ოჯახის თავობა, უპირველესად, პასუხისმგებლობას გულისხმობს და არა უფროსობისმოყვარეობას
ოჯახის თავობა, უპირველესად, პასუხისმგებლობას გულისხმობს და არა უფროსობისმოყვარეობას
ადამმა მოიწყინა სამოთხეში. მოიწყინა, რადგან ცოცხალ არსებათა შორის ვერ პოვა შემწე და შესაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არსებანი იმავე მიწისგან იყვნენ შექმნილნი, მათ აკლდათ უფლის მიერ შთაბერილი სიცოცხლის სუნთქვა.

ადამი მარტოობას ვერ გაუძლებდა, რადგან უფლის ხატად და მსგავსად იყო შექმნილი. ღმერთმა დაუტევნელი სიყვარულის გამო შექმნა ადამიანი, რომელიც ღვთაებრივი ნეტარების თანაზიარი უნდა ყოფილიყო. ადამსაც სჭირდებოდა თანასწორი, ვისაც აზიარებდა სამოთხის მშვენიერებას, რომლის პატრონად თვით უფალმა დაადგინა. ამიტომ ღმერთმა აკურთხა ადამის მოწყენა და მისი ნეკნისგან შექმნა დედაკაცი.

"და თქუა ადამ: ესე აწ ძუალი ძუალთა ჩემთაგან და ხორცი ხორცთა ჩემთაგან. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან მოღებულ იქმნა იგი. ამისთვის დაუტეოს კაცმან მამა თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივე ერთ ხორც".

ადამს უნდა ჰყოლოდა პიროვნება, ვისთან ერთადაც ადიდებდა ღმერთს, რათა დაცული ყოფილიყო უფლის მთავარი მცნება: სიყვარული ღმრთისა და სიყვარული მოყვასისა. ამრიგად, როგორც წმინდა პავლე მოციქული აღნიშნავს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში, ოჯახი პატარა ეკლესიაა, სადაც იდიდება უფალი ორი ერთნაირი პიროვნების მიერ.

ამავე წერილში მოციქული განგვიმარტავს ოჯახურ იერარქიას: "დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა". ქრისტეს ადგილი ეკლესიასთან მიმართებაში უნდა დაიკავოს ქმარმა, როგორც ოჯახის თავმა, ხოლო ეკლესიის ადგილი ქრისტესთან მიმართებაში - ცოლმა, და როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე უნდა მორჩილებდეს ცოლი ქმარს.

ოჯახის თავობა, უპირველესად, პასუხისმგებლობას გულისხმობს და არა უფროსობისმოყვარეობას. როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გაწირა მისთვის, ამგვარივე სიყვარული მართებთ ქმრებს ცოლებისა. მოციქული შეგვახსენებს, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და მოუწოდებს ქმრებს, საკუთარი სხეულივით შეიყვარონ ცოლები. როგორც ქრისტე დაჰფოფინებს და ზრდის ეკლესიას, ასევე უნდა იზრუნონ ქმრებმა ცოლებზე.

ამრიგად, ოჯახურ იერარქიაში დიდი ურთიერთსიყვარული და უფლის მორჩილება უნდა სუფევდეს. დიალოგი სწორედ ასეთ პატარა ეკლესიასა და ღმერთს შორის მიმდინარეობს, რომელიც ამბობს: "თუ ორი ან სამი შეიკრიბა ჩემი სახელით, იქ ვარ მეც". სადაც უფალია, იქ სამოთხეა, რადგან სამოთხე სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულით დიალოგი ღმერთთან.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ ქრისტიანისთვის ოჯახი მეორე ეკლესიაა, რადგან მორწმუნე ადამიანი უფლის მცნებებს ისე ვერსად აღასრულებს, როგორც საკუთარ სახლში, ოჯახში.

ქრისტეს პირველი მცნება სიყვარულია. "სად შეიძლება უკეთესად სიყვარულის გამომჟღავნება, ვიდრე ოჯახში?" - სვამს კითხვას წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი. მისი აზრით, ოჯახში ჩანს, როგორი გული გვაქვს, ნამდვილად შეგვიძლია თუ არა მოყვასის სიყვარული, რადგან თუ დედ-მამა, და-ძმა ვერ შევიყვარეთ, სხვების სიყვარულს როგორღა შევძლებთ?

ერთ-ერთი დიდი სათნოებაა მოთმინება, რომელსაც ადამიანი ოჯახში უნდა მიეჩვიოს. აქ ყოველ წამს მოთმინება და სულგრძელობა გვმართებს - ერთმანეთს შეცდომები თუ არ მოვუთმინეთ, ორი ადამიანიც კი ვერ გაძლებს ერთად.

"დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისთვის საკუთარი თავის უარყოფა, სხვისთვის თავის გაწირვა", - განმარტავს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი. ამ მცნების აღსრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში მოგვეცემა. და, რაც მთავარია, ადამიანის ხასიათი ისე კარგად არსად მჟღავნდება, როგორც ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას. წმინდა ეპისკოპოსი შინაურ ცხოვრებას სარკეს უწოდებს, რომელშიც ადამიანის ნამდვილი ხასიათი და ბუნება, უფროსობისმოყვარეობა, სხვებისთვის ჭკუის სწავლების სიყვარული, სიამაყე, ამპარტავნება და სხვა მრავალი მანკიერება ყოველწამიერად ჩანს, გარეთ კი ვმალავთ ჩვენს ნამდვილ ზნეს და გარშემო მყოფთ კარგ ადამიანად ვაჩვენებთ თავს. ამიტომ, თუ გვსურს საკუთარი თავის უფლის მცნებებით აღზრდა, ოჯახშიც, როგორც ეკლესიაში, სიწმინდითა და მორიდებით უნდა ვიქცეოდეთ.

ჯერ კიდევ ეკლესიის დაარსებამდე, როცა ბუნებითი რჯულით ცხოვრობდნენ ადამიანები, ქრისტიანული ოჯახის საოცარი მაგალითი მოგვცეს აბრაამმა და სარამ. ისინი ურთიერთსიყვარულითა და ერთსულოვნებით ადიდებდნენ უფალს მისი წმინდა ნების სრული მორჩილებით.

სარა უსიტყვოდ დაემორჩილა აბრაამს ძნელბედობის ჟამს, როცა შიმშილი ჩამოვარდა და ეგვიპტეში ჩასულმა სთხოვა მშვენიერ მეუღლეს, მის დად გამოეცხადებინა თავი, რადგან იცოდა წარმართ ტომთა ზნეობრივი გახრწნილება. ისინი აბრაამს მოკლავდნენ და სარას ფარაონის მხევლად წაიყვანდნენ. წმინდა იოანე ოქროპირი დადებითად აფასებს აბრაამის ამ, ერთი შეხედვით, შემაცბუნებელ ნაბიჯს, რადგან სწორედ აქ იკვეთება მისი ზრუნვა უფლის აღთქმის აღსრულებისთვის, რომ მისი წიაღიდან იშვებოდა მხსნელი. ცოლ-ქმრის ერთსულოვნების გარეშე ვერ აღსრულდებოდა უფლის ნება. ამასთან, სარას საქციელიდან ქმრის სიცოცხლისთვის თავგანწირვაც ჩანს. უფალმა მოიწონა მათი გადაწყვეტილება, დაიცვა ცოლქმრული სიწმინდე და ფარაონს, რომელმაც მხევლად წაიყვანა სარა, ფრიად შეაჭირვა, რის შედეგადაც გამჟღავნდა სიმართლე და სარა აბრაამს დაუბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბერწი იყო, სარას სიყვარული არ განელებია აბრაამს, რადგან იცოდა, უშვილობაც და მრავალშვილიანობაც არა ცოლის, არამედ შემოქმედის ნებაა. ებრაული ტრადიციით, უშვილობა ღვთის სასჯელად მიიჩნეოდა, ამიტომ სარა თავს იდანაშაულებდა და ცდილობდა, დახმარებოდა აბრაამს - მხევალ აგართან შვილის გაჩენა შესთავაზა. ძველი ებრაული ტრადიციით, საშოდახშული ცოლი ქმარს საკუთარ მხევალს მიათხოვებდა ერთადერთი მიზნით - ამ შეუღლებიდან ნაშობი ქალბატონის შვილი იქნებოდა. აბრაამი დამორჩილდა სარას და ამით წარმოაჩინა, რომ პატივს სცემდა ცოლის გადაწყვეტილებას.

აგარმა შვა ძე და სარა "უპატიო იქმნა". მან უსაყვედურა ქმარს: "საჯენ ღმერთმან შორის ჩემსა და შენსა". ბრძენმა აბრაამმა ჩვეული სიმშვიდით, მოთმინებით დააცხრო ცოლის მრისხანება, ნება დართო, თვითონ გადაეწყვიტა აგარის ბედი და ამით კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, როგორ ზრუნავდა მასზე, მის პატივზე.

სარამ შვა აღთქმის ძე - ისააკი. ერთხელაც იხილა, როგორ დასცინოდა მის ვაჟს აგარის შვილი და ქმარს მისი გაგდება სთხოვა. აბრაამს არ მოეწონა ცოლის "ფიცხელი სიტყვა", მაგრამ ღმერთი გამოეცხადა და უბრძანა, დაეჯერებინა სარასთვის, რადგან აღთქმის ძე ისააკი იყო და არა პირმშო ისმაილი. გამთენიისას, გაღვიძებისთანავე მორჩილებით აღასრულა აბრაამმა ღვთის სიტყვა და აგარი თავის ვაჟთან ერთად სახლიდან გაუშვა.

აბრაამისა და სარას ოჯახში ნათლად ჩანს, რომ უფლის წმინდა ნება მხოლოდ იქ აღესრულება, სადაც ურთიერთსიყვარულით, ერთსულოვნად იდიდება შემოქმედი.
ბეჭდვა
1კ1