"თუ სიყვარული ძალმიძს, აღარ ძალმიძს, თანამოძმე არ მიყვარდეს..."
"თუ სიყვარული ძალმიძს, აღარ ძალმიძს, თანამოძმე არ მიყვარდეს..."
ყველაზე ფუნდამენტური ტიპის სიყვარული, რომელიც მის ყველა ფორმას უდევს საფუძვლად, სწორედ ძმური სიყვარულია. მასში პასუხისმგებლობას, მზრუნველობას, პატივისცემას, ყველა სხვა ადამიანის ბუნების ცოდნას, მათი სიცოცხლის გახანგრძლივების სურვილს ვგულისხმობ. სწორედ ამგვარ სიყვარულს გვასწავლის წმინდა სახარება: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (მარკ. 12, 29-31).

ძმური სიყვარული - ყველა ადამიანის მიმართ სიყვარულია, რომელიც უპირატესობას არავის ანიჭებს. თუ სიყვარულის უნარს განვივითარებ, აღარ ძალმიძს, ჩემი მოძმენი არ მიყვარდეს.

ძმურ სიყვარულს ყოველი კაცის მიმართ ერთობის, თანხმობის, ადამიანური სოლიდარობის განცდა ახლავს. ამგვარმა სიყვარულმა იცის, რომ ყველანი ერთნი ვართ. ზოგადად, ადამიანური არსის იდენტურობასთან შედარებით, ტალანტს, განათლებას, ინტელექტს შორის განსხვავება მეტად უმნიშვნელოა.

ამგვარი ერთიანობა და იდენტურობა რომ განვიცადოთ, პერიფერიიდან სიღრმეში უნდა გადავინაცვლოთ. ვინმეს ზედაპირულად გაცნობისას მხოლოდ იმ განსხვავებას ვამჩნევთ, რომელიც ერთმანეთს გაშორებს, მაგრამ როგორც კი ამ ადამიანის არსს ჩავწვდებით, ჩვენს იდენტურობას და ძმობის ფაქტს მყისვე გავაცნობიერებთ.

სწორედ ამგვარი კავშირია (ცენტრისა - ცენტრთან და არა პერიფერიისა - პერიფერიასთან) ე.წ. ცენტრალური კავშირი, ანუ, როგორც სიმონ უეილი იტყოდა, "ერთი და იგივე სიტყვები (მაგალითად, "მე შენ მიყვარხარ") შესაძლოა, ბანალურადაც ჟღერდეს და ორიგინალურადაც, იმის მიხედვით, თუ რა ფორმით წარმოთქვამენ.

გამოთქმის ფორმა კი იმაზე გახლავთ დამოკიდებული, რამდენად გულწრფელი და ბუნებრივია ეს სიტყვები ან რა სიღრმიდან წარმოთქვამენ. მათი უჩვეულო ჰარმონიის წყალობით ეს სიტყვები შესატყვის სიღრმეს იძენენ ადრესატის გულში.

ამდენად, ადრესატი, თუ მას არსის წვდომის ოდნავი უნარი მაინც გააჩნია, უთუოდ შეიგრძნობს ამ სიტყვების ჭეშმარიტ ღირებულებას.

ძმური სიყვარული - თანასწორთა სიყვარულია, თუმცა, თანასწორნიც როდი არიან ყოველთვის "თანასწორნი" - კაცნი ვართ და ადრე თუ გვიან, ყველას გვჭირდება დახმარება, მაგრამ ეს იმას როდი გულისხმობს, რომ ერთი ყოველთვის უმწეოა, მეორე კი ყოვლისშემძლე... უმწეობა - დროებითი მოვლენაა, მიწაზე მყარად დგომის უნარი კი მუდმივი და სტაბილური მდგომარეობა.

და მაინც: უმწეო, ღატაკი და უთვისტომო ადამიანის სიყვარული ძმური სიყვარულის საწყისია. საკუთარი სისხლისა და ხორცის სიყვარული დიდი მიღწევა არ არის, საკუთარი ნაშიერი, მოგეხსენებათ, ცხოველსაც უყვარს და ზრუნავს მასზე.

უსუსურ ადამიანსაც უყვარს თავისი მფარველი, რადგან მასზეა დამოკიდებული. ბავშვს უყვარს მშობლები, რადგან ძალიან სჭირდება ისინი...

ჭეშმარიტი სიყვარული მაშინ იწყება, როდესაც სიყვარულის ობიექტს რაიმე მიზნისთვის არ ვიყენებთ.

ისიც აღსანიშნავია, რომ ძველ აღთქმაში ადამიანის სიყვარულის ცენტრალური ობიექტი - ღატაკი უცხოელი და ქვრივ-ობოლია.

თანაუგრძნობს რა უმწეო არსებას, ადამიანი მოძმისადმი სიყვარულს სწავლობს. საკუთარი თავისადმი სიყვარულისას ადამიანს ყოველი სუსტი, მიუსაფარი, სნეული და განსაცდელსა თუ გასაჭირში მყოფი უყვარს.

თანაგრძნობა - ცოდნისა და იდენტიფიკაციის ელემენტს მოიცავს. "მდგმურს ნუ შეავიწროებ, - ღაღადებს ძველი აღთქმა, რადგან მდგმურნი იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში (გამ. 23,9)... გიყვარდეთ იგი, როგორც საკუთარი თავი..." (ლევ. 33-34).

ერიხ ფრომის "სიყვარულის ხელოვნების" მიხედვით

ბეჭდვა
1კ1