ღმერთს, როგორც აბსოლუტურად ყოვლისშემძლე არსებას, სავსებით ერთნაირად ძალუძს შექმნას სამყარო როგორც მყისიერად, ისე თანდათანობით - მილიონი წლის მანძილზე
ღმერთს, როგორც აბსოლუტურად ყოვლისშემძლე არსებას, სავსებით ერთნაირად ძალუძს შექმნას სამყარო როგორც მყისიერად, ისე თანდათანობით - მილიონი წლის მანძილზე
კვლავ "ევოლუციისა" და ანტიქრისტესთვის
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი შეხედვით თითქოსდა ქრისტიანობისთვის მიუღებელი სიტყვა "ევოლუცია" სათავეს სწორედ სამყაროზე ბიბლიური შეხედულებიდან იღებს. საქმე ისაა, რომ არაბიბლიური ტრადიცია (როგორც ინდურ-ჩინური, ისე ანტიკური) განვითარების ეტაპობრივ გაგებას არ იცნობს, მათთვის მატერიალური სინამდვილე ან მირაჟი და ილუზიაა (ინდუიზმი), ან მარადიულ წრებრუნვაში მყოფი რეალობა. ამგვარი ციკლურობა სავსებით უცხოა სამყაროს შექმნის ბიბლიური (და ე.ი. ქრისტიანული) გააზრებისთვის. სწორედ ბიბლიაში აღწერილი 6 დღის შესაქმე არის პირველი "ევოლუციური თეორია", რომელიც მთელი ხილული სამყაროს შექმნა-განვითარებას გარკვეული წერტილიდან იწყებს და 6 დღის მანძილზე ანაწილებს.

ბიბლიური მსოფლაღქმისთვის უცხოა ანტიკური ფილოსოფიის მიერ ვერგადაჭრილი სულისა და მატერიის დაპირისპირების პრობლემა, ქრისტიანულ მოძღვრებაში წინა პლანზე სხვაგვარი რეალობა წარმოჩნდება - შემოქმედისა და ქმნილებისა. საწყისი ღმერთია, რომელიც არაფრისგან "კეთილად" ქმნის არა მარტო სულიერ, არამედ მატერიალურ სამყაროსაც, რომელიც, მართალია, უფრო დაბალი რანგისაა (სულიერთან შედარებით), მაგრამ მაინც გარკვეულ ფასეულობას წარმოადგენს, რომელსაც ღმერთი განვითარების უნარს ანიჭებს. იგი ანიჭებს მიწას მცენარეთა აღმოცენების, ე.ი. შემოქმედებითი აქტივობის უნარს.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ შესაქმეს ტექსტში ქმნადობის აღმნიშვნელი ორი ებრაული სიტყვა იხმარება: "ბარა" და "ყასა". პირველი ნიშნავს თვისობრივად ახლის ქმნას და სამჯერაა გამოყენებული: დასაწყისში, როდესაც ღმერთი არაფრისგან ქმნის მატერიას, სიცოცხლის შექმნისას და ბოლოს ადამიანის შექმნისას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ნახმარია სიტყვა "ყასა", რაც ნიშნავს უკვე არსებული მასალისგან რაიმეს შექმნას, კეთებას. სწორედ ამგვარი "შექმნა" იგულისხმება ცალკეულ დღეთა მიხედვით ორგანული სამყაროს სხვადასხვა ჯგუფის შექმნაზე ლაპარაკისას. რაც შეეხება "დღეების" ხანგრძლივობას, ზოგიერთი წმინდა მამა მიიჩნევს, რომ ისინი კალენდარული დღეების მიხედვით უნდა გავიგოთ, ზოგს კი (მაგალითად, ბასილი დიდს) მიაჩნია, რომ ბიბლიური შესაქმის დღეები დროის გარკვეულ პერიოდს (შესაძლოა, საკმაოდ ხანგრძლივსაც) მოიცავს. საქმე ისაა, რომ ებრაული სიტყვა "იომ" ნიშნავს როგორც ჩვეულებრივ დღეს, ისე დროის განუსაზღვრელ პერიოდსაც. ამას ქრისტიანისთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ღმერთს, როგორც აბსოლუტურად ყოვლისშემძლე არსებას, სავსებით ერთნაირად ძალუძს შექმნას სამყარო როგორც მყისიერად, ისე თანდათანობით - მილიონი წლის მანძილზე.

ამგვარად გაგებული "ევოლუცია", რომლის მამოძრავებელიც ღმერთია, რასაკვირველია, ქრისტიანული აზრისთვის სავსებით მისაღებია და მას ბევრი თანამედროვე მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი იზიარებს.

დარვინის "თეორია" კი ევოლუციის მამოძრავებლად ღმერთსა და მისგან ცოცხალი ორგანიზმებისთვის მინიჭებულ აღორძინება-გამრავლების უნარს კი არ მიიჩნევს, არამედ მათ ადგილზე არსებულ, გარკვეული რაოდენობის ინდივიდს გულისხმობს; მაგრამ დარვინი ვერ პასუხობს კითხვას, თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე. ამდენად, ბუნებრივია, იგი ვერც იმ კითხვას უპასუხებს, თუ როგორ გაჩნდა ის საწყისი რაოდენობა ცოცხალი ორგანიზმებისა, რომელთა შორისაც დაიწყო ბუნებრივი გადარჩევის პროცესი.

დარვინის მიხედვით, არსებობისთვის ბრძოლაში გადარჩენის მეტი შანსი იმ ორგანიზმებს აქვთ, რომელთაც ე.წ. "სასარგებლო ნიშან-თვისებები" გააჩნიათ. ეს ბრძოლა ორმხრივია: გარემო პირობებთან და შიდა სახეობრივი კონკურენცია. ამ პირობებში უკეთ შეგუებული ინდივიდი იმარჯვებს, ხოლო ნაკლებად შეგუებული ისპობა. დარვინიზმი ადვილად მოერგო ეპოქის სულიერ მისწრაფებას, თუმცა მას მაშინვე კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც მის უსაფუძვლობასა და არამეცნიერულობაზე მიუთითებენ.

დარვინის მიხედვით, უკეთ შეგუებულ ორგანიზმთა გადარჩენა ცოცხალი სამყაროს პროგრესს განაპირობებს და ამგვარად იქმნება აღმავალი კიბე, რომლის პირველ, უმდაბლეს საფეხურზე ერთუჯრედიანი ორგანიზმები დგანან, უკანასკნელზე კი ადამიანი, მაგრამ ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებენ. სწორედ განვითარების უმდაბლეს საფეხურზე მდგომი არსებანი არიან ყველაზე უკეთ შეგუებულნი მკაცრ გარემო პირობებს (მაგალითად, ვირუსები). გამოდის, რომ ვირუსი უფრო პროგრესულია, ვიდრე ადამიანი. ამას გარდა, ვირუსებსა და ბაქტერიებს უმაღლესი ორგანიზმების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, მაშ, როგორ ცოცხლობდნენ ისინი იმ დროს (დარვინიზმის მიხედვით, მილიონობით წლის განმავლობაში), როცა უმაღლესი ორგანიზმები ჯერ კიდევ არ არსებობდნენ? დარვინი ბუნებრივი გადარჩევის დამადასტურებლად ხელოვნურ გადარჩევას ასახელებდა. ეს კი პრინციპულად მცდარი დებულებაა, რადგან ხელოვნური გადარჩევის დროს ადამიანს გამოჰყავს ერთი და იგივე სახეობის ცხოველის განსხვავებული ჯიშები, მაშინ როდესაც ბუნებრივი გადარჩევის დროს თითქოს ადგილი აქვს ერთი სახეობიდან სხვა სახეობის წარმოშობის ფაქტს. მართლაც, რაც არ უნდა განსხვავებული ზომის, ფერის, ფორმის, ხასიათის მქონე ძაღლის ჯიში გამოვიყვანოთ, მას სხვა სახეობის ცხოველად ვერაფრით ვაქცევთ და ყველა ეს ჯიში ადამიანის ჩაურევლად კვლავ უნიფიცირებას განიცდის. ბუნებაში გარდამავალი სახეობები არ არსებობენ, სახეობა მყარი, "ჩაკეტილი" სისტემაა, რომელსაც საკუთარი მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური, გეოგრაფიული და, რაც მთავარია, გენეტიკური კრიტერიუმები აქვს. სწორედ ეს უკანასკნელია ამა თუ იმ სახეობის სტატიკურობის ყველაზე მყარი მცველი. პირველ რიგში, სწორედ გენეტიკური შეუთავსებლობის გამო არ უერთდებიან ერთმანეთს თვით ერთმანეთთან ახლოს მდგომი სახეობები და თუ უერთდებიან, მათი ჰიბრიდი ან უნაყოფოა (მაგ. ჯორი), ან მხოლოდ ერთი სქესის (უპირატესად მდედრი) ცხოველია ნაყოფიერი, რომელიც შთამომავლობის მოსაცემად კვლავ ერთ-ერთ თავის წინაპარ სახეობას უნდა შეუერთდეს, რასაც შედეგად კვლავ თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა მოჰყვება.

ევოლუციის, როგორც მარტივიდან რთულისკენ თანდათანობით პროგრესირებადი ორგანიზმების წარმოქმნის პროცესმა ბუნებრივად დააყენა ადამიანის წარმოშობის საკითხი. დარვინმა ამ უკანასკნელის წინაპრად მაიმუნი გამოაცხადა.

თავი რომ დავანებოთ იმ ფაქტს, რომ მაიმუნის ადამიანის წინაპრად მიჩნევას არ ადასტურებენ პალეონტოლოგიური მონაცემები, თანამედროვე "ადამიანის მსგავს მაიმუნთა" (შიმპანზე, გორილა, ორანგუტანი, გიბონი) და ადამიანს შორის ბიოლოგიური განსხვავებანი იმდენად დიდია, რომ დარვინიზმს ჰიპოთეზური, ადამიანის უშუალო წინაპარი არსების - ნახევრად მაიმუნისა და ნახევრად ადამიანის ოდესღაც არსებობის დაშვება უხდება, რომელსაც, ცხადია, არასოდეს უცხოვრია დედამიწაზე, ხოლო რაც შეეხება ცალკეულ ძვლებსა და ჩონჩხებს (პითეკანთროპი, ავსტრალოპითეკი და ა.შ.), მათი მეშვეობით ცოცხალი არსების სულიერი მდგომარეობის შესახებ დასკვნის გაკეთება უაზრობაა. გარდა ამისა, ექსპონატების გამოფენის დროს ხშირად ხდებოდა ფალსიფიცირება.

ადამიანი იმდენად სპეციფიკური, თავისთავადი და ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმისგან განსხვავებული არსებაა, რომ როგორც ზოგიერთი მოსწრებულად აღნიშნავს, მისი წარმოშობა ევოლუციური კი არა, მხოლოდ "რევოლუციური გზით", ანუ უშუალოდ ღვთის მეოხებით იყო შესაძლებელი.

ადამიანის შესახებ გაუკუღმართებული სწავლება დარვინიზმის ყველაზე ანტიქრისტიანული მხარეა. მართლაც, თუ სახეობათა ევოლუციის გზით წარმოშობას უბრალოდ მცდარად, ჰიპოტეზურ თეორიად მივიჩნევთ ისე, რომ ამით ქრისტიანის სულიერ ცხოვრებას ზიანი არ მიადგება, ადამიანის წინაპრად მაიმუნის გამოცხადებით ხდება ადამიანის, როგორც ღვთის ხატისა და მსგავსის, იგნორირება, რაც მიუტევებელი ცოდვაა. ამიტომაც იყო, რომ დარვინის ეს დებულება ძალზე მოსწონდა ფ. ენგელსს და დარვინიზმი მარქსიზმის საბუნებისმეტყველო საფუძვლად იქცა - ადამიანი, როგორც ცხოველი, ხომ მშვენიერი მასალაა პროლეტარული რევოლუციისთვის. მეორე მხრივ, დარვინის მოძღვრება თავისებურად გააგრძელა
ფ. ნიცშემ, რომელმაც მაიმუნის მსგავს გარდამავალ ეტაპად თვით ადამიანი მიიჩნია, ეტაპად, რომელიც უნდა დაიძლიოს, გადაილახოს, რათა მოვიდეს ზეკაცი, არსება, რომლისთვისაც ყოველივე ნებადართულია. იგი სიკეთისა და ბოროტების მიღმა დგას. როგორც ვხედავთ, ძნელი არ არის, ნიცშეს ზეკაცში მსოფლიოს მომავალი მბრძანებლის - ანტიქრისტეს კონტურები დავლანდოთ.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1