ჯვარი თვისი და ჯვარი ქრისტესი
ჯვარი თვისი და ჯვარი ქრისტესი
ჯვარცმული მაცხოვრის მსგავსად, ადამიანი საკუთარ სხეულზეა გაკრული, ეკლიან გვირგვინად კი ფიქრები უსერავს თავს
"მაშინ ჰრქუა იესო მოწაფეთა თვისთა: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა: უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე" (მათ. 16,24). მაცხოვარი ამ სწავლებით სულის ცხონებისა და სამარადისო ნეტარების მოპოვების გზას გვიჩვენებს.

წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი უფლის სიტყვების დასაწყისზე ამახვილებს ყურადღებას: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა". ქრისტემ დაგვანახა, რომ სიქველე, სასუფევლისკენ მიმავალ ვიწრო და ძნელად სავალ გზაზე სვლა, უფლის მცნებების შემეცნება და აღსრულება ძალდატანებით არ ხდება, არამედ ადამიანი თავისუფალი ნებით აკეთებს არჩევანს.

ქრისტეს მიმდევარი ის კი არ არის, ვინც იესოს ძე ღვთისას უწოდებს მხოლოდ, არამედ ის, ვინც უარყოფს საკუთარ თავს. თავის უარმყოფლად ის იწოდება, ვინც გუშინ თავაწყვეტილი იყო, დღეს კი თავშეკავებულია, წმინდა პავლე მოციქულის მსგავსად, რომელმაც საკუთარი თავის უარყოფა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: "და უკვე მე კი აღარ ვცხოვრობ, არამედ ქრისტე ცხოვრობს ჩემში". ამრიგად, ვინც განუდგა საკუთარ თავს, მან იტვირთა "ჯვარი თვისი".

რას გულისხმობს "ჯვარი თვისი"? წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვის განმარტებით, "ჯვარი თვისი" ამქვეყნიური მწუხარებანი და ტანჯვანია, რომელთაც ყოველი ადამიანი პირადად განიცდის, ცოდვით დაცემა და ვნებანია, რომლებიც ყოველ ადამიანს თავისი აქვს. ამათგან ზოგი ვნება დაბადებიდანვე დაგვყვება, ზოგიც ცხოვრების გზაზე გვეღობება და სულს გვიავადებს. ამ სენთაგან განკურნება კი მხოლოდ მარხვით, ლოცვით, მღვიძარებითა და სხვა კეთილგონიერი შრომით მიიღწევა, რომელიც აკვდინებს ხორცს და აღორძინებს სულს. და ეს ღვაწლი ჩვენს შესაძლებლობებს არ აღემატება - უფალი ისეთ ჯვარს გვაძლევს, რომლის ზიდვაც ძალგვიძს.

თუმცა, რაც უნდა მძიმე ჯვარი ვიტვირთოთ, ყოველი შრომა ფუჭად ჩაივლის, თუ "ჯვარი თვისი" ქრისტეს ჯვრად არ გარდაისახა. როდესაც უფალს შევუდგებით და ვნებებთან ბრძოლაში საკუთარ უსუსურებას შევიგრძნობთ, ღმერთს შევთხოვოთ დახმარება, ვევედროთ, გაგვაძლიეროს, განგვიმტკიცოს სულიერი ძალები, რათა უდრტვინველად მივიღოთ ყოველი უბედურება. ასეთ ადამიანს წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი იესოს მოწაფეს უწოდებს. რაკი ღრმად იწამა უფლის მფარველობა, თავსდამტყდარ უბედურებებსაც მაცხოვრისგან მოვლენილად მიიჩნევს, როგორც ქრისტიანობის აუცილებელ და გარდაუვალ პირობას, უშფოთველად იტანს ყოველგვარ გასაჭირს, რამეთუ სწამს, მწუხარებანი შეაერთებს მაცხოვართან.

გოლგოთისკენ მიმავალ მაცხოვარს თვითონ მიაქვს თავისი ჯვარი. ჯვრის სიმძიმის ქვეშ ეცემა "ძლიერი ბრძოლასა შინა", რომელსა "უტვირთავნ ყოველნივე სიტყვითა მით ძლიერებისა მისისაითა" (ებრ. 1,3). მაშინ სვიმონ კვირინელს აჰკიდეს ქრისტეს ჯვარი. წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი მიგვითითებს, გულისხმავყოთ, რომ სიმონი მორჩილებას ნიშნავს. ამრიგად, იესომ ჯვარცმის წინ კიდევ ერთხელ მოგვცა სწავლება არა სიტყვიერი, არამედ ქმედითი - ქრისტეს ჯვრის ტარება მხოლოდ მორჩილს ძალუძს. კვირინეა კი, რომელსაც წინათ პენტაპოლისი ერქვა, ხუთ გრძნობას ნიშნავს.

ეს ხუთი გრძნობა უნდა დაიმორჩილოს ადამიანმა და უფლის მცნებებს დაუქვემდებაროს. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, ჯვარცმული მაცხოვრის მსგავსად, ადამიანი საკუთარ სხეულზეა გაკრული, ეკლიან გვირგვინად კი ფიქრები უსერავს თავს. თითოეულს ჩვენი გოლგოთა გვაქვს გასავლელი. გოლგოთა, განსაცდელებით აღსავსე, ამქვეყნიური ცხოვრების სახით მოგვეცემა. მხოლოდ ის გავა სამშვიდობოს, ვინც მორჩილად შეუდგება ეკლიან გზას და მოთმინებით ზიდავს ჯვარს.

ჯვრის სულგრძელობით ტარება, უპირველესად, საკუთარი ცოდვების ხედვას ნიშნავს. ამ აღიარებაში არ არსებობს თვითცდუნება, რადგან ჭეშმარიტი ხედვა საკუთარი დაცემული ბუნებისა უფლის უზენაესობის აღიარება და საკუთარი არარაობის შემეცნებაა, რაც ნაყოფად მხოლოდ სინანულს გამოიღებს. ასეთ ადამიანს მაცხოვრის ყოვლადწმინდა მცნებების აღსრულება დაუსახავს ცხოვრების მიზნად, ეს კი თავისთავად ადამიანური გახრწნილი ბუნების ჯვარცმას გულისხმობს. ამ გზით უფალ იესო ქრისტეს ვნებათა თანამონაწილე ვხდებით, არა მხოლოდ გულითა და გონებით, არამედ საქმით და, თუ შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრებითაც.

დასასრულ, დავუბრუნდეთ წმინდა ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვის სწავლებას: "ჯვარი თვისი" ქრისტეს ჯვრად გარდაისახება, ოდეს მოწაფე ქრისტესი აღიარებს საქმეებში განცხადებულ საკუთარ ცოდვებს და დამსახურებულ სასჯელს მოელის. თუკი უფალს მადლობას შესწირავს და დიდებისმეტყველებს, მაშინ დიდებითა და მადლობით ჯვარცმულში სულიერი ნუგეშისცემა მკვიდრდება. ვმადლობდეთ უფალს და დიდებისვმეტყველებდეთ მას. ეს სათავე მიუწვდომელი, განუხრწნელი სიხარულისა, მადლმოსილ გულში რომ დუღს, სულში იღვრება და თვით სხეულსაც განასპეტაკებს".
ბეჭდვა
1კ1