მშობლების თანამედროვე საცდური - არასწორი ეკლესიური აღზრდა
მშობლების თანამედროვე საცდური - არასწორი ეკლესიური აღზრდა
თუ გიყვართ შვილები, აუცილებლად უნდა დაუთმოთ მათ დრო
საბედნიეროდ, დღეისათვის ჩვენი ეკლესია-მონასტრები გავსებულია მრევლით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლესობა ახალგაზრდობაა, რაც მსოფლიოში, მათ შორის არა მარტო მართლმადიდებლურ ქვეყნებში, უჩვეულო მოვლენა გახლავთ. ამას თავისი მიზეზები აქვს, ოღონდ მათ ახლა არ შევეხებით. რაოდენობა ხარისხს არ ნიშნავს, ჩვენ შევეხებით სწორედ ხარისხის პრობლემებს მორწმუნეთა საზოგადოებაში, რისი მიღწევაც ბავშვობიდანვე უნდა ხდებოდეს, რათა ზრდასრულ ასაკში მივიღოთ ნამდვილი ქრისტიანი "ეკლესიური" სტერეოტიპებისა თუ ცრურწმენების გარეშე. მავანნი სწორედ ამაში ხედავენ ქრისტიანობას.

ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილები სრული სისავსით ეზიარონ ქრისტეს, მაგრამ, სამწუხაროდ, პრობლემა თვითონ მშობლებშია ხოლმე. მოვიყვანთ ჩვენი მრევლისთვის დამახასიათებელ ერთ მეტად საყურადღებო და ნიშანდობლივ მაგალითს: მიმდინარეობს საღმრთო ლიტურგია. მრევლი ლოცულობს (ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ასე ჩანს). სახარების კითხვის დროს იღება ტაძრის კარი და შემოდის მართლმადიდებელი დედა ორი ბავშვით. ერთი სამი წლის იქნება, მეორე, ჩვილი, ხელში უჭირავს. უფროსი დედასთან რამდენიმე წამს ჩერდება, შემდეგ იწყებს ხალხში სიარულს, ხმაურს. ჩვილი დედის ხელებში ჭირვეულობს, მერე იწყებს ტირილს. დედა ცდილობს დააწყნაროს და "ჩუ-ჩუ"-თი დაფაროს ბავშვის ხმა. მრევლის გონება განიბნევა. მლოცველები საშინელ დისკომფორტს განიცდიან. ვიღაც ბედავს და შენიშვნას აძლევს დედას, პასუხად ხედავს მორწმუნე დედის მოკუმულ ტუჩებს ან "მინიქადაგება" ესმის: "აკი ქრისტემ თქვა ბავშვებზე, არ შეუშალოთ ხელი ჩემთან მოსასვლელადო. თქვენ კი მე ბავშვებთან ერთად მაგდებთ ტაძრიდან!" ყველა იძაბება. ლიტურგია მათთვის აზრს კარგავს.

მეორე მაგალითიც ნათლად წარმოაჩენს ჩვენი მრევლის სულიერ მდგომარეობას: ბარძიმს გამოაბრძანებს მღვდელი, მასთან მიჰყავთ ბავშვი, რომელიც ტაძარში გაჰკივის, დედა, ბებია და სტიქაროსანი ცდილობენ, ბავშვს ხელ-ფეხი როგორმე ისე გადაუგრიხონ, რომ კოვზის პირში უსაფრთხოდ ჩადება შესაძლებელი იყოს, ამას დაუმატეთ მორწმუნე დედის და ბებიის გამხნევებები: "ჭამე, ჭამე, კაკაა, ფია, გემრიელია" და მივიღებთ "ჭეშმარიტი" მართლმადიდებელი მაზიარებლების სურათს. მღვდელიც საოცარი ტრიუკებით რამდენიმე ცდის შემდეგ ახერხებს ზიარებას. ბავშვიც, მიუხედავად მისი სულისშემძვრელი პროტესტისა, ნაზიარებია. დედას და ბებიას კმაყოფილების ღიმილი შეეპარებათ - ვაზიარეთ! ბავშვი კი აგრძელებს ყვირილს და ბორგვას...

უბედურება კი ის არის, რომ ამ ადამიანებს ამგვარი ქმედებანი ჰგონიათ ქრისტიანობა. ასეთ გაუცნობიერებლობაში გადის წლები. იზრდებიან შვილებიც და მშობლები რატომღაც ვეღარ ცნობენ მათ, თითქოსდა ვიღაცამ შეუცვალათო და ჩივიან, - რა კარგი ბავშვები იყვნენ პატარაობაში, ყოველ კვირას დადიოდნენ ეკლესიაში, ეზიარებოდნენ, ახლა კი ტაძრისკენ გახედვაც არ უნდათო!

ბავშვების ეკლესიურ აღზრდაში ორ ძირითად შეცდომას უშვებენ ხოლმე. პირველია ის, რომ შინაგან რელიგიურ განვითარებას ანაცვლებენ გარეგნულით; ყველაზე დამღუპველი კი ისაა, რომ ოჯახში რელიგიურ აღზრდას ავტომატურად ეკლესიას გადაულოცავენ ხოლმე.

ქრისტემ თქვა: "აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი" (მთ. 19,14). მაგრამ რას ნიშნავს მაცხოვრის ეს სიტყვები? ამ სიტყვების გაგება ნამდვილად არ შეიძლება იმ აზრით, რომ ბავშვებს არ შევუშალოთ ხელი ღვთისმსახურებაზე დასწრებაში. ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი ცდება, როცა ქრისტიანულ ცხოვრებას აიგივებს მხოლოდ ეკლესიურ ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიღებასთან. ასე იყო ძველ აღთქმაში; დედამიწაზე ერთადერთი ტაძარი არსებობდა და ძველაღთქმისეული ეკლესიის წევრების აუცილებელ რელიგიურ მოვალეობად ითვლებოდა ყოველწლიურად ტაძარში მიბრძანება. ახალმა აღთქმამ ხარისხობრივად სრულიად სხვა რამ გვამცნო: "რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალიმს თაყუანის-სცემდეთ მამასა... არამედ მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა" (ინ. 4,21-24). ერთიანი ეკლესიური ლოცვა, რა თქმა უნდა, სულიერ ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ცხოვრებას მთლიანად ვერ ფარავს, არამედ ერთ-ერთ აუცილებელ შემადგენელ ნაწილად გვევლინება, და არა ერთადერთად. ყველაზე მთავარი აღესრულება ადამიანის გულში - თაყვანისცემა ღმრთისა სულითა და ჭეშმარიტებითა, გარეგნული მხარე კი საშუალებაა ამის მისაღწევად. ამგვარია ქრისტიანულ ფასეულობათა იერარქია. თუკი ის გაუკუღმართდება, მაგალითად, ღვთისმსახურებაზე დასწრება გახდება თვითმიზანი და არა საშუალება, იარაღი განღმრთობისა და გადარჩენისა, მაშინ ჩვენი ხე სულიერ ნაყოფს ვერ მოისხამს.

ამგვარად, ტაძარში მოსიარულე ხალხიც კი ეკლესიაში მხოლოდ საკუთარი თავის გამო დადის, მათ არ იციან, ვინ დგას გვერდით და ლოცულობს, ეზიარებიან მხოლოდ ეგოისტური მიზნით, ერთიანი ქრისტეს სხეულის განცდა (რაც არის ეკლესია, მორწმუნეთა კრებული, რომელიც ქრისტეს სხეულია) ჩვენს სამრევლოებში ძალიან იშვიათია. და თვითონ ტაძარში ლოცვის პროცესს ხშირად იძულებითი ძალისხმევა ახლავს თან, რათა ჩვენი ლოცვა არ გაღარიბდეს: იძულებულნი არიან, "დაიცვან" თავი ლოცვის დროს მოსიარულე ხალხისგან, მოჩურჩულეთაგან, მოლაპარაკეთაგან, ტაძარში შემთხვევით შემოსული ხალხისგან, რომელთაც მაინცდამაინც ღვთისმსახურების დროს უნდათ რომელიმე ხატთან სანთლის დანთება, რაღაცის გამოთხოვა, თითქოსდა დისტანციაზე ხატზე გამოსახული წმინდანი მათ თხოვნას ვერ შეისმენდეს.

ასე რომ, არ შეიძლება ადამიანის სულის მთელი რელიგიური ცხოვრების დაყვანა "ეკლესიაში სიარულამდე". მით უფრო, ეს არ გამოდის ბავშვებთან. ბევრი მშობელი დარწმუნებულია, რომ მათი შვილები ღმერთს შეიმეცნებენ მხოლოდ ტაძარში. ბავშვის რელიგიური აღქმა არსებითად განსხვავდება ზრდასრულისაგან. შემთხვევით არ უთქვამს უფალს: "უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა" (მთ. 18,3). ეს მცნება, რა თქმა უნდა, დიდებს არ მოუწოდებს საკუთარი თავის "პრიმიტირებას". პავლე მოციქული ამბობს: "ნუ ყრმა იქმნებით გონებითა, არამედ ბოროტისთვის ყრმა იყვენით, ხოლო გონებითა სრულ იყვენით" (1 კორ. 14,20). ეს ნიშნავს, ვიყოთ ბავშვებივით ღმერთთან მიმართებაში. ბავშვებს ძალუძთ ცოცხალი ღმერთი უშუალოდ აღიქვან. მაგრამ ყველაზე უფრო კარგად ისინი შემოქმედს სიმშვიდისა და სიყვარულის ატმოსფეროში აღიქვამენ. ამგვარი ატმოსფერო უნდა სუფევდეს ოჯახში. მშობლებს ერთმანეთი და ბავშვები უნდა უყვარდეთ. ოჯახში სიმშვიდე უნდა იყოს, მშობლებმა ზუსტად ამით უნდა შექმნან პირობები, რათა ბავშვებს ღმერთის აღქმასა და სულიერ ცხოვრებაში ხელი არ შეუშალონ. ეს სულაც არ ხდება ღმერთზე საუბრებით (ღმერთი გიყურებს, წესიერად თუ არ მოიქცევი, დაგსჯის და ა.შ.), არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ცხოვრების მაგალითით. თუკი დედ-მამისთვის ქრისტე არა რაღაც გარეგნული, არა რაღაც კანონები და ტაძარში სიარულის ვალდებულებაა სულიერი აღზრდის პროცესში, არამედ ყველაზე ძვირფასია მათთვის, მაშინ ბავშვები უსიტყვოდ აღიქვამენ ქრისტეს მშვიდობის, სიკეთის და სიყვარულის წყაროდ, რომელიც ოჯახში სუფევს.

მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარი ოჯახები იშვიათობაა. სამაგიეროდ, ხშირია ხმაური, სკანდალები, მშობლების წვრილმანებზე კინკლაობა, ჩხუბი და მთავარი - შეუსაბამობა აღსარებული სარწმუნოებისა საკუთარ ცხოვრებასთან. ამასთან, ხშირად მშობლები თავიანთ ამგვარ მდგომარეობას აცნობიერებენ, მაგრამ არც ძალა ჰყოფნით, არც სურვილი, არც საკუთარი ოჯახური ცხოვრების ისე მოწყობის უნარი, რომ მის საფუძველში ღმერთის თაყვანისცემა, ქრისტიანული ზნეობრიობა იყოს, რათა კერა, ოჯახი ნამდვილ სახლის ეკლესიად გადაიქცეს. ამის მიზეზი უთუოდ სულიერი ცხოვრების გარეგნულ-ფორმალური, ავტორიტარული, სქემატური აღქმაა. ასეთ პირობებში ლოგიკურია სურვილი - რელიგიური აღზრდა ეკლესიას გადავაბაროთ. და რახან იგი ფორმალურად და ავტომატურად შეიმეცნება, თითქმის მაგიურადაც კი, მაშინ ეკლესიურობაც ხდება მხოლოდ გარეგნული: ღვთისმსახურებაზე დასწრება (სანამ მოსწყინდებათ), საკვირაო სკოლები და ა.შ. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ყველაფერ ამის მნიშვნელობის უარყოფას, უბრალოდ, ყველაფერი უნდა იყოს თავის ადგილზე. რელიგიური აღზრდა უნდა დაიწყოს იქიდან, რომ ოჯახი ცდილობდეს, ღმერთი რაღაც დოქტრინა კი არ იყოს, რომლის მსახურებას დრო, დასვენება და ძალები მიაქვს, არამედ ცოცხალი ღმერთი, რომელიც ოჯახის ცხოვრების ცენტრალური მომენტია. ეს კი გარეგნული ეკლესიურობით არ მიიღწევა, ეს არის ოჯახის მიზანმიმართული და გააზრებული ზნეობრივი შრომა, რომელიც ორიენტირებულია არა გარეგნული წესების შესრულებაზე, არამედ შინ პატარა ეკლესიის შექმნაზე.

აუცილებელია გავითვალისწინოთ ბავშვების ფსიქოლოგიური თავისებურებანი. უმეტესობა თანამედროვე მართლმადიდებელი მშობლებისა ზრდასრულ ასაკში გაეკლესიურდა, წიგნების კითხვით, ტაძრების და მონასტრების მონახულებით, ცხოვრების "დიდურად" გააზრების შედეგად. ჩვენ არ გაგვაჩნია საკუთარი ეკლესიური ბავშვობის გამოცდილება, ამიტომ შვილების გაეკლესიურებას ვცდილობთ ისე, თითქოს ისინი დიდები იყვნენ. მაგრამ ეს შეცდომაა, რადგან ბავშვები სხვანაირად აღიქვამენ სამყაროს. მათი სტიქია - მოძრაობა, თამაში და სამყაროს უშუალო აღქმაა. მათ შორის სულიერი სამყაროსი. ბავშვებს უჭირთ დიდი ხნით კონცენტრაცია, რამდენიმე საათი ერთ ადგილზე დგომა. ამიტომ ტაძრის ღვთისმსახურებასთან მათ სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ, 5-10 წუთით თუ გაჩერდებიან ეკლესიაში ტაძრის სილამაზით და ღვთისმსახურებით მოხიბლულნი, მერე იწყებენ გართობას. ბევრ ზრდასრულს არ ესმის, თუ რა ხდება ეკლესიაში, ბავშვებს - მით უფრო, მათ ღვთისმსახურების ინტელექტუალურად შემეცნება არ ძალუძთ, ხოლო უშუალოდ აღქმისთვის ბავშვებისთვის ცოტა დროც საკმარისია. ეს ეხება შინ ლოცვასაც. ბევრი მშობელი შვილებს ლოცვების დაზეპირებას სთხოვს. ისინიც დგანან და ბუტბუტებენ ლოცვებს, ხოლო დედები კი უსწორებენ, თუკი შეეშლებათ რომელიმე სიტყვა. სინამდვილეში ბავშვებს უყვართ ლოცვა, ოღონდ მათ ბუნებრივ და წრფელ სურვილს ღმერთთან უშუალო ურთიერთობისა სულ რამდენიმე, ერთი-ორი წუთი თუ სჭირდება. სხვაგვარად მექანიკურ და შესაბამისად მოსაბეზრებელ და შემდგომში უკურეაქციის მქონე შედეგს მივიღებთ.

როგორ მივაჩვიოთ ბავშვები სწორ ეკლესიურ ცხოვრებას? ჯერ ერთი, ბავშვები უნდა დარჩნენ ბავშვებად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავაქციოთ ისინი პატარა ბერებად და მონაზვნებად. ირბინონ, თანატოლებთან ითამაშონ, იხმაურონ, იჩხუბონ (ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ეკლესიაში), ისწავლონ, შეიცნონ სამყარო და ა.შ. საჭიროა, ბავშვებს განვუსაზღვროთ საზომი გარეგნული ეკლესიურობისა - იმაზე ნაკლები, ვიდრე შეუძლიათ, რადგან ეკლესიაში წასვლა მათთვის დღესასწაულად უნდა იქცეს, ჯილდოდ და არა სავალდებულო რიტუალად. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ეკლესიურ ცხოვრებაში მთელი ოჯახი მონაწილეობს, მაგალითად, თუ ბავშვის ზიარება მოგვინდება, დედ-მამაც ემზადება საზიარებლად და მთელი ოჯახი ეზიარება და არა ისე, როცა ბავშვის საზიარებლად წაყვანა პოლიკლინიკაში ვიზიტების ან აბების მიღების მსგავს რეგულარულ პროცედურებს ემსგავსება, თანაც, მშობლების პირადი დამოკიდებულება ევქარისტიასთან (ზიარებასთან) და ეკლესიის სხვა საიდუმლოებებთან გულგრილია.

ბავშვების ჰარმონიული განვითარებისთვის ასევე აუცილებელია კულტურული აღზრდა და სოციალური ადაპტაცია. სამწუხაროდ, არსებობს ფსევდოსულიერი მოსაზრება იმაზე, რომ ბავშვები მხოლოდ ეკლესიურად უნდა აღიზარდონ, რათა დავიცვათ ისინი სამყაროს განმხრწნელი ზეგავლენისაგან. ამ მოსაზრებით, საერო კულტურა ზედმეტად და დამაზიანებლადაც კი ითვლება, რადგან ვითომდა ეკლესიურობისა და ლოცვისაგან გვწყვეტს. საზოგადოების ცივილიზებული განვითარების მიღწევები თითქმის სატანიზმად ცხადდება, რომელიც ანტიქრისტეს მოსვლას ამზადებს და ა.შ. აქედან გამომდინარე, ზოგიერთნი ბავშვებს უკრძალავენ არაეკლესიურ თანატოლებთან ურთიერთობას ("გახრწნიან"), არ უშვებენ კომპიუტერთან, ტელევიზორთანაც ("დააზომბირებს") და სხვა. ხოლო შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბავშვები იზრდებიან და ამ ცხოვრებაში თავს ვერ პოულობენ, რადგან, რაც არ უნდა ეცადო, ამ ქვეყანას ვერსად გაექცევი. ნაცრისფერნი, გაუნათლებელნი, კულტურულად და ინტელექტუალურად განუვითარებელნი ვერ პოულობენ ადგილს სოციუმში, რის გამოც იბოღმებიან და ხანდახან თავის მარგინალურ მდგომარეობას ეკლესიას აბრალებენ, რომელიც ამგვარად სრულებითაც არ ასწავლის. პავლე მოციქული გვეუბნება: "ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ" (1 თეს. 5,21). ჩვენი დიდი მამაც, წმინდა გრიგოლ ხანძთელიც ამგვარად იქცეოდა - ყველაფერს სწავლობდა, ხოლო ჯერკვალს (ანუ უსარგებლოს, ცუდს თუ დამაზიანებელს) განაგდებდა. "ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები" (I კორ. 6,12).

ამა ქვეყნის გამრყვნელი ზემოქმედებისგან გაქცევა შეუძლებელია. მას მხოლოდ უნდა წინააღუდგე და შეეწინააღმდეგო. წინააღმდეგობა კი უნდა განხორციელდეს არა მარტო სულიერ დონეზე, არამედ კულტურულ და სოციალურ დონეზეც. ამისთვის კი საჭიროა ბავშვები შესაბამისი "იარაღით" აღვჭურვოთ: განვუვითაროთ მათ მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნება, შევაყვაროთ კლასიკური ხელოვნება - მუსიკა, ლიტერატურა, აღმოვაჩინოთ და ხელი შევუწყოთ ბავშვის შემოქმედებითი ტალანტების განვითარებას, რათა როცა დღევანდელ ყოფაში დომინირებულ აგრესიულ ფსევდოკულტურას შეეჯახება, მას ჰქონდეს "იმუნიტეტი". ეკლესია თვითონაც განუყოფელია კულტურისგან. თუკი ადამიანი კულტურის გარეშეა აღზრდილი, იგი რიგიანად ვერც ღვთისმსახურებას გაიგებს, ვერც ეკლესიის ისტორიას, მწერლობას, ხელოვნებას. კულტურა ეკლესიის მტერი კი არ არის, არამედ მისი პირველი მოკავშირეა, ჩვენი იქნება თუ ევროპული. კულტურა თავისი არსით ქრისტიანული მოვლენაა და მშობლები ვალდებულნი არიან, ბავშვები აზიარონ ამ უდიდეს ცოდნის წყაროს.

მაგრამ კვლავაც ყველაფერი მიდის ოჯახთან. თუკი დედ-მამის მუსიკალური განვითარების ზღვარი რადიოსადგურების "რეიტინგულ" მუსიკას არ შორდება, თუკი ოჯახში მხოლოდ ყვითელ პრესას კითხულობენ, ხოლო კულტურული მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია ტოკ-შოუებით და ტელესერიალებით, ანდა ამის საპირისპიროდ, ოჯახში კითხულობენ, უსმენენ, უყურებენ მხოლოდ "მართლმადიდებლურს", მაშინ ბავშვებმა საიდან უნდა მიიღონ კულტურული აღზრდა? ეს ხომ სოციალურ ცხოვრებასაც ეხება. ბავშვები უნდა მოვამზადოთ ცხოვრებისთვის არაქრისტიანულ სამყაროში იმგვარად, რომ ისინი ამა ქვეყნის მარილნი იყვნენ (მთ. 5,13), ანუ ისინი უნდა გაიზარდონ და ჩამოყალიბდნენ პატიოსან, მამაც, აქტიურ ადამიანებად, რომლებიც ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, განათლებას, განვითარებულები არიან და შეუძლიათ არა მარტო ეკლესიურ, არამედ ცხოვრებისეულ ყველა გზაზე შეეწინააღმდეგონ ბოროტებას და ცოდვას და ადამიანთა წინაშე ამოწმებდნენ ქრისტეზე, "რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამასა თქუენსა ზეცათასა" (მთ. 5,16). ამასაც ოჯახში სწავლობენ, მაგრამ ამისთვის დედასაც და მამასაც უნდა ესმოდეთ ყველაფერი ეს და იყვნენ მაგალითი საკუთარი შვილებისთვის, რათა პატიოსნების, საღად აზროვნების აღზრდა და აქტიური ქრისტიანული ცხოვრების პოზიცია არ შემოიფარგლოს სამზარეულოში ამერიკის გინებით და მსოფლიოს მასონური ხლართების და შეთქმულების ძიებებით, რაშიც, სამწუხაროდ, ბევრი მართლმადიდებლობის ლამის არსსაც და მისიასაც კი ხედავს.

ამიტომ, თუ გიყვართ შვილები, აუცილებლად უნდა დაუთმოთ მათ დრო, მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის დრო დეფიციტია, ყველაფერში მაგალითი უნდა იყოთ შვილებისთვის. და, რა თქმა უნდა, აუცილებელია გავაცნობიეროთ პირადი პასუხისმგებლობა ჩვენს შვილებზე ეკლესიისა და ღმერთის წინაშე. როგორებიც ჩვენ ვართ - ისეთები არიან ჩვენი შვილებიც. მათი აღზრდა უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან, ოჯახიდან და არ უნდა ავკიდოთ ეს ტვირთი გარეგნულ ეკლესიურ ფორმებს, იმის იმედით, რომ მადლი "ავტომატურად" იმოქმედებს. ეკლესია მაგია არ არის, აქ არაფერი ავტომატურად არ ხდება. მადლის მოქმედება ყოველთვის შეესაბამება ადამიანის ზნეობრივ ძალისხმევას, განსაკუთრებით კი სულიერი აღზრდის საკითხში.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1