მივაგოთ ღმერთს ღმრთისა
მივაგოთ ღმერთს ღმრთისა
თითქოსდა რა მარტივია იყო ბედნიერი!
თუკი ადამიანის ცხოვრება ღვთის რწმენით და ღვთისმოშიშებით, მცნებათა დაცვით, მორჩილებით და კეთილი საქმეებით არის წარმართული, მაშინ ღვთის ქმნილება, სამყაროს გვირგვინი - ადამიანი აღმოაჩენს, რომ მას ამაოდ არ უცხოვრია, ის ბედნიერია ამქვეყნადაც და იმედი აქვს, ბედნიერება სრული სისავსით იმ ქვეყანაზეც მოიპოვოს.

თითქოსდა რა იოლია იყო ბედნიერი! დღესაც დავობენ, რა არის ბედნიერება, როგორ მოიპოვება და სად ქრება, ან არსებობს თუ არა საერთოდ, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი: ბედნიერება არ იზომება, არ იწონება, ხელს ვერ შეახებ და, საერთოდ, არამატერიალური ფენომენია ადამიანთა ემოციურ სამყაროში. იგი სულიერი წარმომავლობისაა და დღეისათვის უკვე ბანალური ფრაზა "ბედნიერება სიმდიდრეში არ არის" უამრავი მაგალითით შეიძლება ვირწმუნოთ.

თუკი ბედნიერება უპირველეს ყოვლისა სულიერი განცდაა, შეიძლება ვიკითხოთ - დაკავშირებულია თუ არა ჩვენი სულიერი მდგომარეობა გარეგნულ ბედნიერებასთან? რა თქმა უნდა, ასეა, იმიტომ რომ ყოველივე სულიერის საწყისი ღმერთია, მისგან მოედინება ყოველგვარი სიკეთე, მაგრამ ადამიანს თავადაც შეუძლია წვლილი შეიტანოს საკუთარი ბედნიერების მოპოვებასა და წარმართვაში. ღმერთს სურს, ადამიანი ბედნიერი იყოს. ადამიანსაც უნდა ეს, ოღონდ მხოლოდ სიტყვით, საქმე კი საპირისპიროზე მეტყველებს და ადამიანს ღმერთთან მებრძოლად, ურწმუნოდ, მცნებათა დამრღვევად, მკრეხელად, ზარმაცად წარმოაჩენს.

თუკი ადამიანი შეეცდება გაიაზროს, შეიმეცნოს და შეიყვარონ ცოცხალი ღმერთი, ერწმუნოს მას, მაშინ აქვს შანსი, იყოს ბედნიერი სრული სისავსით. ყოველივე ეს კი ცხოვრებაში საკმაოდ იოლი აღსასრულებელია. უფლის რწმენა გამოიხატება იმით, თუ როგორ წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას. თუკი მას იერარქიული პრინციპით წარვმართავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას - დედ-მამას, და-ძმას, მეუღლეს, შვილებს, მეგობრებს, ნათესავებს, და რაც მთავარია, ღმერთს - თავ-თავისი კუთვნილი პატივი მივაგოთ, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ვართ მორწმუნენი ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის. ადამიანის ყოველგვარი უბედურების სათავე ის არის, რომ მის ცხოვრებაში აღრეულია იერარქიულობის პრინციპი და ღმერთი, როგორც წესი, ბოლო ადგილზე დგას (თუკი აღმოჩნდა საერთოდ მისი ადგილი). ამ გაგებით, უმადურობაა ყველაზე დიდი დაცემა ადამიანისა. ამგვარი ადამიანი განსაცდელის დროს ხშირად წამოიძახებს ხოლმე: "რა დავაშავე, ღმერთო?! ამის ღირსი ვიყავი?!" უბედურების მიზეზს ის ეძებს არა საკუთარ თავში, არამედ სხვაში. უფრო მეტიც - ყოველგვარ უბედურებას თვით ღმერთს მიაწერს, ისევე, როგორც მოიქცა ადამი - იმის მაგივრად, რომ ღვთის მცნების დარღვევა შეენანა, თვით უფალი დაადანაშაულა - იმიტომ ვჭამე აკრძალული ხის ნაყოფი, რომ შენმა მოგვრილმა ცოლმა მაცდუნაო. ამიტომაც დაისაჯნენ პირველი ადამიანები, ამიტომაც ისჯება მთელი კაცობრიობა - საკუთარ ცოდვათა შეცნობისა და განცდის ნაცვლად თავის მართლებას ვიწყებთ და მზად ვართ, ჩვენი დანაშაული სხვას გადავაბრალოთ, თვით შემოქმედსაც კი.

ამგვარი დამოკიდებულება მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროს მოიცავს და ჩვენს მეტყველებაზეც აისახება - გავიხსენოთ გამოთქმები "შემომეჭამა", "შემომაკვდა", "შემომელახა", "გამიტყდა" და ა.შ. ერთმა ჩემმა ახალგაზრდა მრევლმა გამაოცა: "მაპატიე, მამაო, მარხვა შემომერღვაო". ნაცვლად იმისა, ვთქვათ: შევჭამე, მოვკალი, ვცემე, გავტეხე, მარხვა დავარღვიე - რეალური ვითარება დავინახოთ და დამსახურებული პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ, ილუზიებში ცხოვრებას ვამჯობინებთ, სირაქლემას პოზაში ვდგებით და ჩვენს ცოდვას სხვას ვკიდებთ, ცოდვას ცოდვას ვამატებთ, დღითიდღე ვშორდებით ღმერთს და დასაღუპავად ვწირავთ საკუთარ თავს.

ამგვარად მაცხოვრებელ და მოაზროვნე ადამიანს არ უნდა გაუკვირდეს, რომ არ არის ბედნიერი, მიუხედავად გარეგნული წარმატებისა. თუკი ვისწავლით საკუთარ ცოდვათა გამოძიებას, განცდას და მონანიებას, თუკი ღმერთს სათანადო ადგილს დავუთმობთ ჩვენს ცხოვრებაში, ვისწავლით ადამიანებთან, მათ შორის - უახლოეს ნათესავებთან, მოსიყვარულე, კეთილგანწყობილ და არა მგლურ, აგრესიულ ურთიერთობას, თუკი ცხოვრებას იერარქიულად მოვიწესრიგებთ, - განვიცდით, აღვიქვამთ, დავინახავთ, შევიგრძნობთ ამ მოუხელთებელ, ყველაზე ადამიანურ და ჭეშმარიტად საღმრთო ემოციას - ბედნიერებას. და ეს დამოკიდებული არ იქნება მატერიალურ კეთილდღეობაზე, თუმცა ესეც იქნება, რადგან უფალი გვპირდება: მას, ვინც უპირველეს ყოვლისა ეძიებს გზებს სასუფევლისას, სხვას ყველაფერს იესო ქრისტე მისცემს. თუკი ვისწავლით და განვახორციელებთ მარტივ პრინციპს - მივაგოთ ღმერთს ღმრთისა, ვიხარებთ ორსავე სოფელსა შინა.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1