იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობს, მდუმარებით დააცხრე და არა მრისხანებითა და ლანძღვით
იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობს, მდუმარებით დააცხრე და არა მრისხანებითა და ლანძღვით
მრისხანება საწამლავია სულისა
ბუდეში, რომელსაც ცეცხლი უკიდია, ფრინველი ვერ დაიბუდებს. ამაოა ნაყოფიერება ხისა, რომელიც იწვის. ადამიანისთვის, რომლის სულშიც მრისხანება ბობოქრობს, უცხოა საიდუმლო ქრისტიანული სულისა. მრისხანება საწამლავია სულისა, რომელიც ადამიანში ახშობს, აბნელებს მოვლენათა მართებულად აღქმის უნარს. გონებაში ჩაბუდებული მძვინვარე მხეცია, რომელიც მზად არის "შეჭამოს" ყველა, ვინც ამ ბოროტ ვნებას წინ აღუდგება. თუ ამ საშინელი ვნების მიერ სულის სიღრმეში შემოგდებულ მცირე ნაკვერჩხალს მყისვე არ ჩავაქრობთ ლოცვის ძალითა და მოთმინების წყლით, აუცილებლად ხანძრად გადაიქცევა, რომელიც ერთიანად მოაშთობს ჩვენში არსებულ თითოეულ საგანძურს, ფასეულობას სულისა. "მრისხანება სულის თრობაა, რამეთუ რაც არის ღვინო ხორცისათვის, იგივეა მრისხანება სულისთვის" (წმინდა ბასილი დიდი).

ისე არაფერი მტრობს ადამიანის გონებას, როგორც ეს სასტიკი ვნება, რამეთუ იგია ნაშობი ამპარტავნებისა, შურისა, მრუშობისა და მშობელთა სიძულვილისა, კვლისა, დაუნდობლობისა და ყოველგვარი ბოროტებისა: "იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობს, მდუმარებით დააცხრე და არა მრისხანებითა და ლანძღვით" (წმინდა ანტონი დიდი).

მართლმადიდებლობა მშვიდობის მქადაგებელი რელიგიაა, რომელიც წყაროს წყალივით კვებავს, არწყულებს ჩვენში არსებულ ყოველ სიკეთეს. სიმშვიდე სულიწმინდის საოცარი მადლია, მისი ტკბილი ნაყოფია, რომელიც ადამიანის სიკეთეში ზრდისა და სათნოებაში წინსვლის ნათლად წარმომჩენელია. მხოლოდ მშვიდ, ლმობიერ გულში დაივანებს ქრისტე თავისი დიდებით.

სიმშვიდე არ მოიპოვება უდიდესი მცდელობის, საკუთარ თავზე გამუდმებული დაკვირვების გარეშე. თავდაპირველად, აუცილებელია გამოიძიო მიზეზი, რომელიც შენში მძვინვარების წარმოქმნას უწყობს ხელს. შხამი გველის თავშია და არა მის სხეულში, ამიტომაც თავიდან იწყებენ მის დაჭერას და მოკვლას. მრისხანების დაძლევა მხოლოდ მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრითაა შესაძლებელი. "როგორც მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში სწრაფად ქრება ცეცხლი, ასევე მდუმარებით დაბეჭდულ სულში სწრაფად წყნარდება გულისწყრომა" ("სულიერი მდელო").

სენის, ავადმყოფობის საწინააღმდეგო წამალი რომ დაამზადო, ჯერ აუცილებელია საფუძვლიანად შეისწავლო თავად დაავადება, გამოავლინო მისი გამომწვევი მიზეზები და ამის შემდგომ აღმოფხვრა იგი შესაბამისი საშუალებებით. მრისხანების დასამარცხებლად უპირველესად უნდა ებრძოლო მიზეზს, საბაბს, რომლისგანაც ის გაჩნდა. მიზეზი ფესვია, მრისხანება კი ღერო, რომელიც ფესვისგან აღმოცენდა. რამდენჯერაც არ უნდა მოჭრა ღერო, იგი კვლავ ამოიზრდება, რამეთუ ფესვები კვლავ მიწაში რჩება და თუ მათ არ ამოძირკვავ, ამაო იქნება შენი შრომა. მიზეზი კი ყოველთვის ჩვენშია, ჩვენს შინაგანშია. ნუ დავაბრალებთ ჩვენს უძლურებას მხოლოდ გარემოებას, ახლობლებს, მტრებს, რადგან წუთისოფელი რომ მარადის გვმტრობს, გვეწინააღმდეგება, ბოროტებისკენ გვიბიძგებს, ეს არ არის გასაკვირი, მან ჩვენზე უწინ ჭეშმარიტი ღმერთკაცი, უფალი იესო ქრისტე მოიძულა. ვინც დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, მას არ უნდა აკვირვებდეს შემხვედრი ნაკადის ძალა. გადაბრალება - თავის მართლებაა, რომლისთვისაც უცხოა სინანული და შესაბამისად, ცხონება. ადამიანი შეიძლება აღშფოთდეს ამა თუ იმ მავნე საქციელის, უსამართლობისა და დასაგმობი მოქმედების გამო, უფრო მეტიც, აუცილებელიცაა გამოხატო შენი შინაგანი დამოკიდებულება, უკმაყოფილება აღსრულებული ბოროტების წინააღმდეგ, წინაც აღუდგე, თუ ეს შესაძლებელია შენთვის, მაგრამ ყოველივე აუცილებლად კეთილგონიერებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. აღშფოთება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთით ნასაზრდოები, გონიერებასთან შესისხლხორცებული სამართლიანი გულისწყრომა. ძალიან დიდი სხვაობაა მრისხანებასა და კეთილი განზრახვით შობილ აღშფოთებას შორის, რამეთუ პირველი უდაბნოქმნილი გონების ნაყოფია, მეორე კი ღვთივსათნო განზრახულების ნაშობი. აღშფოთებისას ადამიანი არ კარგავს სულიერ სიმშვიდეს, სულის შინაგან უძრავ სიმყარეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არ იქნებოდა ღვთის ნათლით გამდიდრებული, გაჯერებული, გონებით ნაკარნახევი, განსხვავებით მძვინვარებისაგან, რომელიც ჩაუქრობელი ცეცხლის მსგავსად ხან მეტად ალდება, ხან კი დროებით ცხრება მისით მოწყლული ცოდვილის სულში.

სულიერი სიმშვიდე გამუდმებული, დაუღალავი სულიერი წვრთნისა და შრომის შედეგია. იგი არ მოიპოვება უცაბედად, მოთმინებისა და თავგანწირული ღვაწლის გარეშე, რამეთუ ნაყოფია, ღვთისაგან ბოძებული ჯილდოა. "უფალმან ჩუენმან სისხლითა თვისითა მშვიდობა ყო ცათა შინა და ქუეყანასა ზედა" (კოლ. 1,20).

მხოლოდ უფლის მადლითა და ძალით, მისი უსაზღვრო მოწყალებით შეიძლება აღმოიფხვრას ჩვენში მრისხანების შხამიანი გესლი, მაგრამ აუცილებლად ჩვენი თავისუფალი ნების მასში უშუალო მონაწილეობით. მხოლოდ ღმერთთან ზიარებით, მასზე უშუალო მინდობით შევძლებთ, მოვიპოვოთ სულის უდიდესი ნეტარება - სიმშვიდე. ვინც მოუწყინებლად ითხოვს, მოთმინებით ეძებს მას, სწორედ ის გაიხარებს მისით, რამეთუ ნათქვამია: "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა". ამინ!
ბეჭდვა
1კ1