სულიერი ბრძოლა ყველა დანარჩენზე რთულია
სულიერი ბრძოლა ყველა დანარჩენზე რთულია
სულიერი ცხოვრება და სრულყოფილება მხოლოდ ხილული სათნოებებისგან როდი შედგება, რადგან ჭეშმარიტი სრულყოფილება სხვა არაფერია, თუ არა ღმერთთან სიახლოვე და მასთან ერთობა, რაც ნიშნავს ღვთაებრივი დიდებულებისა და სახიერების გულწრფელ აღიარებას და საკუთარი არარაობისა და ყოველგვარი ბოროტებისკენ მიდრეკილების შეცნობას; ღვთის სიყვარულსა და საკუთარი თავის მოძულებას (არა ზიზღს საკუთარი თავისა, არამედ უფლისთვის მიძღვნას, ცხოვრებით შეწირვას); უფლის სიყვარულის გამო დამორჩილებას არა მხოლოდ ღვთის, არამედ ყოველივე შექმნილისადმი (ეს კი სიმდაბლე და გონიერი მორჩილებაა), საკუთარი ნების უარყოფასა და ღვთის ნების სრულ მორჩილებას. აი, სწორედ ამაში მდგომარეობს სისრულე და ნამდვილი, წმინდა თავისუფლება ადამიანისა. ესაა სიყვარულის კანონი, ღვთის ერთგულ მონებში მისივე ბეჭდით შთატვირთული! ესაა საკუთარი თავის უარყოფა, რასაც ითხოვს ჩვენგან უფალი, ჩვენი შესაძლებლობების, მონდომებისა და მცდელობის კვალად. ეს იესო ქრისტეს ტკბილი უღელი და მსუბუქი ტვირთია, რომელიც ღვთის ნების მორჩილებასა და ჩვენს უძლურებაში ვლინდება. განა თავად მან, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, არ მოგვიწოდა ცხონებისაკენ და გვასწავლა ლოცვა ზეციური მამის მიმართ? წამების გზაზე შემდგარმა, განა თავადვე არ შეჰღაღადა: თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი! (ლუკ. 22,42).

სულიერი ბრძოლა ყველა დანარჩენზე რთულია, რადგან იგი საკუთარი თავისთვის მისივე წინააღმდეგ მიმართული ბრძოლაა. ჩვენი უდიდესი მტერი საკუთარი უძლურება და ცოდვიანობაა და მასზე გამარჯვება მხოლოდ ღმრთითაა შესაძლებელი.

ეშმაკმა მართლაც სასტიკი დამარცხება აგემა კაცთა მოდგმას. ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დავკარგეთ სამოთხე, სიხარული და უკვდავება, ყველა ციხესიმაგრე უბრძოლველად დავუთმეთ მტერს. მაგრამ ომის ბედს პირველი ბრძოლა კი არ წყვეტს, არც მეორე და მესამე, არამედ - უკანასკნელი, რადგან იგია სწორედ გადამწყვეტი. ისტორიაში ხშირია შემთხვევა, როცა სახელმწიფოები და დიდძალი ლაშქრები მარცხდებოდნენ, აღჭურვილობის გარეშე რჩებოდნენ, ათასგვარ გაჭირვებას განიცდიდნენ, მაგრამ თავს უფლებას არ აძლევდნენ, სასო წარეკვეთათ, პირიქით, ბრძოლას აგრძელებდნენ და მიუხედავად უწინდელი დამარცხებისა და ჭირ-ვარამისა, უეცრად გადამწყვეტ დარტყმას აყენებდნენ მტერს უკანასკნელ ბრძოლაში და ძლევამოსილნი გამოდიოდნენ. არც ჩვენ უნდა შეგვეპაროს ეჭვი გამარჯვებაში. თუკი ბრძოლას განვაგრძობთ, იარაღს არ დავყრით, "ფარი სარწმუნოებისა" მტკიცედ გვეპყრობა, "ჩაფხუტს ცხოვრებისას" თავიდან არ მოვიცილებთ და "მახვილს სულისას" ("რომელ არს სიტყვა ღმრთისაი" (ეფ. 6,16,17)) ხელს არ გავუშვებთ, მაშინ ძლევას მოვიპოვებთ და ალაფს ავიღებთ.

მტერთან შებმა მარტო არ მოგვიწევს, რადგან უკვე გვყავს თანამებრძოლი, რომელმაც მოიპოვა ძლევა კაცობრიობის მტერზე; თავად ღმერთია ჩვენთან, იგია ჩვენი მოკავშირე და დამცველი, სისხლი, ხორცი და სუნთქვა. იგი ყველაფერია ჩვენთვის. მისი სახელით, მისი იმედითა და სიყვარულით ვიბრძოლოთ, გულს ნუ გავიტეხთ, თუ დავიჭრებით - შევცოდავთ კიდეც, ვინაიდან ბრძოლა მძიმეა, მტერი კი გამოცდილი. მაგრამ ერთი რამ მუდამ უნდა გვახსოვდეს: ქრისტიანისთვის არავითარი ჭრილობა სასიკვდილო არ არის! მივიდეთ "ფრონტის ჰოსპიტალში" - ქრისტეს ეკლესიაში, შევინანოთ და ვაღიაროთ ცოდვები, უძლურება და ვნახავთ, რა სწრაფად შეგვიხორცდება ჭრილობები.

თუ მტერი იარაღს დაგვაყრევინებს - სულიერ უძლურებაში ჩაგვაგდებს ცხოვრებისეული მწუხარების, გულისტკივილისა და მღელვარების მეშვეობით, მდაბლად დავხაროთ თავი ღმრთის ნების წინაშე, დავიხაროთ და ზე აღვმართოთ ხმალი, სულმოკლეობისთვის ვუსაყვედუროთ თავს და მტრის შეტევა კვლავ უდიდესი შემართებით მოვიგერიოთ. ვინც ასე მოიქცევა, გაიმარჯვებს და ძლევამოსილის გვირგვინს მიიღებს. ქრისტიანს მარადის უნდა ახსოვდეს, რომ ქრისტეს მეომარია, მშვიდი და წყნარი არსებობისთვის კი არა, სულიერი თუ ხორციელი ბრძოლისთვის არის მოწოდებული, სასტიკი ბრძოლისთვის, და ვინც მასში გაიმარჯვებს, შვებით, პატივითა და სიხარულით დატკბება.

ჩვენი გული მეტად მცირეა, არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმე ზედმეტმა შეაღწიოს მასში; ის მხოლოდ ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით უნდა საზრდოობდეს. უფალმა ამ ცხოვრებაში იმისთვის მოგვიყვანა და გონიერი სულიც იმისთვის გვიბოძა, რომ ვცხონდეთ და უკუნისამდე მასთან ვიყოთ ცხოვრებასა და სიხარულში. ვისაც ღმერთი უყვარს და სიკვდილამდე მისი იმედი აქვს, სწამს და სჯერა მისი ერთგულებისა, სიკეთეს არ მოაკლდება უკუნისამდე. შეუძლებელია, არ ვცხონდეთ, თუ მხოლოდ სულის ხსნაზე ვიზრუნებთ, ღვთისგან გამოწვდილ ძლიერ მარჯვენას (უფლის მადლს) უძლურ ხელს გავუწვდით, რომელიც ცხონების ძლიერი და მოქმედი წადილია, ღვთის სიყვარული და რწმენაა. ერთთავად უფალს მივენდოთ, დავმდაბლდეთ ღვთისა და ჩვენი ძმების - ადამიანთა წინაშე (ეს კი უდიდესი შრომით, ღვაწლითა და შემართებითაა შესაძლებელი), რადგან ოდენ დამდაბლებული ცხონდება და მიიღებს მადლს ღვთისას. ამინ!

ნიკოდიმოს მთაწმინდელისა და
უცნობი ბერის ჩანაწერების მიხედვით
ბეჭდვა
1კ1