მფარველობას ის ეძებს, ვინც შეიცნო და აღიარა საკუთარი უძლურება
მფარველობას ის ეძებს, ვინც შეიცნო და აღიარა საკუთარი უძლურება
ცოდვა დედაა სიკვდილისა, რომელიც თავად ნაშობია ამპარტავნებისა, უგუნურებისა და ღვთის ურჩობისა. იგი ჟამმოკლე და წარმავალია. ბოროტების აღმასრულებელი მონაა ბოროტებისა, რადგან აქ, წუთისოფელში ვნებებს დამონებული მარადიულ ტანჯვაში, მოუკლებელ წუხილში განაგრძობს არსებობასა და ყოფიერებას. ღვთის მონობა თავისუფლება და ბატონობაა ცოდვაზე, ჭეშმარიტი ფლობაა საკუთარი თავისა, ხოლო მოჩვენებითი მეფობა, თვითნებური, ჯიუტი ყოფა უფლისმიერი შეწევნის გარეშე ტყვეობა და თანამზრახველობაა ეშმაკისა.

რომ არა მფარველობა ღვთისა, შეწევნა შემოქმედისა, კაცობრიობა აქამდე არ იარსებებდა. უცოდველ, უბიწო მდგომარეობაში შეცდა და დაეცა პირველქმნილი ადამიანი, რაჟამს დაივიწყა დამბადებელი თვისი, მით უმეტეს დღეს, როდესაც მოწამლულნი ვართ ცოდვისმიერი შხამით, როგორ შევძლებთ დამოუკიდებელ მყოფობას ისე, რომ არ შევიბილწოთ და დავმარცხდეთ ცდუნებისგან? მფარველობას ის ეძებს, ვინც შეიცნო და აღიარა საკუთარი უძლურება, ხოლო აღიარება მას შეუძლია, ვისაც ახელილი აქვს სულიერი თვალი, გონების მართლმხედველი თვალი და შეუძლია განარჩიოს ნათელი ბნელისგან, კეთილი ბოროტისგან, ყოველივე ეს კი უფლის რწმენაში, მის ძიებაშია დავანებული. ამპარტავანს არ სჭირდება ზეციური შეწევნა ღვთისა, იგი ფიქრობს, რომ მასში ეტევა და ერთიანდება მთელი ქვეყანა. როგორც ბრმა მებრძოლი, ისე იბრძვის მრავალათასიანი თვალჩუბინი მტრის წინააღმდეგ. ამიტომაც ბრძოლის დასაწყისშივე ეცემა იგი. უგუნურია ამპარტავანი, მედიდური ადამიანი, რომელიც თვალხილული ბრმაა და ფიქრობს, რომ მარტო დაამარცხებს მასზე გაცილებით გონიერ, თვალგამჭრიახ, ურიცხვსა და უხილავ მტერს. რწმენა მახვილი და გამჭოლი თვალია გონებისა, აღმართული ხმალი და დაუმსხვრეველი მუზარადია მებრძოლისა. მორწმუნის ირგვლივ ანგელოზთა სიმრავლე და ზეციურ წმინდანთა მეოხებაა. ნეტარია კაცი, რომელსაც მოაზროვნე, ბრძენი სული აქვს, რომელიც დღესავით ნათლად ხედავს უფალს და გრძნობს მის შემწეობას, შეუძლია განარჩიოს მტერი მოყვასისგან. მრავალს ეს ყველაფერი იოლი ჰგონია, სასაცილოდაც კი ეჩვენება თეთრისა და შავის გარჩევა, მაგრამ სწორედ ეს არის უმრავლესობისთვის მახე და ლოდი უმეცრებისა, ქვაკუთხედი დაბრკოლებისა, რომელზეც შექმნიდან დღემდე ეცემა და იმსხვრევა კაცობრიობის უდიდესი ნაწილი. განმრჩეველობითი ნიჭი უდიდესი საჩუქარია ღვთისა, იგი შვილია კეთილგონიერებისა და თავად მსახურია ჭეშმარიტი ქრისტიანული ყოფისა. ურწმუნომ და უკეთურმა არ უნდა ილაპარაკოს მადლსა და სათნოებაზე. ჩვენ მიერ აღსრულებული თითოეული ღვთივსათნო საქმე უფლისკენ გადადგმული, სიცოცხლის მომნიჭებელი ნაბიჯია და რაც მეტად ვუახლოვდებით უფალს, მით მეტად ვწყდებით სიბნელესა და წყვდიადს ბოროტებისას.

ნათლობისას, სულიერი შობის ჟამს უფლისგან გვენიჭება სულიერი მფარველი, ღვთის წინაშე მეოხი ნათლის ანგელოზი, რომელიც ყოველნაირად ცდილობს ხელი შეუწყოს ჩვენს ცხონებას, დაგვაძლევინოს ყოველი დაბრკოლება, წინააღმდეგობა, იგია მეგზური და მართებული არჩევანის მაჩვენებელი, მარად მწუხარე ჩვენი უღირსებისთვის, ბოროტებისთვის და გახარებული თითოეულის სათნო ცხოვრებისთვის: "რომელი ზედა ადგს ჭირვეულსა სულსა ჩვენსა" და არასდროს გვტოვებს გაჭირვებისას. ანგელოზი ცოცხალი მაგალითია ქრისტიანისა, რომელსაც უნდა ემსგავსოს მისი ცხოვრება.

ყოველ ადამიანს ღმერთი მფარველობს, მაგრამ მრავალი საკუთარი ნებით, სურვილითა და ქცევით წინ აღუდგა უფლის მადლს, განაშორა საკუთარი თავი ზეციურ შემწეობას, ღვთის წყალობასა და ჭეშმარიტებას. უგუნური ადამიანი გზას უღობავს სიკეთეს, სათნოებას, საშუალებას არ აძლევს, იმოქმედოს და გამრავლდეს მასში მადლი ღვთისა. ყველაზე დიდი მფარველი ჩვენთვის რწმენაა. რამდენადაც გვწამს, იმდენად ვართ დაცულნი ბოროტებისგან. რწმენა უძლეველი, მტკიცე სულიერი აბჯარია, რომლის წინაშე უძლურია ეშმაკის ყოველგვარი მანქანება. ჭეშმარიტად კეთილგონიერია ის ადამიანი, რომელიც სიკეთესა და ბოროტებას განარჩევს არა მხოლოდ სიტყვითა და შემეცნებით, არამედ ქმედითად, ცხოვრებითა და ღვთივსათნო ღვაწლით. ჩვენ ცოცხალ, რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ და მხოლოდ ცოცხალი რწმენითაა შესაძლებელი გადარჩენა.

ღვთისაგან ჩვენზე გადმოვლენილ მაცხოვნებელ შეწევნას განაპირობებს ისიც, თუ რამდენად შემწყნარებელნი, ლმობიერნი და კეთილგანწყობილნი ვართ მოყვასის მიმართ, რამდენად შეგვიძლია დავფაროთ მათი შეცოდებანი და შეცდომები როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვათა წინაშე. ნუ განიკითხავ და გამოიძიებ ძმათა შეცოდებებსა და ნაკლს, ნუ შეეცდები მათი მხოლოდ ცუდი კუთხით დანახვას. მათზე მსჯელობისას მკაცრი და სამართლიანი ხარ, საკუთარ თავის მიმართ კი შემნდობი და კაცთმოყვარე. მათთვის ღმერთი მხოლოდ მკაცრ მსაჯულად წარმოგიდგენია, შენთვის კი - მოწყალედ და მიმტევებლად. სამართლიანობა ის უდიდესი სათნოებაა, რომელშიც ერთიანდება ყოველი თვისება ღვთისა. უფლის ყოველი თვისება სამართლიანია და ყოველი სამართალი მის თვისებებშია. სამართლიანობა სიყვარულით, გონიერებითა და მოწყალებით ნასაზრდოები ზეციური კურთხევაა. ღმერთი სამართლიანია და, შესაბამისად, სამართალს ეძებს თითოეულ ადამიანში. ვინ განმართლდება მის წინაშე, თუ არა მსახური მისი სიმართლისა?

არ არსებობს იმაზე დიდი მფარველობა და მეოხება, რომელსაც ღვთის სამართლიანი მცნებების აღსრულებით ვიხვეჭთ. "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრების ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?" (ფს. 26,1) და კიდევ: "რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამიფარა მე დაფარულსა კარვისა მისისასა" (ფს. 26,5). რომელ ნათელსა და მფარველობაზე საუბრობს წმინდა მეფე, წინასწარმეტყველი დავითი? რომელ ნათელს მოსდევს შესაბამისი მფარველობა? უფლის ნათელი მისი სამართალი, მისი დიდება და მარადიულობაა. სადაც სინათლეა, იქ სამართალია, ხოლო ყოველგვარი სიბნელე და უმეცრება სიცრუისა და ამაოების ნაშობია. გონების განათება, განბრძნობა რწმენის კვალდაკვალ ენიჭება ადამიანს, მხოლოდ რწმენითაა შესაძლებელი უფლის წმინდა კარავში დამკვიდრება. ეს სულიერი, ზეციური კარავი მორწმუნეთა, ღვთის წმინდანთა საბრძანებელია, რომელში დამკვიდრებაზეც საუბრობს მეფე დავითი, მის სიწმინდესა და სიდიადეზე მოგვითხრობს, რომლისკენაც მიმართული უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრება. უფლისმიერი ნათელი სულში მართლმხედველ, სამართლიან და კეთილად განმსჯელ გონებას შობს. რაჟამს გონება ნათლდება, სულიც გონიერი, ფხიზელი და მხედველი ხდება, ხოლო ამგვარი ყოფა ადამიანს უფლის ყოველგვარ სიკეთესთან აზიარებს. მფარველობა, უპირველესად, სულის შინაგანი, გონისმიერი დაცვაა, იგი განწმენდილი გულიდან მომდინარე პროცესია, რომელიც სულის წიაღიდან იშვება და მთელ ჩვენს პიროვნებაზე აისახება. როგორც ადამიანს სხეულზე გარედან მიდებული საწამლავი ვერაფერს ავნებს, არამედ მხოლოდ მის წიაღში მოხვედრისას კლავს, ასევე მხოლოდ სულის, გონებისა და გულის დაცვითაა შესაძლებელი, მოვდრიკოთ ჩვენზე მფარველობა ღვთისა.

რწმენა შობს სიხარულს სულისას, რომელიც სრულყოფილი სიყვარულისკენ მიემართება, სიყვარული კი დედა და მშობელია ყოველი სათნოებისა. სიყვარული სრულყოფს კეთილგონიერებას, ამ უკანასკნელით კი სიყვარულთან ერთად ყოველი სათნოება წარიმართება და ღვთისადმი შესაწირად ზეცად აღევლინება: "ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცა ზაკუვით მოყუასსა თვისსა" (ფს. 23,3-4). უფალმა ინებოს, რომ მისი მადლითა და კაცთმოყვარებით თითოეული ადამიანის სული ამაღლებულიყოს და დაშენებულიყოს ამ წმინდა მთაზე, ცხონების მთაზე, რომელიც მხოლოდ რწმენით, ვნებებთან ბრძოლითა და საკუთარ თავზე გამარჯვებითაა შესაძლებელი.

ამინ!
ბეჭდვა
1კ1