის მთავარი მისტერია არის ქვეყნად მისი გაჩენა და სიკვდილისკენ პირდაპირი გზით სვლა. ყველას განუცდია ის სულიერი შიმშილი, რომელიც ბევრად აღემატება როგორც ჭამა-სმას და ყოფით კომფორტს, ასევე ხორციელ გულისთქმათა დაკმაყოფილებას; და ამ შიმშილის მოკვლის პირდაპირი გზა ბიბლიისკენ მიდის.

ბიბლიის კითხვისას კიდევ ერთი სირთულე გაჩნდება ხოლმე: ეს არის წიგნი, რომელიც ჩვენთვის უცნობ ენაზე შეიქმნა: ძველი აღთქმა - ძველებრაულად და ახალი აღთქმა - ძველბერძნულ ენაზე. ჩვენს წინაშეა ორიგინალი, რომელიც წარმოადგენს ფაქტობრივად მთარგმნელის ცოდნის, ოსტატობისა და გამოცდილების ნაყოფს: ესე იგი, ჩვენ ვეცნობით მხოლოდ დედანთან მიახლოებულ ტექსტს.

ბიბლიას ჩვენ ერთ წიგნად მივიჩნევთ, თუმცა კი იგი 76 სხვადასხვა თხზულებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მოცულობით, შინაარსითა და თხრობის ფორმით. მაგალითად, ზოგი მათგანი ისტორიულ-პროზაული ხასიათისაა, ზოგი - პოეტური. მათი ავტორები იყვნენ ებრაელთა ცნობილი მეფეები, სახელმწიფო მოხელეები, სასულიერო პირები და ზოგჯერ უბრალო მწყემსები და მებადურები; თუმცა, ზოგი მათგანის ვინაობის დადგენა დღეს შეუძლებელია.

ბიბლია მრავალი საუკუნის განმავლობაში იქმნებოდა. ბიბლიის ცალკეული ნაწილები ერთმანეთთან პირობითად არის დაკავშირებული. თითოეული ავტორი მისთვის დამახასიათებელი ხერხებით გადმოსცემს ღვთის სიტყვას, რომელიც გვამცნობს, თუ რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად და გვაუწყებს ღმერთის სურვილს - ცოცხალი ურთიერთობა ჰქონდეს თავის სახედ და ხატად შექმნილ ადამიანთან.

ბიბლიის 66 წიგნი ორ მთავარ ნაწილად იყოფა: ძველი აღთქმა (39 წიგნი) და ახალი აღთქმა (27 წიგნი). არსებობს კიდევ 12 ეგრეთ წოდებული არაკანონიკური წიგნი, რომლებიც ზოგიერთ გამოცემაში გვხვდება. ამ წიგნებს, უდავოა, თავისი ისტორიული ღირებულება აქვს.

ღმერთმა, რომელიც ადამიანებმა შეიცნეს ან ვერ შეიცნეს, თავად გადაწყვიტა საკუთარ ქმნილებასთან - ადამიანთან - ურთიერთობის აღდგენა.

ადამიანმა ბიბლიის კითხვა ღმერთის ძიების სურვილით უნდა დაიწყოს. თუ ასე მოხდება, სულ მალე აღმოაჩენს, რომ ღმერთი უკვე თავად გამოეხმაურა კაცობრიობას და თავისკენ მიმავალ გზაზე მიუთითა.

ბიბლიას უფრო მეტის თქმა შეუძლია თავის თავზე, მაგრამ ამ წიგნის უპირველესი მნიშვნელობა ის გახლავთ, რომ მისი ავტორები ღვთივსულიერებით იყვნენ შთაგონებულნი. ის, რასაც ბიბლია გვეუბნება ადამიანის ფიქრებზე, აზრებსა და აღმოჩენებზე, ბევრად ზეაღმატებულია. ბიბლია არის ღვთის სიტყვა, რომელიც ეძღვნება სამყაროს, რომლის მემკვიდრენიც ჩვენ ვართ.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1