წერილები ერთგულებისა და სიყვარულის დასტური
წერილები ერთგულებისა და სიყვარულის დასტური
ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილი (1882-1931) ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა გუამიშვილის ნათესავი და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) მეუღლე გახლდათ. ნინო და ექვთიმე 1895 წელს დაქორწინდნენ. ნინო სიკვდილამდე ედგა მხარში ექვთიმეს, ხელს უწყობდა სამეცნიერო მუშაობაში. ექვთიმე თაყაიშვილს საფრანგეთში გაზიდული ეროვნული განძეულობის დაცვა ალბათ ძალიან გაუჭირდებოდა, ნინო რომ არ ჰყოლოდა გვერდით.

ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ ნინო თავის მეუღლეს სწერდა:

"შენი წერილი ჯერ კიდევ თბილისში მივიღე... ძალიან მოწყენილი ვარ და საერთოდ რაღაც გაურკვეველი განწყობილება დამეუფლა.

როგორ მიმდინარეობს თქვენი გათხრები? და სადა ხართ ახლა?

ო, შემდგომში თან გაგყვები გათხრებზეც და ყველგან.

ჩემთვის ბევრად უფრო მავნებელია მოწყენილი ვიყო და ასე ცუდად ვგრძნობდე თავს, ვიდრე რაღაც ნაკლებობა და უხერხულობა გადავიტანო.

თუმცა, თუ უფრო ხშირად მომწერ, დავმშვიდდები.

ჩემზე სხვა არაფერი შემიძლია მოგწერო იმის გარდა, რომ მიყვარხარ, გელოდები და ვოცნებობ იმაზე, როდის ვიქნებით ისევ ერთად...
შენი ნინო
14 ივლისი, 1896წ."

***
სრულიად ახალგაზრდები იყვნენ გალაკტიონ ტაბიძე და ოლია ოკუჯავა, როცა ერთმანეთი გაიცნეს და ვიდრე დაქორწინდებოდნენ, მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუხდათ. არც შემდეგ არგუნა მათ განგებამ ტკბილი ცხოვრება. ოლია ორჯერ გადაასახლეს პოლიტიკური მოსაზრებით: პირველად - 1929-1932 წლებში შუა აზიაში, ხოლო მეორედ - 1937 წელს. ამჯერად უკან აღარ დაბრუნებულა, გადასახლებაში დაასრულა სიცოცხლე - 1941 წლის 11 სექტემბერს დახვრიტეს ორიოლიდან 10კმ-ის დაშორებით, მედვედევის ტყეში. ამ ფაქტმა სულიერად გატეხა გალაკტიონი.

KARIBCHEსაარაკო იყო მათი სიყვარული. ოლია უაღრესად განათლებული, პოეტური ქალი გახლდათ, რომელმაც შესანიშნავად იცოდა გალაკტიონის ფასი, როგორც პოეტისა და პიროვნებისა.

ეს ოლიას უკანასკნელი წერილია:

"ჩემო ძვირფასო, ჩემო უგონო სიყვარულო!

აი, მიიღე ჩემგან ეს მინდვრის ყვავილები. ისინი ნორჩებია და უტყვი, მაგრამ მაინც თავდავიწყებით მოისწრაფვიან შენსკენ.

ჩემო ძვირფასო, ყოველდღიურად გადავცემ შენს მოკითხვებს ჰაერის ტალღებს. გესმის?

ხო, მე არ ვიღებ შენს წერილებს. ო, მე მიყვარს დუმილი, მაგრამ რარიგ ძნელია მთელი სიცოცხლე ესაუბრო დუმილს. არ გსაყვედურობ. არ არის საჭირო. მაინც მოგწერ და მოგწერ ბარათებს, სანამ ცხოვრების ქარიშხალი სამუდამოდ არ დამიხუჭავს თვალებს.

ო, დღევანდელი დილა იყო ვარდისფერი, ვარდისფერი. მზემ სისხამზე ვარდებით მოფინა თოვლი, თოვლიც ვარდისფერი იყო. ასეთი დიდებული ვარდისფერი ჯერ არ მინახავს არც ბუნებაში, არც ხელოვნებაში.

ამ ვარდისფერ ტონებში გაბრწყინდა, აკიაფდა ვარდისფერი ფიქრები. მომაგონდა შენი "იისფერი თოვლი". ოი, როგორ ფეიერვერკებად ტრიალებენ, ეხვევიან ერთურთს ოცნებათა ვარდისფერი და იისფერი ტონები. და როგორ ეწვიოს მათ ადამიანის სულის სწრაფვა, ადამიანის ფიქრი, გრძნობა იმისა, დიადი და მიუწვდომელი რომ აქციოს მისაწვდომი, ხელშესახები, რათა დამკვიდრდეს მთელ ქვეყანაზე ბედნიერება, რამეთუ ადამიანი იმსახურებს ამას!

ჩემო ძვირფასო, ძვირფასო გალკ!

ირგვლივ ყინულის ლოლუები ბრჭყვიალებენ და ალმასებად იცრემლებიან. მაშ, ახლოა გაზაფხული!

გაზეთში წავიკითხე, რომ მანდ, შენთან, საქართველოში, თბილა. 20-25 გრადუსია სითბო. თესვა დაიწყო, აყვავდა ნუში და ა.შ.

დამიკოცნე მაგ გაზაფხულის ფერადოვანი შემობიჯება!

ჩემო ძვირფასო! ტიტანური ძალით მინდა, რომ მოგეხვიო. ეხ, შეგხვდები კი ოდესმე?! მაგრამ შორს ეს ფიქრები - ეს დემონი ჩემი სულისა!

ძვირფასო ჩემო, ნაღვლობენ, დარდობენ, ხელობენ ოცნებანი შენზე.

შინ ყოფნა მინდა, მორჩა და გათავდა!!!

თითქოს დავკარგე ყველაფრის იმედი.

ძვირფასო გალკ, გული მეწურება, გული მძვინვარებს - უნდა შეიტყოს შენი ჯანმრთელობის, შენი ცხოვრების ამბავი, გკოცნით, გკოცნით შენ და შენს ქმნილებებს.

ვიგონებ რიონს, რომლის ნაპირზეც არაერთხელ გვისაუბრია მდინარის ნაზ ჩურჩულში, რომელიც ერთვოდა მთვარის სხივების ციმციმს, ტალღებს...

ძვირფასო, უკვე მიჭირს წერილის მოწერა. რა ვქნა? ძალიან მიჭირს, მშვიდობით!
შენი ოლია
მას შენ გაგიჟებით უყვარხარ!
1 მარტი, 1941"

***
ილია ჭავჭავაძემ 1863 წლის იანვარში გაიცნო თავად თადეოზ გურამიშვილის ასული ოლღა. მათ 1863 წლის 10 აპრილს დაიწერეს ჯვარი. ილიას წერილები სატრფოსადმი, შემდეგ კი უკვე მეუღლისადმი, მოწმობს, თუ როგორ უყვარდა იგი და როგორ ესმოდა სიყვარული, ოჯახი.

KARIBCHE"ჩემო გვრიტო ოლიკოჯან!

...გაიხსენე, ჩემო ანგელოზო, რას გწერდი ჩემს სიღარიბეზე, ჩემს უჩინობაზე და ა.შ. მე არც ისე ღარიბი ვარ, როგორც გწერდი. მე აღმომაჩნდება ჩვენი ცხოვრებისთვის სახსრები, ვიცხოვრებთ ისე, როგორც მრავალნი ცხოვრობენ. მაგრამ მე ვცილობდი, უფრო ღარიბად მეჩვენებინა თავი, ვიდრე ნამდვილად ვარ. იცი, რატომ? იმიტომ, რომ თუ ასეთი უბრალო რამ შეგაშინებდა, შეგეძლო, მაშინვე უარი გეთქვა ჩემთვის. მე ასეთი ცოლის ყოლას არ მოვინდომებდი. გარდა ამისა, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ შენ ადამიანს უყურებ არა როგორც ოქროებით გატენილ ზანდუკს ან ჯვრებითა და ვარსკვლავებით მორთულ აბრას, არამედ როგორც ღვთის მიერ შექმნილ არსებას, რომელშიც, უპირველეს ყოვლისა, მისი სული უნდა მზიანობდეს. დიახ, ოლიკოჯან, შენ ისე კარგი იყავი, რომ დამარწმუნე კიდეც იმაში, რაშიც აგრე მინდოდა დარწმუნება, ამით ისე მიმაჯაჭვე, რომ ვერავითარი ძალა ვეღარ დამაშორებს შენგან, რა თქმა უნდა, შენ თვითონვე თუ არ მოისურვე. და თუ მოისურვებ, გულწრფელად მითხარი, ნუ შემიბრალებ. პირველად ამეტყველდა ჩემი გული, მაგრამ დე, ეს მისი უკანასკნელი ღაღადისი იყოს. მე მას დავმარხავ, ჩემო მეგობარო, თუკი ჩემი ოლიკო მას სამარადისო ხსოვნას უსურვებს.

დანარჩენი შენ თვითონვე იცი, ჩემო ანგელოზო! მე მთლიანად ამ წერილში ვარ. გინდა დაიტოვე, რომ შემდგომში მამხილო, თუკი დაწერილ სიტყვას სიცოცხლეში ერთხელ მაინც ვუღალატებ.

მე შენი ვარ ყოველგვარ ფათერაკში, უბედურებაში, სიღატაკეში, მანამდე, სანამ შენ მე თავისად მიგულებ...
შენი სამუდამოდ ილიკო,
გაკოცებ მრავალჯერ!"

***
მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე ივანე მაჩაბელი (1854-1898) მეუღლეს - ანასტასია მაჩაბელს სწერდა:

KARIBCHE

KARIBCHE

"ტასოჯან. დღე ისე არ გავა, რომ რამდენჯერმე არ მომინდეს სტოლთან მიჯდომა და შენთან წერილის წერა. ისე მომწყურდება ხოლმე შენთან გამოლაპარაკება, თითქოს მეორე ოთახში იჯდე და კარების გაღების მეტი არა დამჭირდებოდეს რა, რომ ეგ მშვენიერი თვალები გადაგიკოცნო. პორტრეტები კი, ღვთის წყალობა გაქვს, ბევრი შემოვიმწკრივე გარშემო, რომ შენს მაგივრად შენს სურათს მაინც ვუალერსო ხოლმე. სამძიმოა შენგან შორს ყოფნა, მაგრამ იმედი არ მაკლია, მალე, ძალიან მალე გაივლის ეს დრო და მით უფრო დიდის სიამოვნებით გამოვექანები შენსკენ, რომ შენა და ელიჩკა გულში ჩაგიკრათ.
შენი ვანო"
ბეჭდვა
1კ1