რა არის ჩემი ცხოვრება? რას მომიტანს იგი?
რა არის ჩემი ცხოვრება? რას მომიტანს იგი?
საშინელი ერთფეროვნება: სმა, ჭამა, გართობა, ღრეობა... უაღრესად მიმძიმებს სულს
ამაოა სიმდიდრე, რომელიც მიწაში ღრმადაა ჩაფლული, რამეთუ გამოყენება არ უწერია. წმინდა ბასილი დიდი ამბობს: "უგუნური მდიდარი მსგავსია ადამიანისა, რომელიც ცდილობს, მდინარე შეაგუბოს და გასავალი დაუხშოს, რითაც წაახდენს და ჭაობად აქცევს მას". ასევე ამაოა იმ ადამიანის ცხოვრება, რომელსაც მრავალნაირი სიმდიდრე - სულიერი ნიჭები ებოძა ღვთისგან, მაგრამ მაინც საშინელ სულიერ შიმშილს განიცდის, რამეთუ "ცოდვის მიწაში" ღრმად ჩაფლა ისინი.

გამოსწორება უფალზე, საკუთარ ყოფაზე, მისიაზე ფიქრით იწყება. სულიერი, ზნეობრივი წვრთნა ჩვენი მთავარი საზრუნავია. გამუდმებული შრომა, მუშაობა საკუთარ თავზე ჩვენს რწმენაზე მეტყველებს - რამდენადაც გსურს და გიყვარს სიკეთე, სათნო ცხოვრება და ამასთან ერთად საქმითაც ცდილობ მის დამოწმებას, იმდენად ხარ მორწმუნე და ღვთისმოყვარე.

ვინც თავი შეიცნო, მან უფალი შეიმეცნა, რადგან შეუძლებელია, ჭეშმარიტად ფიქრობდე შენს არსებობაზე, ყოფაზე და არ ფიქრობდე ღმერთზე. მართალია, ძალზე ძნელია, ურთულესია გამოსწორება, დაცემული ბუნების დაძლევა და მასზე გამარჯვება, მაგრამ აღმატებულად დიდია სიხარული და ნაყოფი ღვთის მიერ მონიჭებული მადლისა. ადვილია სიტყვით წარმოთქვა, ქრისტიანი ვარო, შეუდარებლად ძნელია, საქმით გერქვას იგი. რამდენადაც მეტად აღიარებს ადამიანი თავის სისუსტეს, უძლურებასა და ცოდვიანობას მთელი თავისი შეგნებითა და შემეცნებით, მით მეტ ადგილსა და შესაძლებლობას აძლევს უფალს, მასზე იმოქმედოს. ვინც შეიცნო თვისი სისუსტე, მან აღიარა ძლიერება ღვთისა, რადგან ცნობა შემოქმედისა საკუთარი თავის უნდობლობით მტკიცდება.

მხოლოდ ტაძარში ხანგრძლივი სიარული და წირვაზე დასწრება მაღალ სულიერ საფეხურზე დგომას სულაც არ ნიშნავს. ეკლესიურ საიდუმლოებებს მორწმუნე მარადჟამ გულით უნდა დაატარებდეს, თორემ დაემსგავსება ფარისევლებს, აბრაამის შვილობით რომ იქადდნენ, უფალი და მისი ცოცხალი რწმენა კი უარყვეს. ქრისტიანობა ჭეშმარიტი აღთქმის, უფლისმიერი დაპირების შვილობაა, მისი რწმენაა. ებრაელებს მართალი, ცოცხალი სარწმუნოება ჰქონდათ, მაგრამ თვით არ იყვნენ მართალნი რწმენაში, უფალში, ამიტომაც ამპარტავნებითა და შურით განუდგნენ და ჩამოშორდნენ წყაროს სიცოცხლისას - ღვთის მხოლოდშობილ ძეს უფალ იესო ქრისტეს.

სიცოცხლეშივე მკვდარი და ცოცხლად დამარხულია ადამიანი, რომელმაც თავის თავს წაართვა და დაუმალა ღვთაებრივი სითბო, სათნო ცხოვრება და ის განცდა, რომელიც მცნებათა აღსრულების კვალდაკვალ ენიჭება თითოეულ მორწმუნეს. ამაოა ისეთი სიცოცხლე, როდესაც მოკლებული ხარ სიხარულს, ღვთისა და მოყვასის სიყვარულს და ყოვლად უსახურ, ულმობელ ცხოვრების წესს მისდევ, როცა სულს ვერაფერს არგებ, დღითიდღე არ იზრდები სიკეთეში, სათნოებებში. აუცილებელია, ფარდა ავხადო ყველა სისუსტეს, უარყოფითს, მომაკვდინებელს, გამოაშკარავებულ, ხილულ მტერთან თუ სენთან ბრძოლა ხომ გაცილებით იოლია, ვიდრე ფარულთან. არას გარგებს თავის დანდობა, ცოდვათა დაფარვა - ისინი უცილობლად გამხელენ და შეგარცხვენენ ყოვლადმართალი მსაჯულის წინაშე განკითხვის დღეს. დაფარე ოდენ სიკეთე, გადაინახე იგი ბოლო დღისთვის, რათა მანაც დაგიფაროს ჯოჯოხეთის ცეცხლისგან.

ხშირად განმარტოვდი, პირისპირ დარჩი შენს თავთან და იკითხე: "რა არის ჩემი ცხოვრება? რას მომიტანს იგი? საშინელი ერთფეროვნება: სმა, ჭამა, გართობა, ღრეობა... უაღრესად მიმძიმებს სულს. დაუკმაყოფილებლობის, შინაგანი სიცარიელის გრძნობა დამდევს გამუდმებით. და რაც უფრო მეტად მივყვები ამგვარი ცხოვრების წესს, მით მეტად მიცხოველდება შიმშილი ჭეშმარიტი, გონიერი სიცოცხლისა. სული საზრდოს მთხოვს, მე კი საწამლავს ვაწვდი, გული სიყვარულს ესწრაფვის, მე კი ყოველგვარი არაწმინდებით ავავსე იგი და ვხვდები, რომ დროთა განმავლობაში გაცივდა ჩემი არსებობა, ჩემს თავთან დარჩენის მეშინია, რადგან კარგს ვერაფერს ვხედავ მასში. უშინაარსოა ამგვარი ცხოვრება... ვინ ამომიყვანს ცოდვის უფსკრულიდან? ვეღარც მშობლები მიგებენ, მეგობრებსაც მოსწყინდათ ჩემთან ურთიერთობა... და "ვინ სასო ჩემდა არს, არათუ შენ, უფალო?" ვინ აღმადგენს და გამომიხსნის მიწიერი ჯოჯოხეთის ბორკილებიდან? მხოლოდ ღმერთი, მაცხოვარი ჩემი, რამეთუ ნათქვამია: "მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე" (ფს. 26,10). ამგვარი ფიქრით, წუხილით, ღვთის მოხმობით იწყება ადამიანის შემობრუნება რწმენისკენ, სულიერებისკენ, რომელიც ტოლფასია მკვდრეთით აღდგომისა, გაცოცხლებისა, სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასვლისა. გვიბრუნდება ხალისი სიცოცხლისა, რადგან გავაცნობიერეთ ჩვენი დანიშნულება და ვალდებულება ღვთისა და მოყვასის წინაშე. სულმა უდიდესი შვება, სიმტკიცე და შემართება მოიპოვა, აღარ უშინდება განსაცდელს, ცხოვრებისგან დაგებულ მახეებს. კაცი დღითიდღე შემოუძახებს და ინუგეშებს სულს: ადრე ცოდვაში ვცხოვრობდი, - ამას თუ ცხოვრება ერქვა, - დღეიდან კი ყოველდღიურად ვკვდები, რათა ვიცოცხლო იქ, სადაც ჭეშმარიტი სიცოცხლეა. ამინ.
ბეჭდვა
1კ1