თავს ნუ აარიდებ მოძღვრის კვერთხს
თავს ნუ აარიდებ მოძღვრის კვერთხს
იოლი არ არის ზეციური მამის სახელს, ხატებასა და მსგავსებას ატარებდე მიწაზე
მოძღვრობა, მამობა დიდი ტვირთია, რომელიც ენით გამოუთქმელ შრომას, გარჯასა და სიბრძნეს მოითხოვს. იოლი არ არის ზეციური მამის სახელს, ხატებასა და მსგავსებას ატარებდე მიწაზე. მოძღვრობა სიყვარულის ცეცხლით ნაწრთობი კეთილგონიერების, სიფხიზლისა და სიფრთხილის ერთობაა, რომელიც ღვთის რწმენაში, სასოებასა და სიხარულში განამტკიცებს მასზე მინდობილ თითოეულ სულს. "ჭეშმარიტად, არაფერია ისეთი, რასაც ძალუძს ეკლესიის რღვევა და ნგრევა ისე ადვილად, როგორც მაშინ, როცა მრევლი და მოძღვარი, შვილი და მამა ქვეშევრდომი და უფროსი მჭიდრო ერთობაში არ იმყოფება. ხარ ცხვარი? დაემორჩილე მწყემსს. ნუ გაექცევი სიძნელეს, გიყვარდეს სარწმუნოება, თავს ნუ აარიდებ მოძღვრის კვერთხს. ის გამარცხებს არა მოსაკლავად, არამედ ცდუნების ასაცილებლად. განკითხვაში ვარდები, როცა გდევნი? მე რომ ჩვეულებრივი ცხვრის მწყემსი ვიყო, განმიკითხავდი, თუ არ მოვიგერიებდი მგლების თავდასხმას. მე ვარ მწყემსი გონიერი ცხოვრებისა; მე კი არ გიშორებ ქვით, არამედ სიტყვით მოგიწოდებ, გახდი ცხვარი, მოდი ჩემს ფარაში, რატომ ვნებ ფარას, რომელიც უნდა გაზრდილიყო შენი მოსვლით? მე ვიგერიებ მგელს და არა შენ შენ კი, თუ მგლად გადაიქცევი, მაშინ შენს თავს დააბრალე" (წმინდა იოანე ოქროპირი).

უფალი მოძღვარს, მოძღვარი კი მრევლს სწავლის. არასდროს არ უნდა დაირღვეს ეს კავშირი, ღვთისაგან ბოძებული ერთობა, რამეთუ გამტარი და დამაკავშირებელი სულიერი მწყემსია და რაც მეტად ახლოა იგი უფალთან, მით ახლოსაა საკუთარ სულიერ შვილებთან და რაც მეტად თანაზიარია საღვთო მადლისა, მით უფრო იზრდება სამწყსო სულიერებაში.

დღესდღეობით ხშირად გაიგონებთ: "მე მრწამს ღმერთი, მაგრამ არ მჯერა მოძღვრის, როგორ უნდა მივიდე მასთან, ვინც ცოდვილია, რად მჭირდება მოძღვარი, ჩემითაც კარგად ვილოცებ!" ან. "ვიცი, რომ მაინც ვერ შევძლებ ყველაფრის შესრულებას, ვერ დავიცავ მარხვებს და სჯობს, სულაც არ დავიწყო". გავყვეთ ამგვარ მსჯელობას და ვთქვათ, რა საჭიროა ჩვილისთვის მშობლები? იგი მაინც არ შეასრულებს მშობლების თითოეულ თხოვნასა და რჩევას, ის ღმერთმა გააჩინა და თავად გაიზრდება. რა საჭიროა სკოლა და მასწავლებლები, ისედაც ისწავლი! რად გჭირდება ექიმი, თავადაც განიკურნები და ა.შ. მაგრამ განა სწორედ ამ ადამიანებით არ მოქმედებს უფალი ჩვენში? განა თუ გულით ლოცულობ შინ, მოძღვრამდე არ მიხვალ? როდის იყო, წყურვილი წყლის ყურებით მოეკლათ? მაშინ, რატომ სვამ მას?

ვინც შეიყვარა ქრისტე, მას აუციელბლად ეყვარება მოძღვარიც, თუკი შენ მოძღვარს უარყოფ იმისთვის, რომ მას ცოდვები აქვს, მაშინ მეც გკითხავ, რატომ გიყვარს და აღიარებ შენს მშობლებს, ისინიც ხომ ცოდვილები არიან? მიუხედავად მათი ცოდვილობისა, განა არ გიწევენ ისინი ღირსეულ მშობლობასა და მზრუნველობას? მათი პირადი ცოდვები შენ ხელს არ გიშლის, რომ მიიღო მათგან მშობლიური სითბო და სიყვარული. სწორედ ეს მშობლიური გრძნობა, უდიდესი სიყვარული განაქარვებს და უჩინოს ჰყოფს შენს თვალში ცოდვათა სიმრავლეს. თუ პარალელს მოძღვართან, სულიერ მშობელთან გავავლებთ, თავად განვსაჯოთ და გულში ჩავიხედოთ, რა განაპირობებს მათ უარყოფას და ჩვენს უნდობლობას? ვაღიაროთ, რომ ეს ურწმუნოება და უსიყვარულობაა.

არ არის მართალი კაცი, რომელიც იმ მიზეზით არიდებს თავს მოძღვართან მისვლას, რომ ვერ დაიცავს და ვერ შეასრულებს მის მორჩილებას. არ ჩააბარებს აღსარებას, კვლავ იმავე ცოდვებში ჩავარდება. მაშინ ნურც ვჭამთ, რადგან ისევ მოგვშივდება. ნუ დავიბანთ, მაინც დავისვრებით. არ შეგიძლია მთლიანად დაიტიო მზე, მაგრამ განა არ თბები მისი სხივებით? თუკი არ შეგიძლია შეისუნთქო მთელი ჰაერი, განა მისით არ ცოცხლობ? ასევეა ამ შემთხვევაშიც. მთავარია ირწმუნო, გამოხატო შენი ნება, დანარჩენს კი ღმერთი აღასრულებს შენში მოძღვრის ხელით.

როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, "მოძღვარი მიწიერი ქრისტეა". თუ შენ მას ამ რწმენით შეხედავ, თვით უფალი იმოქმედებს შენში მისი ხელით. მოძღვარი მხოლოდ პირს აღაღებს, დანარჩენს ღმერთი აღასრულებს. თვით ქრისტეც ურწმუნო იუდეველთათვის ჩვეულებრივ კაცად, ჯვარცმულ ადამიანად დარჩა, მორწმუნეთათვის კი ღმერთია, ჭეშმარიტი წყარო ცხონებისა და ყოველი სიკეთისა.

ადამიანის ქმედების არსს, ხარისხსა და სიდიდეს შედეგი კი არ განსაზღვრავს (თუმცა კი ესეც აუცილებელია), არამედ ის დიდი სიყვარული და მონდომება, რომლითაც იგი აღესრულება. როგორც წმინდა ბასილი დიდი გვმოძღვრავს: "ღვთისათვის სათნო დიდებული საქმეები კი არა, ის დიდი სიყვარულია, რომლითაც ისინი კეთდება, რადგან არაფერია მცირე, რაც დიდად უყვართ და არც დიდი, რაც მცირედ უყვართ". სახარებისეული ქვრივის ორი კონდრატი რაოდენობით მცირე იყო შეწირულთა შორის, მაგრამ უფლისთვის ყველაზე სათნო აღმოჩნდა, რადგან გაღებული იყო უდიდესი რწმენითა და სიყვარულით. ადამიანის სხეული, რომელიც ერთიანი ორგანიზმია, სიცოცხლისთვის თანაბარმნიშვნელოვან ასოთაგან არ შედგება, რადგან არ შეიძლება, მისი თითოეული ნაწილი იყოს ტვინი ან გული; მიუხედავად ამისა, ყოველი ორგანო აუცილებელია სიცოცხლისთვის, რადგან ისინი თავიანთ ფუნქციას ასრულებენ.

ადამიანი, რომელიც მუსიკას სწავლობს, ეცნობა კლასიკოსთა შემოქმედებას: მოცარტს, ბახს და ა.შ., განა უარს ამბობს მათ შესწავლაზე, რადგან უშუალოდ ისინი არ ასწავლიან მშვენიერ მუსიკას? ნუთუ ხატვაზე არ ივლი იმ მიზეზით, რომ შენი მასწავლებლები ლეონარდო და ვინჩი ან მიქელანჯელო არ იქნებიან? ან საერთოდ უარს იტყვი მათზე იმიტომ, რომ ვერასდროს გახდები მათნაირი? განა ეს უგუნურება არ იქნება? შენ მაინც სწავლობ და გჯერა მასწავლებლის, რადგან იგი უცვლელად, ჭეშმარიტად გასწავლის მათ ხელოვნებას, შემოქმედებას. ასევეა მოძღვარიც, შეიძლება ის არ იყოს წმინდა პეტრე და პავლე მოციქულის მსგავსი, მაგრამ მაინც ხომ მათი სულიერი მემკვიდრეა, ხომ უცვლელად გვასწავლის ღვთის მოძღვრებას, გვრწვრთნის მის მცნებებში.

არიან ისეთებიც, რომლებიც ეკლესიაში არ დადიან იმ მიზეზით, რომ მრავალი დამაბრკოლებელი რამ იხილეს. ტაძარში (ვინმეს უარყოფითი საქციელი ან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე ცოდვილებად მიაჩნდა). ნუთუ ვინმეს გაუკვირდება საავადმყოფოში დაავადებულთა ყოფნა? ეკლესია ხომ სულიერი ჰოსპიტალია, რომელშიც კურნებას თავად ქრისტე აღასრულებს თავის მსახურთა ხელით. გავიხსენოთ სახარების სიტყვები: "არა მოვედ მართალთა წოდებად, არამედ ცოდვილთა სინანულად".

თუკი აუცილებელია მტრის სიყვარული, რომელიც ქრისტემ მოგვცა მცნებად, მაშინ რა პასუხს მივაგებთ მას მოძღვრის უსიყვარულობისთვის? მოძღვარი ფარია ადამიანისთვის, რომელიც თავის თავზე იღებს მტრის ნასროლ ისრებს, რათა თავისი სამწყსო გადაარჩინოს. წარმოვიდგინოთ, ოღროჩოღრო, ქვიანი აღმართი, რომელზეც ადამიანთა სიმრავლეს მიაქვს დიდი ტვირთი, ერთი მათგანი სიყვარულით იტვირთავს მას, რათა შეუმსუბუქოს დანარჩენთ სავალი და თუ დაეცემა, წაიჩოქებს ტვირთის სიმძიმის გამო, ნუთუ სხვები დასცინებენ და ეტყვიან, თუ თავი არ გქონდა, რაღას ტვირთულობდიო? თუ პირიქით, მიეშველებიან წამოსაყენებლად. ასევეა მოძღვარიც, რომელსაც მხრებზე უდიდესი ჯვარი ადევს - მრევლის ცოდვები. და როგორც მძიმე უღელს, ისე ატარებს ამ წუთისოფელში, რათა შეუმსუბუქოს ცხონების გზა თავის სულიერ შვილებს; და თუ იგი დაეცემა, წაიბორძიკებს სულიერად, ადამიანურად, აუცილებელია დავეხმაროთ, ლოცვითა და სიყვარულით წამოვაყენოთ. ტვირთი ურთიერთას ვიტვირთოთ და ასე აღვასრულოთ რჯული იგი ქრისტესი. ამინ!
ბეჭდვა
1კ1