ჩვენ რას ავირჩევთ - ეგვიპტეს თუ აღთქმულ მიწას?
ჩვენ რას ავირჩევთ - ეგვიპტეს თუ აღთქმულ მიწას?
ქრისტეს აღდგომა უდიდესი საიდუმლოა, რომლის ჭეშმარიტ სიღრმეს ვერასოდეს შეიცნობს ადამიანის გონება. ეს არის საიდუმლო ჩვენი გამოსყიდვისა და გადარჩენისა, რომელსაც ძველი აღთქმის მრავალი წინასწარმეტყველი წინამოასწავებდა.

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი "აღდგომის" ანუ პასექის სახელწოდებას განიხილავს: "დიდებულ და თაყვანისსაცემ აღდგომას ებრაელების ენაზე "პასექი" ეწოდება, რაც ისტორიულად - ებრაელი ერის ეგვიპტიდან გამოსვლასა და ქანაანში გადასახლებას, ხოლო სულიერად მიწიერიდან ზეციურისკენ, აღთქმული მიწისკენ გადასვლას უკავშირდება".

პასექი, რომელიც ხელახალი დაბადებისა და სიცოცხლის დღესასწაული იყო, ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ დაწესდა. ამ დღესასწაულით ებრაელები არა მარტო მონობიდან გამოსვლის ისტორიულ ფაქტს აღნიშნავდნენ, არამედ მათ ღვთის ერად გამორჩევასაც, ეგვიპტიდან გამოსვლის მიზანი ხომ სწორედ ისრაელის ღვთის რჩეულ ხალხად აღორძინება იყო. ებრაელი ხალხი გამორჩევის ღირსი რომ გამხდარიყო, მსხვერპლით უნდა განწმენდილიყო. "მსხვერპლი არს ესე უფლისაი" (გამ. 12,27), - ასე იწოდებოდა პასექის სამსხვერპლო კრავი.

წმინდა ირინეოსის აზრით, მოსემ ქრისტეს ტანჯვის დღე იცოდა და პასექის სახელით სახეობრივად იწინასწარმეტყველა იგი. ამ დღესასწაულის დროს ივნო უფალი იესო ქრისტე ჯვარზე და აღასრულა პასექი.

ებრაელები ეგვიპტიდან აბიბის ანუ თავთავების თვეში გამოვიდნენ, რაც მარტის მეორე ნახევარსა და აპრილის დასაწყისს შეესაბამება. საპასექო კრავის არჩევა კი აბიბის მეათე დღეს ხდებოდა. კრავი მამრი, ერთწლიანი და უნაკლო უნდა ყოფილიყო. ასეთივე სრულყოფილი იყო ტარიგი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც კაცთა მოდგმის გამოსახსნელად შეიწირა. პასექის კრავი მეთოთხმეტე დღის საღამოს უნდა დაეკლათ. წმინდა კირილე ალექსანდრიელის სწავლებით, კრავის გამორჩევისა და დაკვლის ხუთდღიანი შუალედი სიმბოლურად ძველი აღთქმის რჩეული ერის ისტორიის ხუთ ნაწილს აღნიშნავს: მეათე დღემდე უფლის მიერ სამყაროს შექმნა მოიაზრება; მეთერთმეტე დღე მოიცავს პერიოდს სამოთხიდან ადამის გამოდევნიდან მოყოლებული წარღვნის შემდეგ ნოეს კიდობნით სამყაროს განახლების ჩათვლით; მეთორმეტე დღე აბრაამისა და მამამთავრების მოღვაწეობის ხანაა; მეცამეტე - მოსესა და წინასწარმეტყველებისა; მეთოთხმეტე დღე კი ბოლო ჟამია, როდესაც დასრულდა საპასექო მოლოდინი, მოვიდა მხსნელი - განკაცებული ძე ღვთისა, ჯვარს ეცვა პასექის ღამეს და ამით დამთავრდა მსხვერპლშეწირვის სიმბოლური დატვირთვა, რადგან ყოველი გაცხადდა.

დაკლული კრავის სისხლი კარზე უნდა წაეცხოთ, რაც გამოსყიდვის, განწმენდისა და შერიგების სიმბოლო იყო. კრავი მთლიანად ცეცხლზე უნდა შეეწვათ და სამგზავროდ შემოსილებს უფუარ პურთან და მწარე ბალახთან ერთად ფეხზე მდგომთ ეჭამათ. კრავის ძვლები არ უნდა გადაეტეხათ, რაც დარჩებოდა დილამდე ცეცხლში უნდა დაეწვათ.

საპასექო კრავის დაკვლასა და მის ჭამას ეწოდა "ზატიკი უფლისა". ზატიკი განთავისუფლებას, გამოხსნას ნიშნავს. როგორც გაათავისუფლა უფალმა პასექის შემდეგ ისრაელნი ეგვიპტელთა მონობისაგან, კრავის სისხლმა იხსნა ებრაელები სიკვდილისაგან (რომელმაც იმსხვერპლა პირმშო ყოველი სახლიდან, რომლის კარიც სისხლით არ იყო შეღებილი), ასევე მოვიდოდა დრო, როცა უცოდველი გამომხსნელი, უბიწო კრავი დაღვრიდა თავის სისხლს ადამიანთა ცოდვებისათვის და მათ ეშმაკის მონობისგან გამოიხსნიდა.

ეკლესიის მამები პასექის კრავში იესო ქრისტეს წინასახეს ხედავენ. წმინდა კირილე ალექსანდრიელის განმარტებით, კრავის წინასწარ გამორჩევა და ფარიდან განცალკევება ქრისტეს მარადიულობიდან გამოსვლას და კაცთა მოდგმის წინასწარგანზრახული ტანჯვით გამოხსნას ნიშნავს, საპასექო კრავის სისხლის კარზე ცხება კი წინასახეა მაცხოვრის სისხლით ჩვენი გამოხსნისა. სისხლით შეღებილი კარი სიმბოლურად უფლის მცნებებით გულის, გრძნობათა მოზღუდვას გამოხატავს. უფუარი პურის ჭამა მიანიშნებს, რომ ქრისტეს თანაზიარნი სულს უფუარი - უწმინდესი სურვილებით უნდა კვებავდნენ და ვნებებისა და ბიწისაგან თავისუფალ ცხოვრებას დაუმორჩილონ თავი. მწარე ბალახი კი ტანჯვის სახეა, ღვთის მცნებებით ცხოვრებას რომ სდევს თან, რაც უფლის სიყვარულით უნდა დავითმინოთ.

პასექის კრავი - ერთობისა და მთლიანობის სიმბოლო - მთლიანად უნდა შეიჭამოს, რაც ქრისტეს მოძღვრების სრულად მიღებასა და ღმერთთან ერთობის სურვილს გამოხატავს. თუ ოჯახი მცირერიცხოვანი იყო და კრავს მთლიანად ვერ შეჭამდა, სხვა ოჯახს უნდა შეამხანაგებოდა, რაც, წმინდა კირილე ალექსანდრიელის განმარტებით, იმ ადამიანზე მიანიშნებს, რომლისთვისაც ქრისტეს სწავლება ბოლომდე გასაგები არ არის და სიღრმისეულად რომ ჩასწვდეს ჭეშმარიტ მოძღვრებას, დასახმარებლად სხვას უნდა მიმართოს. წმინდა მამის სწავლებით, ის, რომ ებრაელები ფეხზე მდგომნი, სამგზავროდ შემოსილნი ჭამდნენ საპასექო კრავს, ისტორიულად მიანიშნებდა ისრაელიანთა სიჩქარეზე - სწრაფად შეეჭამათ, რათა მალე დაეტოვებინათ ეგვიპტე, სიმბოლურად კი უფალთან მიახლოების სწრაფვას გამოხატავს, რომ არ გადავდოთ ნათლისღება, არამედ ვიჩქაროთ ქრისტესთან მიახლოება, რადგან გარდაცვალების ჟამი არავინ უწყის.

წმინდა იოანე მახარებელი მოგვითხრობს, რომ ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს მხედრებმა წვივები არ გადაუმტვრიეს, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება: "არა განუტეხნეს წვივნი მისნი". არც საპასექო კრავისთვის უნდა გადაემტვრიათ ძვლები.

ახალი აღთქმის პასექი - ეს არის გათავისუფლება სიმბოლური ეგვიპტისგან, ცოდვებისგან, გამარჯვებაა ვნებებსა და სიკვდილზე.

რადგან შემოქმედმა თავისუფალი ნება მოგვანიჭა, არჩევანი ეგვიპტესა და აღთქმულ მიწას შორის ჩვენ უნდა გავაკეთოთ.
ბეჭდვა
1კ1