წინდახედულება და სიფრთხილე საჭიროა მაშინაც, როდესაც სათნოებებს, სიკეთესა და საღვთო საქმეს აღვასრულებთ
წინდახედულება და სიფრთხილე საჭიროა მაშინაც, როდესაც სათნოებებს, სიკეთესა და საღვთო საქმეს აღვასრულებთ
კანონზომიერება, წესრიგი სამყაროს არსებობის უპირველესი და აუცილებელი პირობაა. ღმერთი ჩვენი არის ღმერთი წესრიგისა, ზომიერებისა, სიყვარულისა. უდიდესი სიბრძნე, ზეარსი გონი მართავს, განაგებს თითოეულ ქმნილებას თავის ყოფიერებაში. მხოლოდ სრულ, ღვთაებრივ გონს შეუძლია წარმართოს ყოველივე ასე ჰარმონიულად და საოცარი სიზუსტით. უფლის სამართალი, მისი ნება, რომელშიც არის და ერთიანდება ყველაფერი, ზომიერების დედაა, ოქროს შუალედად წოდებული სიბრძნეა, რომელიც უხილავ ზოლად გასდევს საღვთო განგებულებას. "ღვთის ნების შეცნობა და სწორად აღსრულება შეუძლებელია მისი სამართლიანობის შეცნობის გარეშე. უფლის სამართალნია ყველაფერი, რაც სამყაროში ხდება. ყველა მოვლენა ღვთის განსჯისა და განჩინების შედეგად აღესრულება. მისგან დაფარულად, დამოუკიდებლად არაფერი ხდება და ვერც მოხდება. ერთი რამ უფლის ნებით აღესრულება, სხვა - მისი დაშვებით. ყველა მოვლენა შემოქმედის განკითხვითა და განჩინებით აღესრულება, უფლის ნება მისი წმინდა სამართალია" (წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი).

"ჰოი, სიღრმე სიმდიდრისა, სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისასა. ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ გზანი მისნი! რამეთუ ვინ ცნა გონებაი უფლისაი? ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას?" (რომ. 11,33-34).

ზომიერება ნაშობია კეთილგონიერებისა, რომელიც თავად მშობელია მრავალი სათნოებისა, ფრთხილი, ყურადღებიანი სიარულია ცხონების ვიწრო გზაზე. ხშირად ბოროტი, როდესაც აშკარა ბოროტებითა და მზაკვრობით ვერ ახერხებს ადამიანის დაცემას და წარწყმედას, ცბიერებასა და მაცდურ ხერხს მიმართავს, სათნოებას ამოფარებული, მისი ნიღბით შემოსილი ყველანაირად ცდილობს უმწეო, ახალბედა, სათნოებებში განუმტკიცებელი, მის კვალს ახალშემდგარი სულის დაღუპვას. სათნოებითა და სიკეთით მოხიბლულის მზერას მოსწყვეტს უფალს და ცდილობს, თვითმიზნად და ვნებად უქციოს ღვაწლი, რათა სიამოვნების გრძნობით აღვსილი თვითკმაყოფილებას მიეცეს, მოადუნოს შემართება, ყურადღება წინსვლისა და უმაღლესის ძიებისა. ამგვარი სული მხოლოდ საკუთარ ღვაწლში, შრომაში, სიკეთესა და სათნოებებში ეძებს, ხედავს ცხონებას და არა უფალში. თვალახვეულივით მიაბიჯებს ხრამისპირა ბილიკზე და არ იცის, სად და რა წუთს გადაიჩეხება. თვითკმაყოფილება სიამოვნების წყაროდ ექცევა და ხიბლში ჩავარდნილს ეჩვენება, რომ სულ მცირე დროში მიაღწია იმას, რასაც წმინდა, მოღვაწე მამები მთელ სიცოცხლეს უძღვნიდნენ. სულის მხურვალება თანდათან ნელდება, აკლდება წვრთნას, ვარჯიშს, შემეცნების უნარს და როდესაც თავის ჭეშმარიტ სახეს შეხედავს "მადლის სარკეში", სასოწარკვეთილებაში ვარდება, დიდი სიმაღლიდან მიწაზე ენარცხება და ეს დაცემა მისთვის გაცილებით მძიმე ხდება, ვიდრე თავდაპირველი, როდესაც აშკარა ცოდვაში იმყოფებოდა. ყოველგვარი არამართებული ხედვა, არაჯანსაღი სულიერი განვითარება, მდგომარეობა ამ სათნოების ნაკლებობისა და უქონლობის ბრალია. ხიბლი ცრუ, არასწორი წარმოდგენა და შეფასებაა რეალობისა, ჭეშმარიტი სინამდვილისა, მიზეზი კი თვითკმაყოფილება და დაზიანებული სულიერი ხედვაა. სათნოებათა "ბრმა კიბე" ზეცის მაგივრად მიწისკენ მიემართება, რამეთუ საძირკველი მისი ჭაობის მსგავსია, რომელიც გამუდმებით ფსკერისკენ ითრევს მასზე დაყრდნობილს, არ არის დაშენებული კეთილგონიერებაზე, სიმდაბლესა და სიყვარულზე.

ვინც ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ეკიდება სულიერების საქმეს, მადლში განვითარებასა და ზრდას, იგია ჭეშმარიტად კეთილგონიერი და ერთგული მონა უფლისა. არაბუნებრივია, როდესაც მიწაში ჩაგდებული თესლი ერთ დღეში ხედ იქცევა, ასევე შეუძლებელია რწმენის მიწაზე ახალდანერგილი სულის მცირე დროში განვითარება და განღმრთობა. შინაგანი განწმენდა დაუსრულებელი პროცესია სულისა, რომელიც ამ ცხოვრებაში იწყება და არასდროს წყვეტს წინსვლასა და სრულყოფილებას. როგორც ნელი, დინჯი კითხვით უფრო შესაძლებელია წაკითხულის გააზრება და მისი გონებით შემეცნება, ასევე, მხოლოდ მშვიდი, დაკვირვებული ცხოვრებით შევიმეცნებთ არსსა და სიდიადეს ქრისტიანობისას.

ზომიერება კონტროლია სულისა, გულისმიერი გონებისა. როგორც უჭმელობა კლავს ადამიანს, ასევე ზედმეტი, გადაჭარბებული საზრდელიც ვნებს მის ჯანმრთელობას. სულიერი საკვების მიღება შენზეა დამოკიდებული, არც სათნოებების შიმშილს უნდა განიცდიდე და არც უზომოდ, გონიერების გარეშე ტკბებოდე მათით, რამეთუ, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ყოველი უკიდურესობა ეშმაკისაგან არს". კეთილი საქმე თაფლივით ტკბილია, მაგრამ ზომიერების გარეშე მიღებული ათრობს და თავდაპირველი სიტკბო უმწარეს გამოცდილებად იქცევა. ჭეშმარიტი სათნოება კეთილი გონებით, საღვთო განზრახვით ნაკარნახევი სიბრძნეა, რომელიც შინაგან სიფხიზლეს, სიმსუბუქესა და სიხარულს მოუტანს მიმღებს.

წინდახედულება და სიფრთხილე საჭიროა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ვცდილობთ, ბოროტება, ცოდვა არ ჩავიდინოთ, არამედ მაშინაც, როდესაც სათნოებებს, სიკეთესა და საღვთო საქმეს აღვასრულებთ; ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო საფრთხილო და საყურადღებოა, ვიდრე პირველი, რამეთუ აშკარა ბოროტებით იშვიათად დაცემულა ადამიანი, ხოლო სიკეთის საფარველით, საამო საქმეთა საბურველით შემოსილი, დაფარული ბოროტებით - მრავალჯერ, რამეთუ არ უხელმძღვანელია იმ დიდი სათნოებით, რომელსაც კეთილგონიერება და ზომიერება ჰქვია.

სარწმუნოების გზაზე შემდგარმა ადამიანმა უპირველესად ღვთისგან უნდა ითხოვოს სული გონიერი, გული გონიერი, მოუკლებლივ, დაუღალავად უნდა ევედრებოდეს უფალს ამ აღმატებული სათნოების მონიჭებას, რამეთუ იგია მართლად მხედველი თვალი სულისა, სათნოებათა თავი და საძირკველი, ზეცისკენ მიმავალი ეკლიანი ბილიკის გამკვალავი და ტკბილ უღლად გარდამქცეველი, რომლის მფლობელი ემსგავსება იმ ჯვარცმულ, კეთილგონიერ ავაზაკს, რომელმაც შეურაცხყოფილ, დამცირებულ, ადამიანური ბუნებით მომაკვდავ მაცხოვარში ღმერთი ამოიცნო და ყველაზე უწინ შეაღო სამოთხის კარი. ამინ!

მოამზადა
დავით სურგულაძემ
ბეჭდვა
1კ1