ნეტარია ის, ვინც ცხოვრება უფალს მიუძღვნა
ნეტარია ის, ვინც ცხოვრება უფალს მიუძღვნა
კეთილგონიერებისათვის
უფალს ნიჭი თითოეული ადამიანისათვის მიუცია, მაგრამ მრავალს იგი ღვთის სადიდებლად არ გამოუყენებია. ბრძენია ადამიანი, რომელიც დიდ სიბრძნეს ფლობს, მაგრამ უბრძნესია, ვინც იცის, როგორ გამოიყენოს ის. როგორც მატერიალური სიმდიდრე არ განაპირობებს სულიერს (არამედ მისი მართებული გამოყენება), ასევე არც გონების არსებობა ნიშნავს კეთილგონიერებას, რამეთუ მხოლოდ ღვთივსათნოდ მოხმარებული იქცევა ცხონების უმძლავრეს იარაღად. მრავალთათვის გონიერება ყოველგვარი უბედურების და ბიწიერების მახედ იქცა, რამეთუ ნიჭიერნი აღმოჩნდნენ არა სათნოებებში, არამედ სულის წარწყმედასა და ცხონების უარყოფაში.

კეთილგონიერება სიჯანსაღეა სულისა, მართლად მხედველი თვალია გონებისა, თავდაცვაა ხიბლისა და მაჩვენებლობისაგან, სწორი შეცნობაა საკუთარი თავისა და წონასწორობაა რწმენისა. შეუფასებელი საგანძურია, რომლის მფლობელიც "არასადა დავარდების" და რომც დაეცეს, მაინც აღდგება, რამეთუ თვით ამ დაცემაშიც სარგებელს, სულის სიმდაბლეს პოვებს. გონების სინათლეა, რომელსაც შეუძლია ცოდვაც მადლის საწინდრად აქციოს, როგორც სულის კურნებისთვის მიღებული "მწარე წამალი". ცხონების დასაწყისი და საუფლო გზაა იგი, განსაცდელსა და სასჯელშიც უფლის სიყვარულის ჭვრეტაა, ყოველი საქმის ღვთივსათნოდ წარმართვაა, ზომიერებაა სათნოებებში და შემამეცნებელია ქრისტიანობის სულისა. თუკი უთვალოდ შეუძლებელია ხედვა, კეთილგონიერების გარეშე სულიერი წინსვლა არ ეგების.

ჩვენს ყოფიერებაში ძალზე ხშირია არაჯანსაღი, დაზიანებული სულიერება, ფანატიკური დამოკიდებულება რწმენისადმი. ყოველივე ეს ამ უდიდესი სათნოების ნაკლებობის ბრალია, რამეთუ გონიერების მიღმა დარჩენილი სათნოება ეშმაკის მახეა, მის მიერ დაგებული ხაფანგია, რადგან მნიშვნელობა არა აქვს, რით წარწყმდები - აშკარა ცოდვით თუ უგულისყურო, გაუაზრებლად აღსრულებული სიკეთით.

უგუნურია ადამიანი, რომელიც ისვრის და შემდეგ იყურება მიზნისკენ, ასევე უგუნურია ისიც, რომელიც არ ჭვრეტს "ერთადერთ ჭეშმარიტ სამიზნეს" - უფალს და მხოლოდ სათნოებებზე მინდობით ცდილობს ცხონებას. წინდაუხედავი სათნოებებშიც ეცემა, რამეთუ გაკერპებულს ხშირად ავიწყდება, რისთვის სჭირდება ისინი. მხოლოდ გონიერი სული და გონივრულად მოხმარებული მადლი იქცევა რწმენის "ლოდად", რომელზეც მრავალი ბოროტება დაიმსხვრევა და მრავალ უსჯულოებას გასრესს.

ყოველი სიკეთის წყარო თავად ღმერთია და ნეტარია ის, ვინც ცხოვრება უფალს მიუძღვნა, ამ სიკეთისაკენ მიმართა, მასზე დააშენა ღვთისაგან ბოძებული თითოეული ნიჭი, ჭეშმარიტად მდიდარია იგი, რამეთუ მარადის ღვთისას განიზრახავს, მარადის მის სათნოყოფასა და დიდებას ესწრაფვის. ვინც გონება გონიერებით მოიხმარა, იგია ჭეშმარიტი ქრისტიანი, რამეთუ ნიჭი და ცოდნა უმადლოდ ეშმაკის სიბრძნეა.

უბრალოება სიმდიდრეა სულისა, გონიერება კი - სინათლე, რომელიც ცხოვრების გზაზე ბნელ ლაბირინთებს გვინათებს. ოქრო-ვერცხლისა და ძვირფასი ქვების ბრწყინვალების იმედით არავინ შევა ბნელ გვირაბში, არამედ სანთელსა და ჩირაღდანს წაიმძღვარებს, ასევე ადამიანს არა მიწიერი სიმდიდრენი უნათებენ საუფლო გზას, არამედ ჭეშმარიტი სარწმუნოება და ნათელი გონება, რომლებიც გაცილებით ძვირფასია და მეტად ბრწყინავს, ვიდრე ერთად აღებული ამქვეყნიური სიმდიდრე. ძვირფასი მოელვარე ბრილიანტი ბნელში ბრწყინვალებას კარგავს, სანთელი კი უბრალოა და ყოველთვის ერთნაირად იწვის, მაგრამ სიბნელეში კიდევ მეტად საცნაური ხდება ძალა მისი ნათებისა. ადამიანის გონება მსგავსი უნდა იყოს სანთლისა, რათა მასავით უბრალო და მოუკლებელი ნათლით "შემოსილი" აცისკროვნებდეს სულში არსებულ ცოდვისმიერ სიბნელეებს.

გონიერება ფილტრია სულისა, რომელიც მხოლოდ განწმედილი "საკვებით" ასაზრდოებს გულს. რაც არის გაუაზრებლად წარმოთქმული სიტყვა, იგივეა გონიერების გარეშე აღსრულებული სიკეთე. ქრისტიანი გამუდმებით უნდა აკვირდებოდეს საკუთარ თავს, უნდა იცოდეს მის სულში არსებული თითოეული ნაპრალი, სად უფრო ღრმაა ცოდვით მიყენებული ჭირილობა და რომელი სათნოებით უმკურნალოს მას. კეთილგონიერი კაცი ერთგული დარაჯია სულისა, რომელიც ყველანაირად ცდილობს, იფხიზლოს და არ შემოუშვას "უცხო სტუმარი", მტერი ყოველგვარი სიწმინდისა, და თუ მაინც შემოეპარა იგი, მყისვე აქვს უმძლავრესი იარაღი - "თხევადი ცეცხლი", ცრემლი სინანულისა, რომელიც დაწვავს და აღხოცავს მასში ყოველგვარ სიბილწეს. ნეტარია ადამიანი, რომელმაც მოიპოვა ეს სათნოება, მაგრამ სამგზის ნეტარია, რომელმაც შეინარჩუნა იგი, რამეთუ ბნელშიც ნათელს და მიწაზეც სასუფეველს ჭვრეტს მისით განმდიდრებული.

უფალმა მიმადლოს ყველას ნიჭი ამ უდიდესი სათნოებისა, რომლის მადლით აღვსებულთ თამამად წარმოეთქვათ სულიერი მგოსნის დავით მეფსალმუნის უკვდავი სიტყვები: "სანთელ არს ფერხთა ჩემთა სჯული შენი და ნათელ - ალაგთა ჩემთა". ამინ!
ბეჭდვა
1კ1