ქალწულთა გვირგვინი და დედათა დიდება, მწუხარეთა ნუგეში და სასო მგლოვიარეთა
ქალწულთა გვირგვინი და დედათა დიდება, მწუხარეთა ნუგეში და სასო მგლოვიარეთა
წმინდა წიაღი, რომელშიც აღმოცენდა ვაზი სიცოცხლისა, ოქროს ღუმელი, რომელშიც გამოცხვა პური უკვდავებისა, საკურთხეველთა საკურთხეველი, რომელშიც დაბრძანდა მეუფე ქვეყნიერებისა. ქალწულთა გვირგვინი და დედათა დიდება, მწუხარეთა ნუგეში და სასო მგლოვიარეთა, გლახაკთა სიმდიდრე და მდიდართა უბრალოება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სიმაღლეა სიწმინდისა, წყაროა მშვენიერებისა, რომლისგანაც სვა სიცოცხლის წყალი ყოველმა სულიერმა. კეთილ ნიადაგზე აღმოცენებული ნერგი სიხარულისა, მშვენიერებისა, რომელიც დახუნძლულია ცხრა ნაყოფით სულიწმინდისა, დიადი ჭურჭელი შემოქმედისა, შობიდანვე აღბეჭდილი შვიდი ნიჭით ზეციური სულისა. საკუთარ წიაღში დამტევნელი დაუტევნელისა, დასაბამის მიმცემი დაუსაბამოისა, მშობელი ყოველთა მშობლისა და თავისი წმინდა რძით მასაზრდოებელი ყოველთა მასაზრდოებლისა.

დედა ღვთისა, წმინდა მარიამი, მღვდელთა პატიოსანი ბეჭედი და მონაზონთა მშვიდი ნავსაყუდელია. ზეცისა და ქვეყნის დედოფალი, დედა თითოეული ადამიანისა, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთის ძმანი და დანი შევიქმენით. თავის წმინდა მუცელში მომდუღებელი და მატარებელი ახალი აღთქმისა, კაცობრიობის მხსნელისა და მკვდრეთით აღდგომისა. ზებუნებრივი სიწმინდით აღმატებული ქერუბიმებსა და თვით ექვსფრთოვან სერაფიმებზე. დაუჭკნობელი ყვავილი სიცოცხლისა და შეუწველი მაყვალი კაცობრიობისა. უდიდესი მოლოდინი და საოცარი ჯილდო ღვაწლმოსილ, მხცოვან და კეთილმორწმუნე იოაკიმესი და ანასი. მშობელი ახალი ადამისა და თავად აღდგინება ახალი ევასი. ქვეყნიერების დედა, დედობრივი სითბოთი მზრუნველი თითოეულ ჩვენგანზე. დამწუხრებულ, გამწარებულ მშობელთა ნუგეში, მათი ლოცვისა და ვედრების მსწრაფლშემსმენი და აღმსრულებელი. ჯოჯოხეთში მყოფ სულთათვის დაუღალავი მეოხი და შუამდგომელი საკუთარი ძისა და ღვთის წინაშე.

დედა ყველაზე ერთგული მზრუნველია საკუთარ შვილებზე, მსგავსად ეკლესიისა, რომელიც დღენიადაგ და დაუსაბამოდ ზრუნავს ქრისტეს სამწყსოზე, თავის საყვარელ მრევლზე. დედა აღმატებულად საყვარელია შვილისთვის ხორციელთა შორის. სამოციქულო ეკლესიაც ერთია და შეუდარებლად ძვირფასია ქრისტიანთათვის. შვილებზე განრისხებულ მამასთან დედა შუამდგომლობს შესარიგებლად. ასევე ღმერთსა და ეკლესიასთან დაშორებულ ადამიანთათვის ღვთისმშობელია მარადის მეოხი და შემარიგებელი. დედა საკუთარი წიაღიდან კვებავს ახალშობილს. ღვთის სახლიც თავისი წმინდა წიაღიდან, საყვარელი ბარძიმიდან მაცხოვრის განმაღმრთობელი სისხლითა და ხორცით კვებავს ყოველ მორწმუნეს.

ღვთის სულიერ ქმნილებათაგან ერთადერთი ღვთისმშობელია, რომელშიც ასე სრულად და სისავსითაა თავმოყრილი სათნოებათა მთელი საუნჯე. იგია მყუდროება სულისა, ნათელი გონებისა, მომნიჭებელი მშვიდობისა და მშვენიერება უბიწოებისა. მფარველი დემონთაგან, დამხსნელი შიშთაგან და მანუგეშებელი საფრთხეთაგან. სულიერი საკმეველი, რომელიც კეთილსურნელებით აღავსებს სიმყრალეს ცოდვილი სულისას, რწმენის ამაღორძინებელი და მაცოცხლებელი ურწმუნოთა გულებში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი არის შეუცნობელი სახე უმანკოებისა. ქალწული, რომელიც ღვთის ცოცხალ ტაძრად და სიტყვიერ სამოთხედ იქცა. მისი საშო უფლის საყდრად იქნა მომზადებული, მუცელი კი ცაზე უვრცელესია, მისგან განხორციელდა პირველ საუკუნეთა ღმერთი, ჩვენი უფალი იესო ქრისტე, განმწმენდელი სულთა და ხორცთა ჩვენთა, რომლისგანაც გამოხსნილნი ვართ თითოეული საუკუნო სიკვდილისაგან, სამუდამო ტანჯვისა და მარადიული წყევლისგან, ამინ!
ბეჭდვა
1კ1