არაფერია იმ ძალაუფლებაზე უფრო ძლიერი, რომელსაც ცოდვების რწმენისმიერი აღვირით მოთოკვა ჰქვია
არაფერია იმ ძალაუფლებაზე უფრო ძლიერი, რომელსაც ცოდვების რწმენისმიერი აღვირით მოთოკვა ჰქვია
ჭეშმარიტი მმართველობა, ძალა და სიდიადე მხოლოდ უფალს ეკუთვნის
ხის სიძლიერე მიწაში გართხმული ფესვების სიღრმითა და სიმყარით განისაზღვრება, ადამიანის რწმენა, სიმტკიცე და ძლიერება კი სიმდაბლის სიღრმეში აისახება. თავის თავში ძალაუფლებისა და დიდების მაძიებელი, მას მინდობილი ადამიანი სწყდება და კარგავს ნუგეშსა და შემწეობას უფლისას, ხოლო უძლური, უნდო, მაგრამ ღვთის რწმენაზე, სასოებაზე "დამყნობილი ნერგი სულისა" იხარებს და ინაყოფიერებს სამარადისოდ. უფალს მიწებებული ბრიყვი სჯობს მრავალ ბრძენს ერთად, მინდობილთ საკუთარ თავზე.

ძალაუფლების ბოროტი წყურვილი ნაშიერია ამპარტავნებისა, რომელიც თავად მრავალ ცოდვასა და სიბილწეს შობს. მედიდური, ამაყი ადამიანი სულში ცეცხლისა და მრისხანების მატარებელია. ის გამუდმებით დიდებასა და პატივს მიელტვის, მაგრამ როგორც საკუთარი აჩრდილის მდევნელი ვერ დაიჭერს მას, მსგავსად ამისა, ვერც ასეთი მოიპოვებს ღვთივსათნო დიდებას. ჭეშმარიტი მმართველობა, ძალა და სიდიადე მხოლოდ უფალს ეკუთვნის, რომელიც სიყვარულით, მორჩილებითა და სიმდაბლით შეიცნობა, მოიპოვება.

ჩვენი ცხოვრება, ცოდნა და შემეცნება მსახურია ღვთის წინაშე საკუთარი უმეცრებისა, უმწეობისა და უცოდინარობისა. სწორედ ამის შემდგომ იწყება ჭეშმარიტი ცოდნა. დიდი ცოდნა შობს არცოდნის შეგრძნებას, რომელიც თავად მშობელია ზეარსი სიბრძნისა. საკუთარი უძლურებისა და სისუსტის გაცნობიერება სამარეა გონების აღზევებისა და სიამაყისა. შემდგომ ამისა ჩვენში შემოდის, იშვება მდაბალი და მშვიდი გონება ღვთისა. ჯანსაღი შემეცნება და ცოდნა ამდაბლებს ადამიანს, რადგან ჭეშმარიტი ცოდნა საკუთარი არცოდნის ცოდნაა.

ძალაუფლების წყურვილი შინაგანი სიცარიელის, გამოუცდელობისა და სულიერი გამოფიტულობის შედეგია. ვინც მადლიერია იმისა, რაც უფლისგან მიიღო, არასდროს ითხოვს ზედმეტს. ვინც საკუთარი თავის ფლობასა და გონიერებით წარმართვაზე უარი თქვა, იგი ეძებს გარეშე განდიდებასა და სახელს, რადგან ვისაც სამეფო უპყრია და მასში ძლიერებითა და სამართლით მეფობს, იგი ვეზირობას არ შენატრის. ვნებებთან მებრძოლი ადამიანი მხოლოდ ღმერთსა და მის სიყვარულზე ფიქრობს, რამეთუ იცის, რომ არაფერია იმ სიკეთეზე აღმატებული, იმ ძალაუფლებაზე უფრო ძლიერი, რომელსაც ცოდვების რწმენისმიერი აღვირით მოთოკვა და უფლისმიერი შემწეობით აღმოფხვრა ჰქვია. რას მოიგებს კაცი, მთელი ქვეყანა რომ შეიძინოს, მაგრამ ღვთის ნაჩუქარი სული დაკარგოს? რას მისცემს იგი საკუთარი სულის სანაცვლოდ? რამდენადაც აღემატება სული ხორცს, იმდენად დიდია სულიერი სამეფო მიწიერზე და იმდენად ძვირფასია ცოდვაზე მეფობა ამქვეყნიურ, წარმავალ ყოველგვარ ჩინსა და თანამდებობაზე.

მედიდური, ამპარტავანი სული ბრმაა თავისი ყოფიერებით, ყოველწუთიერად შფოთსა და წუხილს იმრავლებს თავისი უგუნურებით, რადგან სანამ ძალაუფლება აქვს, მისი დაკარგვის ეშინია, ხოლო როდესაც კარგავს მას, მისი მოპოვებისა და დაბრუნების აღარ სჯერა. ვინც მხოლოდ ხორცში და ხორცისთვის "მეფობს", მისი ძლიერება ხორცთან ერთად განქარდება და დაირღვევა, ხოლო სულში და სულისთვის გამეფებული იმეფებს უკუნისამდე! "ამპარტავნების საწყისი საკუთარი თავის არცოდნაა. ეს უმეცრება აბრმავებს კაცს, რომელიც ყოველი ხერხით ეძიებს პატივს, დიდებასა და ქებას. მას ყოველთვის რაღაცის ჩვენება და სხვებისთვის მითითება სურს, მბრძანებლობა, უფროსობა სწყურია. ვინც მის სურვილს ეწინააღმდეგება, მასზე ძლიერ მრისხანებს და ემტერება, პატივისა და უფროსობის დაკარგვისას დრტვინავს, აყვედრებს და გმობს: - როდის შეგცოდე, რაში ვარ დამნაშავე? ნუთუ ამის ღირსია ჩემი შრომა და დამსახურება? ხშირად ასეთი კაცი თავს იკლავს. საკუთარ შესაძლებლობებზე აღმატებულ საქმეებს იწყებს, რომელთა აღსრულება არ ძალუძს, სხვის საქმეებში თვითნებურად ერევა, ყველას სწავლება სწადია, თუმცა თავისი საქმეც არ იცის. ასე აბრმავებს ადამიანს ამპარტავნება და დიდებისმოყვარეობა" (წმინდა ტიხონ ზადონელი).

ნეტარია სული, რომელმაც მოიძულა წარმავალი დიდება, სიამაყე და ამპარტავნება, რომელიც არ ეძიებს მთავრობასა და ძალაუფლებას სხვათა დასაჩაგრად, მათზე ასამაღლებლად. ბრძენია სული, რომელმაც შეიყვარა სიმდაბლე, სიმშვიდე და უმანკოება, რადგან ამ სოფელშიც ღვთივსათნოდ ცხოვრობს იგი და არც მომავალ ცხოვრებაში მოაკლდება დაულეველ სიკეთეს, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1