ხშირად სასჯელად მივიჩნევთ იმას, რაც უფლისგან სულის სახსნელად და გამოსაწრთობად გვებოძა
ხშირად სასჯელად მივიჩნევთ იმას, რაც უფლისგან სულის სახსნელად და გამოსაწრთობად გვებოძა
სადაც სასჯელია ღვთისა, იქ სუფევს წყალობა მისი და სადაც წყალობაა, იქ სიყვარული და სახიერება ზეობს
უფლის სასჯელი სამართლიანია და ღვთის ყოველ სამართალში მისი წყალობაა. სადაც სასჯელია ღვთისა, იქ სუფევს წყალობა მისი და სადაც წყალობაა, იქ სიყვარული და სახიერება ზეობს. წყალობა და სასჯელი ორი მდინარეა, რომლებიც ღვთის სამართლიანობის ოკეანეში ჩაედინება: "სადა განმრავლდეს ცოდვა, მუნ უფროის გარდაემატოს მადლი ღვთისა" - სადაც ძლიერია სენი, იქ აღმატებულია ძალა წამლისა და მკურნალობისა. რომ არა ღვთის მადლის გამარჯვება ცოდვაზე, რაში აისახებოდა, გამოვლინდებოდა ხსნა და გადარჩენა კაცობრიობისა? თუ გონიერებით შევხედავთ ჩვენზე მოწეულ განსაცდელსა და სასჯელს, ღვთის მოწყალებასა და მზრუნველობას ამოვიცნობთ მასში, რადგან ჩვენი მიძინებული, ზარმაცი სულების გამოფხიზლებასა და მღვიძარებას ემსახურება იგი. უგულისყუროდ, უყურადღებოდ დატოვებული გაფრთხილება კი, რომელიც გამუდმებით გვეგზავნება ღვთისგან, შესაძლოა მარადიული ტანჯვისა და ტკივილის მიზეზად გვექცეს.

თითოეული ჩვენგანი არასწორი ცხოვრებით, დაცემული აზროვნებით, მცდარი და ამაო ყოფიერებით ჭედავს სასჯელს საკუთარი თავისთვის. ცოდვა გიყვარს, შედეგი კი გაკვირვებს და გაურბიხარ. ბოროტებას თესავ და სიკეთის ნაყოფი გწყურია. თუ სასჯელი გაღიზიანებს და გაშინებს, უპირველესად გეშინოდეს და მოიძულე ცოდვა, რომელიც მშობელია მისი.

საოცარია სიბრძნე უფლისა, მიუწვდომელი და შეუმეცნებელია სიმაღლე და სიდიადე საღვთო გონისა. ხშირად სასჯელით გაცილებით ახლოს ვართ მასთან, მაშინ როცა უფლის უდიდესი კაცთმოყვარეობისა და წყალობის მიუხედავად მრავალჯერ დაგვვიწყებია იგი. არ არსებობს იმაზე დიდი სასჯელი, იმაზე დიდი დაცემა, ვიდრე უღმერთობა და უფლისადმი უმადურობაა. ყველაზე აღმატებული წყევლა კი ნამდვილი მტრის დაუნახაობიდან მომდინარეობს. ნათქვამია, ისე არაფერი აახლოებს და მიმართავს ადამიანს სიბრძნისმოყვარეობისკენ, როგორც განსაცდელი და მწუხარება, რადგან ტკივილი და თავს მოწეული მოულოდნელი წინააღმდეგობა სულის გამოღვიძებასა და წარმავალი, მეოცნებე ცხოვრებისგან განშორებას ემსახურება. უფლის სასჯელი საჭირო აღარ იქნებოდა, წყალობაში რომ ამოგეცნო იგი, მაგრამ რაკი სიკეთემ ვერ გამოიღო მადლის შესაფერი, ღირსეული ნაყოფი, მას განსაცდელი, მწუხარება შეენაცვლა, რომელიც მტკივნეული, მძიმე, მაგრამ კვლავ შენს სახსნელად დაშვებული მოწყალებაა.

ამოუცნობია განგებულება და სიმართლე უფლისა, რამეთუ "ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ" (ფს. 76,20-21). მრავალგზის ცოდვაში ჩაძირულს შეუცნია სახიერება ღვთისა, მადლითა და პატივით განებივრებულს კი დავიწყებია დამბადებელი და ამაღორძინებელი თვისი. როცა საკუთარ თავში ცოდვას ვერ ამჩნევ, ვერც ღვთის წყალობასა და შემწეობას განიცდი, რადგან სადაც გამოაშკარავებული არ არის სენი, იქ ვერც ექიმისა და წამლის აუცილებლობას ხედავ. ქურდი მოპარვას არ შეწყვეტს, სანამ ფიქრობს, რომ ვერ ამჩნევენ; არც ღვთის მოწყალებითა და სულგრძელობით განებივრებული ბრმა სული მოიშლის უმსგავსო ყოფასა და საქციელს, სანამ მწუხარებითა და განსაცდელით არ იმხილება. სასჯელი შედეგია უფლის სიყვარულის უმართებულო შემეცნებისა. ვინც ამქვეყნიურ ორომტრიალში, ტკივილში, მომხვეჭელობასა და უსამართლობაში ღვთის ხელსა და აღმატებულ ძალაუფლებას ხედავს, ვისაც მტკიცედ სწამს მისი სამართლიანი განგებულების, ის არც სიხარულსა და ზეციურ დიდებაში მოაკლდება მასთან ერთობას.

ღვთის განგებულება სამართლიანია და სწორედ ამ სამართლიანობის სიზუსტე და უცვლელობა განაპირობებს ყოველივეს არსებობას. წყალობაცა და სასჯელიც, შენდობაცა და სიყვარულიც უფლის ჭეშმარიტი განგებულების, სიბრძნისა და მეცნიერების იდუმალებაში - "მბრწყინავ ღამეში" აისახება. ყოველი მოვლენა, მოქმედება, გარემოება დაუსაბამო ჭეშმარიტების, ღვთის მაცხოვნებელი, განმაღმრთობელი ნების მსახურია. ბოროტად ნუ გამოიძიებ უფლის გზებსა და ბილიკებს, ნუ გამოცდი მის ძალასა და სულგრძელობას - ეს დასაწყისია წარწყმედისა, სასოწარკვეთისა, ურწმუნოებისა და სიცოცხლეშივე სულის სიკვდილისა. ყოვლითურთ მიენდე უფალს, გწამდეს, მის გარეშე არაფერი ხდება. თვით წუთისოფელში აღსრულებული მრავალი ცოდვა, წინააღმდეგობა, დაცემული ეშმაკისეული ნება, კვლა, მრუშობა, ცილისწამება, უზნეობა ბრმად და მათგან დამოუკიდებლად ზეციური მამის დიდებას, სიწმინდეს, სამართალსა და დაულეველ სიყვარულს ემსახურება.

ჩვენი დაცემული ნებით ხშირად სასჯელად მივიჩნევთ იმას, რაც უფლისგან სულის სახსნელად და გამოსაწრთობად გვებოძა, წყალობას კი იმას ვარქმევთ, რაც უმეტესწილად წარსაწყმედად და მარადიული სიკვდილის მიზეზად გაგვხდომია. ღვთის წყალობა საკუთარ ცოდვებზე, არაჯანსაღ სულიერ მდგომარეობაზე, განსაცდელსა და სასჯელზე ფიქრისთვის მოგვეცა, მწუხარება და ტკივილი კი მოულოდნელი, გარდაუვალი სიხარულისა და ნუგეშის წინმსწრები და მახარებელია. "უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათვის წარმართე შენ წინაშე გზაი ჩემი" (ფს. 5,8) - სწორედ უფლის სიმართლეს, მის დაფარულ, გამოუკვლეველ ჭეშმარიტებას განუკუთვნებს და შეჰვედრის მეფე დავითი თავს: "არა ჩემი კაცობრივი, ცრუ, უნდო სიმართლით ვითხოვ შენ წინაშე მყოფობას, არამედ მხოლოდ შენი სიმართლის ძალით მიწინამძღვრე ჩემი ცოდვილი ცხოვრების მძიმე გზაზე. შენი მართალი განგებულებით განმსწავლე, შემოქმედო ჩემო, რადგან შენ მხოლო ხარ მასწავლელი ყოველთა ბრძენთა, მეცნიერთა და სულელთა. შენს სასჯელში წყალობა განიჭვრიტება, წყალობა და სიყვარული კი თავად ხარ, უფალო". ასეთია ვედრება, ლოცვა მართალი სულისა, ღვთის ხელს მინდობილი მდაბალი სულისა, რომელიც სიცოცხლის აზრსა და მნიშვნელობას მხოლოდ შემოქმედში ხედავს: "შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე, სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე, მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე" (ფს. 70,1-2).

ნათელი და გაბრწყინებულია სული ადამიანისა, რომლის ცხოვრებაც უცილობელი დასტურია დავით წინასწარმეტყველის ამ უკვდავი სიტყვებისა. ვინც უფლის ხმისა და კურთხევის კვალდაკვალ მიაბიჯებს, მისთვის სასჯელი მხოლოდ ამ ზებუნებრივი მდგომარეობის დაკარგვაა, მისგან მოწყვეტაა. არც სხვა სიხარული თუ სასუფევლისეული განცდა აღემატება მას, რამეთუ "აწ ვინმე არს თმენაი ჩემი, არათუ შენ, უფალო, და სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს?" თითოეული ჩვენგანის სიმდიდრე უფალია, ყოველი ჩვენგანის სიცოცხლე უფალშია, რამეთუ იგია ნიადაგი, მყარი საფუძველი ჩვენი დაცემული, ცოდვით დასუსტებული სულებისა. ხან ტკივილით, ხანაც სიხარულით მივაბიჯებთ მარადიული ცხოვრების დაუსრულებელ ვიწრო ბილიკზე, მაგრამ ვინც რწმენის, სასოებისა და სიყვარულის საგზლით დაიპურებს სასუფევლისეულ სიმაძღრეს დანატრებულ სულს, იხილავს კიდეც დიდებას ჭეშმარიტი ღმრთისა - მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვა
1კ1