სად არ აქვს ადამიანს არჩევანის უფლება?
სად არ აქვს ადამიანს არჩევანის უფლება?
ჩვენ არ ვირჩევთ ოჯახსა და სამშობლოს
უსაზღვრო სიყვარულით შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად და თავისუფალი ნება მიანიჭა. თავისუფლების რეალიზაციისთვის საჭირო პირობა - არჩევანის უფლებაც - უფალმა შექმნა და თავისი ქმნილება სამოღვაწეო ასპარეზზე გაუშვა.

ამ დღიდან ადამიანი მარადიული არჩევანის წინაშე დგას, თვითონ განაგებს თავის ყოფას: ირჩევს საკვებს, სამოსს, პროფესიას და, საბოლოოდ, ცხოვრების გზას - ვიწრო, ძნელად სავალსა და ფართო, იოლად სავალს შორის აკეთებს არჩევანს. მაგრამ რაც უნდა გასაკვირი იყოს, კაცი არ ირჩევს იმ გარემოს, სადაც თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებს. ჩვენ არ ვირჩევთ ოჯახს, ჩვენთვის ყველაზე საყვარელ, ახლობელ ადამიანებსა (მშობლებს, დედმამიშვილებს, ნათესავებს) და ქვეყანას, რომელსაც სამშობლო ჰქვია.

რატომ დაუშვა უფალმა, რომ კაცს არ ჰქონოდა უფლება, აერჩია ის, რაც უდიდეს ადგილს იკავებს მის ცხოვრებაში?

დაცემული ადამიანის მამის წიაღში - სამოთხეში დაბრუნებას ყოველწამიერი არჩევანი და შემოქმედისადმი მორჩილება განაპირობებს. სწორედ მორჩილებაში გამოსაცდელად წაგვართვა ღმერთმა ოჯახისა და სამშობლოს არჩევის უფლება. როგორც რკინა იწრთობა ცეცხლში, ასევე იწრთობა ადამიანის ბუნება მორჩილებაში. უფლის წმინდა ნებას დამორჩილებული, სიყვარულით იღებს ოჯახსა და სამშობლოს. ვინც თავდაუზოგავად, მოთმინებითა და თავმდაბლობით ემსახურება მშობლებს და თავის ქვეყანას, ის აღასრულებს უფლის ნებას. თუმცა ეს დიდ თავგანწირვას მოითხოვს.

ოჯახის წევრების სიყვარული მუდმივი მსხვერპლშეწირვაა საკუთარი ამბიციებისა, თავმოყვარეობისაც. ოჯახის წევრების სიყვარული მათზე ზრუნვით გამოიხატება. ადამიანი მუდმივად უნდა ცდილობდეს, არ ავნოს, გული არ ატკინოს დედ-მამასა თუ და-ძმას, ამისთვის კი საკუთარი თავი უნდა დათმოს. ოჯახი, როგორც ვხედავთ, უფალმა ცოდვათა მშობელი ამპარტავნების აღმოსაფხვრელად მოგვმადლა.

ხშირად კაცს უცხო ქვეყანა უფრო მეტად იზიდავს, ვიდრე დედამიწის ის კუთხე, სადაც დაიბადა. ესეც ეშმაკის დაგებული მახეა, რომ აცდუნოს ადამიანი, უფლის წმინდა ნების წინააღმდეგ წარმართოს ჯერ მისი ფიქრი, ხოლო შემდეგ, თუ ვერ დაძლია ეს ღვთის საწინააღმდეგო აზრი, - საქმით წინაღუდგეს შემოქმედს, მიატოვოს ადგილი, სადაც უფალმა დაადგინა, საკუთარ გონებას, არჩევანს მინდობილმა საცხოვრებლად სხვა ქვეყანას მიაშუროს და ამით შეურაცხყოს ღვთის განგება. ის კი, ვინც შემოქმედის უზენაესობას აღიარებს, არ ენდობა საკუთარ თავს და ცდილობს, ყველაფერში უფლის წმინდა ნება აღასრულოს, მორჩილებით იღებს ყველაფერს ისეთს, როგორიც უფალმა შექმნა და ამგვარად ემსახურება უზენაესს.

ყოვლადმოწყალე ღმერთიც ხედავს მის გულმოდგინებას საკუთარ ამბიციებთან ბრძოლაში, თავმდაბლობას, უანგარობას, რადგან ოჯახისა და სამშობლოს სამსახურში სიყვარულით იღვწის, და მარადიული ცხოვრებისთვის მრავალი შეჭირვების სანაცვლოდ ნეტარებას უმზადებს.
ბეჭდვა
1კ1