"თავისუფალი სექსი" - უფლის მცნებისგან თავისუფალი?!
"თავისუფალი სექსი" - უფლის მცნებისგან თავისუფალი?!
როცა სჯულმდებელი გვეუბნება: "არ იმრუშო" - არ შეიძლება, ეს "თავისუფალი სექსის" ცნებით შეცვალო
ჩვენს ეპოქას ხშირად გარდატეხის ხანას უწოდებენ. რას ნიშნავს ეს? ან რა არის საფუძვლების მსხვრევა? ჩვეული ყოფის მსხვრევა ხომ არა? წარმოვიდგინოთ, რომ ღერო გადატყდა, ყვავილმა თავი დახარა და მიწას დაჰყურებს. მას ყველაფერი ახლებურად ეჩვენება, აქეთ-იქიდან კი ჩასძახიან, აი, ახლა ყველაფერს სწორად ხედავო და არწმუნებენ, რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდება, რა არის ნამდვილი თავისუფლება.

სწორედ "თავისუფალი", მაგრამ ამობრუნებული სამყაროს, დღევანდელი მსოფლიოს აზროვნების ქვაკუთხედს წარმოადგენს გახუნება უფლის მცნებისა "არა იმრუშო", მისი თავისებური ინტერპრეტაცია თუ მივიწყება, თითქოს არც კი არსებობდეს. "ახალი" ცნობიერების მატარებელნი "ურყევ" არგუმენტს იშველიებენ: "რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ?! უკვე XXI საუკუნეა, სიბნელე, რომელსაც ქადაგებთ, შუა საუკუნეებში დარჩა, მაგ სისულელეებით ჩვენ ვეღარ მოგვატყუებთ"... "ცივილიზაცია განვითარდა და ჩვენც გვინდა, ყოველმხრივ თავისუფალნი ვიყოთ, ყოველგვარი შეზღუდვისა და ტაბუს გარეშე". მათ, ვინც ამგვარად აზროვნებს, გვინდა ვუთხრათ, რომ, ეპოქის მიუხედავად, უმეცარნი და, რაც მთავარია, ურწმუნონი დარჩენილან. ღმერთი მარადისობაა და არ შეიძლება, მის მცნებებს ყავლი გაუვიდეს, მოძველდეს, გაუფასურდეს ან შეიცვალოს და დროისა თუ ადამიანთა გემოვნების კვალდაკვალ განვითარდეს. უფლის მცნებები უფალივით მარადიულია და როცა სჯულმდებელი გვეუბნება: "არ იმრუშო" - არ შეიძლება, ეს, XXI საუკუნის მოთხოვნისამებრ, "თავისუფალი სექსის" ცნებით შევცვალოთ. ვიკითხოთ მაინც: რისგან თავისუფალი? რა თქმა უნდა, უფლის მცნებისგან.

ყოველივე ამასთან ერთად, ვიქცევით ისე, როგორც პირველი ადამიანი მოიქცა - როცა შესცოდა და უფლის მცნება დაარღვია, სინანულის მაგივრად ყოვლისმხედველ ღმერთს ბუჩქებში დაემალა. დღევანდელი ადამიანებიც ბუჩქებისკენ მიიწევენ, მაგრამ ადამი ვერ დაემალა ღმერთს. როგორ ფიქრობთ, ეს გონებადაბნეული და ღვთის უარმყოფელი ხალხი დაემალება ღვთის სამართლიან სამსჯავროს?

თუკი XXI საუკუნეში ცივილიზაციის კრიტერიუმად, როგორც "ახლებური" აზროვნების ადამიანები გვიქადაგებენ, სექსის თავისუფლების ხარისხი გვევლინება, მაშინ XXI საუკუნეზე გაცილებით "ცივილიზებულნი" ყოფილან 2000, 3000 წლის წინ მცხოვრები ხალხები (ბაბილონი, ძველი ეგვიპტე, ინდოეთი, ძველი საბერძნეთი, ძველი რომი და სხვა). მათ "ცივილიზებულ" ურთიერთობებამდე ჩვენ ახლოსაც ვერ მივალთ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო: ვისაც XXI საუკუნე სექსის აღმოჩენის ცივილიზაციად მიაჩნია, მან კაცობრიობის ისტორია არ იცის!

იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად სწორედ იმ დროს მოვიდა, როცა ადამიანები ყველაზე მეტად იყვნენ ჩაფლულნი გაუკუღმართების ჭაობში (პიკს აღწევდა სექსუალური აღვირახსნილობანი) და ხსნას მოელოდნენ. ხალხმა მიიღო ქრისტე და გარყვნილება უბიწოებამ შეცვალა. დღეს კაცობრიობა ნელ-ნელა უბრუნდება საწყის პოზიციას. დადგება დრო, როცა აღივსება ფიალა ღმერთის მოთმინებისა. დადგება დრო, როცა გარყვნილება უწინდელ პიკს მიაღწევს. სწორედ მაშინ მოვა მთელი თავისი დიდებით, უკვე მეორედ, იესო ქრისტე, ოღონდ, პირველი მოსვლისგან განსხვავებით, როცა მაცხოვარი ადამიანებს სინანულის გზით უფალთან შერიგებას უქადაგებდა, ამჯერად ის საბოლოოდ, ხალხის განსაკითხად, დასასჯელად მოვა.

ვიდრე ეს დროება დამდგარა, ვეცდებით წარმოგიჩინოთ ყველა დამღუპველი ტენდენცია და მისწრაფება თანამედროვე "სექს-განმანათლებლებისა", ასე მედგრად რომ იღვწიან მეორედ მოსვლის დასაჩქარებლად.

ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ გარყვნილების მოძალებისა და ბანალურობად გადაქცევას ჩვენი "კეთილისმყოფელნი" ბავშვობიდან იწყებენ. ბავშვების სექსუალური აღზრდისთვის შემუშავებულია უამრავი პროგრამა, დასახულია უამრავი პროექტი. ამ პროექტების მთავარი მოტივაციაა ე.წ. უსაფრთხო ქცევა, რაც "ახალ" ენაზე ამგვარად ითარგმნება: "შეგიძლია, გქონდეს იმდენი სექსი, რამდენსაც მოისურვებ; მთავარია, იგი უსაფრთხო იყოს" (ციტატა ბუკლეტიდან).

"უსაფრთხოების" ძირითადი საშუალება პრეზერვატივია. პროგრამა ტრეინინგებით და თამაშებით არის გაჯერებული. ბავშვების სქესობრივი განათლების მომხრენი აცხადებენ: "დღეს ჩვენ არ ძალგვიძს, ავუკრძალოთ მათ სექსუალური ურთიერთობა. ამის შესახებ ბავშვებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ და უნდა იცოდნენ, რომ სახელდობრ პრეზერვატივი იხსნით მათ". სექსუალური "ჰუმანიზმი" იქამდე "მივიდა", რომ სტოკჰოლმის ქუჩებში დაჰქრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა წარწერით "condom express". თუ უეცრად სექსუალურმა ლტოლვამ შემოგიტიათ, სადაც არ უნდა იყოთ, "რეზინის ნაწარმს" "სულ რაღაც 7 დოლარად" მოგართმევენ.

აქამდე გვეგონა, "სასწრაფო დახმარების" საქმე სიცოცხლის გადარჩენა იყო. ახალი დასავლური მოდა გვასწავლის: "სასწრაფო" არსებობს იმისთვის, რომ სიცოცხლე არ ჩაისახოს.

1997 წელს საზოგადოებამ უარყო "სქესობრივი განათლების" პროგრამა, რომლის მიხედვითაც ბავშვებს პირველი კლასებიდანვე უნდა შეესწავლათ "ნორმალური ოჯახის სახეობები": სხვადასხვა სქესის, ერთი სქესის... "თუ ამაზე არ ვილაპარაკეთ, ეს აკრძალულ ხილად იქცევა და მოზარდებს უფრო მეტად მიიზიდავს. ბავშვებმა უბედურება რომ არ დაიტეხონ თავს, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ეს ხილი აკრძალული არ იყოს", - აცხადებენ "სექს-განმანათლებლები". მაგრამ თუ ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის საიდუმლოს ფარდას ახდიან, საიდუმლოსადმი მოზარდის სწრაფვა არ გაქრება; ის მხოლოდ სხვა მხარეს გადაინაცვლებს. მაგალითად, მამაკაცებს შორის ანდა ქალებს შორის სქესობრივი ურთიერთობისკენ.

სქესობრივი განათლების თითქმის ყველა პროგრამა "სირცხვილის დაძლევის გაკვეთილებით" იწყება - სხვაგვარად ხომ ვერ მოსპობენ უბიწოებას...

უსირცხვილობა ღრმა ფსიქიკური პათოლოგიის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა. ბავშვების ფსიქიკის დარღვევაში "განმანათლებლებს" ხშირად მზრუნველი დედებიც ეხმარებიან, რომლებიც შვილებთან ერთად კითხულობენ "სქესობრივი ცხოვრების ენციკლოპედიას", ხოლო საპირისპირო სქესის ბავშვთან "ამის თაობაზე" საუბარი ფსიქოლოგიური ინცესტის ტოლფასია.

ერთმა გერმანელმა სტუდენტმა ასეთი რამ თქვა: "მშურს თქვენი ახალგაზრდების - თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ სიყვარულის საიდუმლო, მე კი, როდესაც გოგოს ვეხვევი, მახსენდება ათასგვარი გინეკოლოგია, რომელსაც დაწყებით კლასებში გვასწავლიდნენ... როგორ შეიძლება ორგანიზმის შეყვარება?"

ფსიქოლოგებისთვის ცნობილია "თეთრი კოჭლი მაიმუნის" ფენომენი. მისი არსი ასეთია: როდესაც ადამიანს დროის განსაზღვრულ მონაკვეთში რამდენიმეჯერ ეუბნებიან, რომ "ამის გაკეთება არ შეიძლება" - ეს ფრაზა ჩაიბეჭდება მის აზროვნებაში და განაპირობებს მის მოქმედებას. სექს-პროგრამებში სწორედ ამ ეფექტს იყენებენ. მაგალითად, ბავშვებს განუწყვეტლივ აფრთხილებენ, რომ ნაადრევი კავშირი სახიფათოა და... ისინიც თვინიერად ამყარებენ ამ კავშირს.

ფსიქიკის ქვედა სართულები გარდუვალი თავშეუკავებლობაა, სადაც სექსუალობა აგრესიასთან მეზობლობს. ახლანდელი ბავშვების ოთხმოცდაათამდე პროცენტი ისედაც გონების მინიმალური დისფუნქციით იბადება, რომელიც მომატებული აღზნებადობით ვლინდება, სექსუალურ განათლებას კი მოზარდები საპირისპირო სქესის მიმართ აგრესიულ ქცევამდე მიჰყავს.

სექს-საგანმანათლებლო პროგრამების არსი ასეთია:

* რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა - კონტრაცეფცია, სტერილიზაცია, აბორტი!

* რეპროდუქციული უფლებები - კონტრაცეპტივების გამოყენების უფლება. სტერილიზაციის, აბორტის უფლება!

* სქესობრივი აღზრდა - შვილების გაჩენაზე ფსიქოლოგიური უარის თქმა, აბორტების პროპაგანდა და სქესობრივი გადახრები;

* უსაფრთხო დედობა - კონტრაცეპტივების გამოყენება;

* რეპროდუქციული პასუხისმგებლობა - შობადობის შეზღუდვა ლოზუნგით "სჯობია ერთი, მაგრამ ჯანმრთელი და სასურველი".


ეს სხვა არაფერია, თუ არა აზროვნებით ბანალური მანიპულაცია: საყოველთაოდ ცნობილია, რომ სასურველი ბავშვი ყოველთვის არ არის ჯანმრთელი და პირიქით. ამ პროგრამების მიხედვით კი სასურველი, მაგრამ ავადმყოფი ბავშვი დედის საშოშივე უნდა ჩავკლათ. პროგრამის ფსიქოპათოლოგიიდან, შეულამაზებლად თუ ვიტყვით, გამომდინარეობს მისი მთავარი პოსტულატი: "ორსულობა ავადმყოფობაა, ხოლო აბორტი - წამალი".

სხვათა შორის, ბავშვების წარმატებით გახრწნის შემდეგ სამედიცინო პროფილაქტიკის ცენტრში მათ უფასოდ სთავაზობენ აბორტს.

სექს-განმანათლებლები გვარწმუნებენ, რომ მთელი დასავლეთი უკვე დიდი ხანია ასე ცხოვრობს.

მცირე უზუსტობა: კი არ "ცხოვრობს", არამედ "ცხოვრობდა". ამერიკის კონგრესმა ჯერ კიდევ 1996 წელს დააკანონა მრავალწლიანი პროგრამა "თავშეკავების შესწავლა". მაშინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა კონგრესისადმი მიმართვაში ოჯახი სიცოცხლის საფუძვლად გამოაცხადა და თავის უმთავრეს მოვალეობად და მიზნად "ხალხის ცხოვრების წესის" დაცვა დაასახელა. იმავე ამერიკაში არსებობს არაერთი ორგანიზაცია და კომიტეტი, რომლებიც ეწინააღმდეგება "ბავშვთა სექსის" იდეოლოგიას.

ადამიანთა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი დამოკიდებულების მოწყობისკენ, რომელმაც, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს პიროვნების თავისუფლება, მეორე მხრივ კი მას ზნეობრივი ნორმების დაცვაში დაეხმაროს. აზარტული თამაშები, ევთანაზია, ჰომოსექსუალობა არ შეიძლება მივიღოთ როგორც ნორმა და, რაც მთავარია, მოვიწონოთ. რა ხდება, როცა იღებენ კანონს, რომელიც ოფიციალურად რთავს ასე მოქცევის ნებას? თუ მანამდე ყველა ეს უმსგავსობა უმცირესობათა ხვედრი იყო, კანონი ასეთი ქცევის აულაგმავი საზოგადოებრივი პროპაგანდის საფუძვლად იქცევა.

ცოდვა მიმზიდველია. იგი სწრაფად წამლავს საზოგადოების ცნობიერებას. მით უმეტეს, როცა ამ პროპაგანდაში დიდი ფულია ჩადებული და გამოიყენება ადამიანთა აზროვნებაზე ზემოქმედების დახვეწილი ტექნოლოგიები. ავიღოთ, მაგალითად, რეზოლუცია ჰომოსექსუალიზმის თაობაზე, რომელიც ევროპარლამენტს მიუთითებს, სკოლებში შემოიღონ აღზრდა ჰომოსექსუალიზმის ჩვეულებრივი აღქმისთვის. უფრო მეტიც - დაწესებულია ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე. რა გამოდის? საზოგადოებას არა მარტო მოუწოდებენ პატივი სცენ უმცირესობებს, არამედ თავს ახვევენ ჰომოსექსუალიზმს როგორც ნორმას. საბოლოო ჯამში, ეს პროპაგანდა აცდუნებს მათ, ვისაც შეეძლო ამ მანკიერებასთან ებრძოლა და შეექმნა სრულყოფილი ოჯახი.

მსოფლიოში სოკოებივით მრავლდება სამორინეები. რასაკვირველია, იქ შესვლას არავინ არავის აძალებს, მაგრამ მათი რეკლამა იმდენად მომაბეზრებელია, ხოლო აზარტული თამაშებისადმი ვნება - იმდენად აღმგზნები, რომ ნამდვილი ოჯახური ტრაგედიების მოწმენი ვხდებით: ბევრი აგებს თავის მცირე ქონებას და ცოლ-შვილს ბედის ანაბარა ტოვებს. ინგრევა ოჯახები.

ასეთივე და უფრო უარესი იქნება შედეგები, თუკი "თავისუფალი სექსის" ინტენსიური რეკლამა უფრო და უფრო მასშტაბური გახდება.

***
დღეს ადამიანის უფლებებისა და ზნეობრიობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მასმედიას, რომელმაც უნდა წარმოაჩინოს თავისუფლების გამოყენების დადებითი მაგალითები. როგორ გამოიყენებს ადამიანი ზნეობრივად საკუთარ თავისუფლებას, თუკი ტელევიზია მას, როგორც წარმატებული ცხოვრების წესს, ძალადობას, გარყვნილებას, აზარტს და სხვა მანკიერებებს სთავაზობს? მასმედიის წარმომადგენლები თავს იმით იმართლებენ, რომ ამგვარ პროდუქციას მაყურებელი ითხოვს. არავინ დავობს - მანკიერება მართლაც იოლად იყიდება, რადგან ცოდვისკენ მიდრეკილი ადამიანი მას იოლად აღიქვამს. ამგვარ ქმედებას ოდითგანვე ცდუნება ერქვა. ისე რომ, ურიგო არ იქნება, თუ მედიის მუშაკები გაიხსენებენ მაცხოვრის სიტყვებს: "მრავალი ცდუნებაა ამქვეყნად, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც ის მოვა!"

მაგრამ თანამედროვე ადამიანს მხოლოდ მანკიერების "მოთხოვნილება" როდი აქვს; ის ეძებს ბედნიერებას, სიმშვიდეს, სიყვარულს და სხვა სათნოებებს. საოცარია, მაგრამ დღეს როგორც არასდროს დიდი მოთხოვნით სარგებლობენ ძველი ფილმები, რომლებიც ადამიანებს მშვიდ ცხოვრებას აგონებენ. მადლობა ღმერთს, რომ მათი ნახვის საშუალებას უკვე იძლევა (თუმცა ჯერ მხოლოდ თბილისის მასშტაბით) საპატრიარქოს ტელევიზიის საცდელი გადაცემები.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1