ამ ცოდვილ ქვეყანაზეც შეიძლება იცხოვროს კაცმა ჭეშმარიტებით, ღვთის შიშით, სიყვარულითა და სასოებით
ამ ცოდვილ ქვეყანაზეც შეიძლება იცხოვროს კაცმა ჭეშმარიტებით, ღვთის შიშით, სიყვარულითა და სასოებით
"მიეცით კეისრისაი კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსა"
ყოველივეს კეთილად წინაგანმგებელმა უფალმა სიყვარულითა და სიკეთით შექმნა ადამიანი, პატარა სამყარო დიდ სამყაროში, როგორც მიწისა და ზეცის ნაერთი. ვამბობთ მიწას, რადგან მისგან შეიქმნა და ზეცას, რამეთუ მასში არის ღვთისაგან შთაბერილი უკვდავი სული. სხვაა ბუნება ხორცისა, რადგან მიწისგან არის და მიწისას იზრახავს და სხვაა ბუნება სულისა, რამეთუ ღვთისგანაა და მისკენ ისწრაფვის. სული უპირატესია, აღმატებულია ხორცზე, როგორც ზეცა მიწაზე, ამიტომაც სხეული უნდა მორჩილებდეს სულს, მარადის ხორცი - სულისათვის და არა პირიქით. მართალია, სხვადასხვაა მათი ბუნება, მაგრამ როდესაც ვამბობთ ადამიანს, თავისთავად ვგულისხმობთ ორივეს (როგორც სულს, ასევე სხეულს), რადგან თითოეულის გარეშე არ შეიძლება იწოდებოდეს იგი ადამიანად. იმისათვის, რომ იცოცხლოს ხორცმა, აუცილებელია მიაწოდო მას საკვები და ყოველდღიურად ასაზრდოო იგი. ასევეა სულთან მიმართებაშიც, რომლის სიჯანსაღისა და სიწმინდისთვის აუცილებელია სულიერი საკვები: სარწმუნოება, ლოცვა, კეთილი საქმეები და ა.შ. ხორცს ვაძლევთ ხორცისას და სულს სულისას. მიწიერ ცხოვრებაშიც ასეა. მიწა თავისას ითხოვს: ხარკს, გადასახადს, საზრუნავს, ოჯახისა და მოყვასისთვის შრომას და სხვა მრავალი საქმის შესრულებას, რომელიც, სხვა თუ არაფერი, მოვალეობაა და მასზე უარს ვერ ვიტყვით. მიუხედავად ამისა, მიწაზევე იწყება ცხონება და მის ცოდვილ გარემოში ვპოულობთ ზეციური კიბის პირველ საფეხურებს.

სახარებაში მაცხოვარი ამბობს: "მიეცით კეისრისაი კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსა", ანუ მიეცით მიწას მიწისა და ზეცას ზეცისა. კეისარი, როგორც მიწიერი მმართველი, სახეა ქვეყნისა, მისი მოთხოვნებისა. მიეცი მას თავისი, თუკი ამით არ უარყოფ და არ ეწინააღმდეგები უფალს. ცხოვრებაში ყოველ ნაბიჯზე გვხვდება შემთხვევა, როდესაც კეისარს უნდა მივცეთ კეისრისა და ღმერთს ღვთისა. სწორედ ამაში მდგომარეობს და იკვეთება ადამიანის სიცოცხლე, რწმენა და ცხოვრების წესი. საუბედუროდ, მრავალი პირიქით აღასრულებს ამ სიტყვებს, რამეთუ კეისარს აძლევს ღვთისას და ღმერთს კეისრისას ან მხოლოდ მიწისთვის ირჯება, მისთვის არსებობს და უფალი საერთოდ დავიწყებული ჰყავს. სარწმუნოება, სათნოება, სიყვარული ღვთის საჩუქარი და ნიჭებია, მაგრამ მრავალთ იგი არა უფლისთვის, არამედ საკუთარი კეთილდღეობისა და წარმატებული, უშფოთველი ცხოვრებისთვის გამოუყენებია. საღვთო მცნებებს თავიანთი სურვილისამებრ წარმართავენ, მხოლოდ ბოროტად სარგებლობენ და არ ნეტარებენ მათით. "სული შემუსვრილი, გული შემუსვრილის" მაგიერ ხორციელი სიკეთეებით, მატერიალური სიმდიდრით ცდილობენ სათნო ეყონ უფალს ან უარეს შემთხვევაში ღვთის არსებობა საერთოდ არ ახსოვთ და მხოლოდ "კეისარს" ემსახურებიან. მთავარია ადამიანმა ყოველთვის მიუძღვნას ღმერთს ის, რაც ღვთისაა: გული, გონება, თავისუფალი ნება და ამის შემდეგ მიხვდება, თუ რა არის მისაცემელი მიწისა. ამ ცოდვილ ქვეყანაზეც შეიძლება იცხოვროს კაცმა ჭეშმარიტებით, ღვთის შიშით, სიყვარულითა და სასოებით. ჭეშმარიტი მორწმუნე არასდროს დგება არჩევანის წინაშე - ღმერთსა და კეისარს შორის, რადგან ის ყოველთვის ღვთისას ირჩევს, მის გზაზე დგას და, შესაბამისად, არც მიწისა ეშლება რაიმე, როგორც ამას ერთი წმინდა მამა შეგვაგონებს და ამბობს: "მიწის ცუდი მოქალაქე არც ზეცისთვის გამოდგება". მწიგნობრებსა და ფარისევლებს სურდათ, რომ მაცხოვარი და მისი მცნებები კეისართან მიმართებაში ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ, რის შემდეგაც დაესმინათ და საჯაროდ ემხილებინათ იგი. ყოვლისმხილველმა უფალმა ფარდა ახადა მათ მზაკვრობას და თითოეულს დაანახა, რომ არაფერი აქვს ზეცას საერთო მიწასთან. მიეცი ზეცას - უფალს თავისი და მიწას და მის მმართველთ მიაგე მათი მისაგებელი. როდესაც ღმერთს მიუძღვნი იმას, რაც მისთვის სათნოა, მაშინ მიხვები, რა იგულისხმება კეისრის "შესაწირში". მართალია, ფარისევლები აძლევდნენ კეისარს კეისრისას, თუმცა ორგულებით, მზაკვრობით, იძულებითა და პირფერობით, მაგრამ ავიწყდებოდათ მთავარი - ქრისტე და მისაცემელი მისი. ამიტომაც დაბრუნდნენ მაცხოვართან მიგზავნილნი შერცხვენილნი, რადგან ურწმუნოებაში ემხილნენ.

სამწუხაროდ, ბევრი მხოლოდ ყოფითი საზრუნავით არის დაკავებული, ცხოვრების მორევში ჩაფლული, ჩაძირული და დავიწყებული აქვს ეკლესია და უფალი. მათთვის კეისარი - ამქვეყნიური მმართველია უფალი და არა ქრისტე. ღმერთი თავის მცნებებში არ გვეუბნება, არ იშრომო, თავი არიდე ამქვეყნიურ მოვალეობებსა და მოთხოვნებსო, პირიქით, აუცილებელია ღვაწლი, შრომა, საქმე, ამის ნათელი დასტურია: "მიეცით კეისრისაი კეისარსა", მაგრამ მარტოოდენ ამით არ მთავრდება ეს წმინდა სიტყვები, ღვთაებრივი სწავლება, არამედ გვირგვინდება მთავარით: "და ღმერთისა ღმერთსა". ჩვენთვის საყურადღებო და მნიშვნელოვანი, უპირველესი საზრუნავი და აღმატებული მისია ეს სიტყვებია. როგორც არავინ გვიკრძალავს მივაწოდოთ ხორცს საკვები, ვასაზრდოოთ იგი, ასევე არავინ გვიშლის მიწიერი, ცხოვრებისეული წესებისა და მოვალეობების შესრულებას, მაგრამ აუცილებლად ღმერთთან ერთობაში, მასში და მის სადიდებლად. ამინ!
ბეჭდვა
1კ1