ბრძოლა არჩევანის გზაზე
ბრძოლა არჩევანის გზაზე
ჭეშმარიტების არჩევის გზაზე და ამ არჩევანის გაკეთების შემდგომაც ადამიანს გამუდმებული ბრძოლა უწევს. ამ ბრძოლაში კი სამი მტერი ჰყავს: წუთისოფელი, ხორცი და ეშმაკი.

წუთისოფელი ზღუდეა ადამიანის სულსა და უფალს შორის. მამა პაისი ამბობს, თვით ეშმაკზე დიდი მტერი ჩვენი სულისა წუთისოფლის სულიაო. წუთისოფელი ჩვენს წინააღმდეგ თავის განსაცდელებს ამხედრებს: სიმდიდრითა და ამაო დიდების წყურვილით, ურწმუნო ადამიანებთან ურთიერთობით, მატერიალური საზრუნავითა და მთავრობისმოყვარეობის ცოდვით შემოგვიტევს. არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი წერს: ახალმოქცეულის სულზე, რომელმაც ცხოვრების მიზანი და მოვალეობა ახლახან შეიცნო, წუთისოფელს, ყოველივე ამქვეყნიურს დიდი ძალა აქვსო.

ჩვენივე ხორცი ჩვენს წინააღმდეგ გემოთმოყვარეობითა და სიძვის ვნებით აღდგება, სიზარმაცით, ხორციელი კომფორტისა და სიამოვნებისკენ სწრაფვით დაგვთრგუნავს, ყოველნაირად ეცდება, სულზე თავისი უპირატესობა დაგვიმტკიცოს, ადამიანი აიძულოს, მთელი სულიერი ძალები ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას მოახმაროს.

ეშმაკი კი თავისი თანამებრძოლების - წუთისოფლისა და ხორცის საბრძოლო საშუალებებით სარგებლობს. ამისათვის იგი ყველა ადამიანურ გრძნობის ორგანოს იყენებს: მხედველობას - რომელსაც სხვისი სიმდიდრისა და კეთილდღეობის ცქერით, გარყვნილი ფილმებითა და გამოსახულებებით აღაგზნებს; სმენას - რომელსაც მლიქვნელური საუბრებით, სულის გამხრწნელი ბილწსიტყვაობით თრგუნავს; ყნოსვას - რჩეული კულინარიული სურნელით; გემოს - ნუგბარითა და ალკოჰოლით; შეხებას - ყოველგვარი ხორციელი შეგრძნებით, ძვირფასი შესამოსლიდან დაწყებული, გარყვნილი ურთიერთობებით დამთავრებული.

ეშმაკის თავდასხმის ძირითადი ობიექტი ჩვენი უძლური, უღმერთოებით დაბნელებული ადამიანური გონებაა. აქედან გამომდინარე კი შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ამ სამ მტერზე გამარჯვებას მაშინ შევძლებთ, თუკი საკუთარ თავზე გავიმარჯვებთ. საკუთარ თავთან ბრძოლა ხომ ყველა დანარჩენზე რთულია, ამიტომ მასში გამარჯვებაც ყველა გამარჯვებაზე სასახელო და, რაც მთავარია, სათნოა უფლისთვის. ერთ-ერთი წმინდა მამა წერს: ასობით ქრისტიანის უსჯულოთა მონობისგან გამოსყიდვა და გათავისუფლებაც ვერ გიხსნის, თუკი თავად ვნებათა ტყვეობაში იმყოფები...

არჩევანის გზაზე თუ მისი გაკეთების შემდგომ ბრძოლაში ადამიანს ყველაზე მეტად ლოცვა შეეწევა. იგი უძლიერეს იარაღად იქცევა ამ ბრძოლაში. ჭეშმარიტიLლოცვა გადაულახავ ზღუდედ აღიმართება, რომელიც არც მტრის (ეშმაკის) ისრებს იკარებს, არც ხორციელ ვნებებს, არც წუთისოფლის ხიბლსა და ცდუნებას. უფრო მეტიც, გულში ლოცვის არსებობა უკვე თავისთავად შეწყვეტს ბრძოლას. ამიტომ უნდა ვიჩქაროთ ლოცვის დანერგვა და ვიზრუნოთ, რომ იგი მუდმივად ცოცხლობდეს და მოძრაობდეს. ეს იგივეა, რომ გვითხრან: ასე მოიქეცი და უბრძოლველად გაიმარჯვებო!
ბეჭდვა
1კ1