საქმით გაცოცხლებული სიტყვა
საქმით გაცოცხლებული სიტყვა
ნუ იქნებით საღვთო სიტყვის მხოლოდ მსმენელნი, არამედ იყავით აღმასრულებელნი მისი საქმით
ქრისტიანობა ჭეშმარიტი ცხოვრების, სიცოცხლის, მარადიულობის რელიგიაა, რამეთუ მასში არსებული თითოეული სიტყვა ცხონებაა, სიხარულია, უკვდავებაა. წმინდა წერილი - წმინდა ცხოვრების წიგნია, სიყვარულით ნასაზრდოები ზეციური წიგნი, რომელიც მხოლოდ მაშინ ცოცხლდება, შეიმეცნება მისი მკითხველისთვის, როდესაც "თავისი ცხოვრებით წაიკითხავს მას" (წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი). კეთილი საქმე ხორცშესხმაა სულიერი სიტყვისა, საღვთო მცნებისა, რამეთუ "უფალი თავის მცნებებშია დაფარული და მხოლოდ მათი აღსრულებითაა შესაძლებელი მისი ხილვა" (წმინდა მარკოზ განშორებული).

ყოველი ხილული უხილავზე მოწმობს, უხილავით კი ხილული შეიცნობა. რწმენა უხილავია, მაგრამ სათნო ცხოვრებით დამოწმებული ხილული ხდება და პირიქით, ჩვენ ვხედავთ ადამიანის წმინდა, მადლიან ღვაწლს და ამით მასში არსებულ უხილავს, სულის შინაგან სიდიადეს შევიცნობთ. "სარწმუნოების შინაგანი მხარე ორი ნაწილისგან შედგება: სარწმუნოების ცოდნა და ამ ცოდნის შესაფერისი საქმეები ანუ ჯანსაღი წარმოდგენებისა და წმინდა განცდების ერთიანობა. მკაცრად უნდა გავარჩიოთ ორი რამ: პირველი - უბრალო ცოდნა, რომ საჭიროა სულის ცხონება და მეორე - საქმით შედგომა ცხონებისა და საკუთარი თავის გარდაქმნის გზაზე" (წმინდა თეოფანე დაყუდებული).

უფალმა ადამიანი გონისმიერ, მოაზროვნე, თავისუფალი ნებელობის მქონე არსებად შექმნა, რომელსაც მეტყველების უნარი მიანიჭა. აზრი უნაყოფოა სიტყვის გარეშე და, შესაბამისად, არც გაუაზრებლად წარმოთქმულ სიტყვას აქვს ფასი. კეთილი გონება შობს სათნო სიტყვას და ასევე ღირსეული სიტყვაც აზრის სიდიადის დასტურია. რაც არის სიტყვა გონებისათვის, იგივეა სათნო საქმეები სარწმუნოებისათვის. როგორც ენით აღწერილი, გადმოცემული სილამაზე თავისი ზემოქმედებით განსხვავდება ნანახისაგან, ასევე სხვაობს ცოცხალი რწმენა - სიტყვიერისაგან.

გაუვალ, უღრან ტყეში მყოფს სამი აუცილებელი რამ ესაჭიროება განსაცდელისაგან თავის დასაღწევად: გზის ცოდნა, სინათლე და სიარული. ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებაც უღრანი ტყის მსგავსია, რომელშიც ათასგვარი ხილული თუ უხილავი მძვინვარე მხეცი ბინადრობს, რომლებიც სხვადასხვა მზაკვრობითა და ხერხებით გამუდმებით გვესხმიან თავს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მონიჭებული გვაქვს მათთან ბრძოლის უდიდესი შემართება, მათზე გამარჯვების საოცარი ძალა: გზა, რომელიც ვიცით - ქრისტე, ცხონება და ჭეშმარიტებაა, ნათელი რომელიც გვინათებს მას - სამების მადლი, მცნებები და მისი რჯულია, სიარული, ნაბიჯები კი მასზე ჩვენი ცხოვრებით მათი აღსრულება და შემეცნებაა. რაში გარგია იცოდე გზა, თუ მასზე არ ივლი ან რა სარგებლობა ექნება მხოლოდ სიარულს, თუკი არ უწყი, საით მიდიხარ? ადამიანი, რომელიც აღასრულებს სიკეთეს, მაგრამ არ სწამს ღმერთი, ქურდი და მპარავია, რადგან სათნოებანი, რომლებიც ღვთისაგან მიიღო, თავის საკუთრებად მიიჩნია, საკუთარ თავს მიაწერა, მიიტაცა უფლისაგან. რამეთუ დაივიწყა შეგონება ზეციური სიძისა: "თვინიერ ჩემსა არა რაი ძალგიც ყოფად არცა ერთი". ასევე მპარავია ისიც, რომელსაც სწამს ღმერთი, სიტყვიერად ადიდებს მას, მაგრამ საკუთარი ცხოვრების წესით ძალიან შორს არის შემოქმედისაგან, რამეთუ რწმენა, რომელიც მოყვასის კეთილდღეობისა და ღვთის სადიდებლად უნდა აღევლინა, "სიზარმაცისა და უმოქმედობის მიწაში შთაფლა". უგუნურია ისეთი მონა, რომელიც თავისი ბატონის სიმდიდრითა და ძალით დაიწყებდა ტრაბახს.

ტყუილი სხვა არაფერია, თუ არა საქმით დაუმოწმებელი სიტყვა, ასევე ცრუა ისეთი მორწმუნე, რომელსაც საქმით დამოწმებული ღვთის სიყვარული არ გააჩნია. რაში მდგომარეობდა ფარისეველთა მთავარი მზაკვრობა? რისთვის ამხელდა მათ მაცხოვარი ასე გამუდმებით? განა ისინი ლამაზი სიტყვებით არ მეტყველებდნენ და არ უყვარდათ ლოცვა ადამიანთა წინაშე და მათ დასანახად? მაგრამ მხოლოდ მოჩვენებითი, თვალის ამხვევი იყო მათი გარეგნული რწმენა და საქმენი, ამიტომაც დაემსგავსნენ ისინი ხმელ ხეებს, რომლებიც, თუმცა შესახედაობით ნედლს ჰგვანან, შინაგანი სიცარიელის გამო გამოფიტულნი, უნაყოფონი არიან და მხოლოდ დასაწვავად თუ გამოდგებიან. ფარისევლობა სხვა რა არის, თუ არა სარწმუნოების ნიღბით, საფარველით შემოსილი ურწმუნოება.

ძალიან ხანმოკლეა ჩვენი მიწიერი ცხოვრება, იგი სიკვდილისათვის მზადებაა, მასთან შეგებებაა, რადგან "ჰრქუა ღმერთმან ეზეკიელს წინასწარმეტყველსა, ვითარმედ: რომელსა ზედა ვპოო კაცი დღესა განსლვისა მისისასა ამიერ სოფლით, კეთილსა გინა ბოროტსა, მითცა განვიკითხო", ესე იგი როგორიც იქნება ჩვენი აღსასრული (კეთილი თუ ბოროტი), ისეთივე იქნება დასაწყისი ზეციური მარადიულობისა, როგორც ცხონებისა, ისე წარწყმედისა. ადამიანი, რომელსაც უფალი უყვარს, დღენიადაგ ცდილობს, თუ რით სათნო ეყოს მას, როგორ ასიამოვნოს თავის შემოქმედს, რადგან ისე არაფერს შეუძლია შეგვაგრძნობინოს ღვთის მცნებების სიდიადე და სიტკბოება, როგორც მათ აღსრულებასა და ქმედით გამოხატულებას. თაფლის გემოს მანამ ვერ გაიგებ, სანამ არ შეჭამ მას, ასევე, არც ღვთის მადლის სიტკბოება შეიგრძნობა უდიდესი მცდელობისა და მონდომების გარეშე. "თუ ერთიანდება სიტყვა და ცხოვრება (საქმე), მაშინ ისინი შეადგენენ სიბრძნისმოყვარეობის მთელ სილამაზეს" (წმინდა ისიდორე პელუზიელი).

უფლის სიტყვა სულიერი საზრდოა, ზეციური პურია, საუკუნო ცხოვრებაა. იმისათვის, რომ განვიღმრთოთ, აუცილებელია ვიკვებოთ, ვისაზრდოოთ მისით. კვება გულისხმობს საღვთო მცნებათა შესისხლხორცებას, აღსრულებას ჩვენი ცხოვრებით, მოღვაწეობით, მცდელობით. საღვთო სიტყვა ჩვენს სულში ანთებული ნათელია, ჩვენს ხელთ არსებული "ჩირაღდანია", რომელიც წუთისოფლის განსაცდელებსა და ცოდვისმიერ სიბნელეში უფლისაკენ მიმავალ გზას გვინათებს: "სანთელი არს ფერხთა ჩემთა შჯული და ნათელ ალაგთა ჩემთა" (ფს. 118,105). წმინდა წერილი ზეციური წიგნია, სულიერი შიმშილის მოკვდინების წიგნი, რომელშიც მრავალი სულისთვის სასარგებლო საკვებია მოცემული. მაგრამ მასში მხოლოდ ჩახედვა და კითხვა ვერ მოგვიტანს სარგებელს, არამედ მთელი ჩვენი ცხოვრებით, შემართებითა და მოთმინებით უნდა შევუდგეთ "ღვთაებრივი ტრაპეზის მომზადებას", რათა მისით დანაყრებულნი უფალთან ერთად ვხარობდეთ სასუფეველში.

წმინდა იაკობ მოციქული გვმოძღვრავს და შეგვაგონებს: ნუ იქნებით საღვთო სიტყვის მხოლოდ მსმენელნი, არამედ იყავით აღმასრულებელნი მისი საქმით, შეასხით მას ხორცი თქვენი ცხოვრებით, რამეთუ კეთილი სიტყვის მხოლოდ მსმენელი და არშემსრულებელი მისი იმ კაცის მსგავსია, "რომელმან განიცადის პირი ქმნულებისა თვისისა სარკითა, რამეთუ განიცადა თავი თვისი და წარვიდა და მეყსეულად დაავიწყდა, რაბამ რაი იყო" (იაკ. ეპ. 1,23-24). წყალი, რომელიც გაუდინებლად ერთ ადგილზე გუბდება, ჭაობად გადაიქცევა, ადამიანი, რომელსაც ქმედითი რწმენა არ გააჩნია, სულიერ ჭაობად იქცევა.

ჭეშმარიტება ჯვარცმულ სიტყვაშია, კაცთა მოდგმის ხსნისათვის, მის გადასარჩენად ჯვარზე მილურმულ მარადიულ სიტყვაში - იესო ქრისტეში. სიტყვისა და საქმის ერთობა ჯვარია და მასშია დაფარული საიდუმლო ხსნისა, ჩვენი ცოდვისაგან გამოსყიდვისა, განახლებისა. ჯვრის ორი ძელის მსგავსად, ისინიც მარადიულად კვეთენ ერთმანეთს, რამეთუ ვერტიკალური, ქვევიდან ზევით მიმართული - საუკუნო მამის ზეცად აღმავალი სიტყვაა, ჰორიზონტალური კი - მისი განშტოება, ქვეყანაზე მოფენა და ქმედითი გაცოცხლებაა. სწორედ ამ ორი სათნოების ერთობა აკურთხა და შეამტკიცა მაცხოვარმა თავისი წმინდა სისხლითა და ხორცით, შეკრა და დაბეჭდა საკუთარი ტანჯვით, რათა მთელი კაცობრიობისთვის მაგალითი მიეცა ცოცხალი სიტყვისა, საქმით მეტყველი სიმართლისა, რომ ვინც თავის სხეულს, სულს, ცხოვრების წესს ამ ორი ჯვრის ფორმის სათნოების აღსრულებას არ მიუტანს მსხვერპლად, ის ვერასოდეს ცხონდება. უფალმა ინებოს, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება, ღვაწლი ნათელი დასტური იყოს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებისა: მე ჯვარცმულ ვარ ქრისტესთვის და ქრისტე - ჩემთვის. ამინ!
ბეჭდვა
1კ1